ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე:„თუ აფხაზეთში რაიმე მოძრაობა დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ, ისინი მოჰაჯირების ბედს გაიზიარებენ!“

ვახტანგ ძაბირაძე:„თუ აფხაზეთში რაიმე მოძრაობა დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ, ისინი მოჰაჯირების ბედს გაიზიარებენ!“

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ივერიონს“  რუსულ-აფხაზურ  ურთიერთობაზე, ემზარ კვიციანის  მიმართ გამოტანილ მკაცრ განაჩენსა  და ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ პერსპექტივაზე ესაუბრა.


- ბატონო ვახტანგ, დღევანდელი მწვავე თემა  გახლავთ ის, რომ უკვე მოეწერა ხელი რუსეთ-აფხაზეთს  შორის სამოკავშირეო ხელშეკრულებას . მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ხელოვნური საპროტესტო  აქციით დაკმაყოფილდა. აფხაზთა უხუცესთა საბჭოს პროტესტის მიუხედავად, სამოკავშირეო დოკუმენტის მუხლებში  რუსეთმა არაფერი შეცვალა. რა შედეგი მოჰყვება ამას?


- იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თითქოს შეეძლო გააქტიურებულიყო ან  რაღაც მეტი გაეკეთებინა რუსეთ-აფხაზეთს  შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების ხელის შესაშლელად, არარეალურია, რადგან  რეალობა რაც არის,  აშკარად ვხედავთ.


რუსეთის წინააღმდეგ აფხაზი უხუცესებიც  ვერაფერს გახდებიან, რადგან, თუ აფხაზეთში  რაიმე მოძრაობა დაიწყება რუსეთის წინააღმდეგ,  ის მოხდება,  რაც რუსეთსა და  მოჰაჯირებს შორის მოხდა მე-18 საუკუნეში. ასე რომ,  მათ მიერ რუსეთისკენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა 2008 წლის შედეგებზე   უარესი შეიძლება აღმოჩნდეს!


“ნაციონალური მოძრაობის“  პროტესტი რუსეთ-აფხაზეთს  შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების საწინააღმდეგოდ  არაგულწრფელი იყო. 2008 წლის შემდეგ, მათი მმართველობის დროს, რუსეთის მიმართ სანქციები მალე შეჩერდა და “ნაციონალები“ რომ უკიჟინებენ დღევანდელ  ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯებისკენ, თვიონ რატომ ვერ მოახერხეს რაიმეს შეცვლა?


სხვა საკითხია, როგორ მუშაობს ქართული დიპლომატია. შენი ქვეყნის დიპლომატიის  სააშკარაოზე გამოტანა არაა მომგებიანი ხელისუფლებისთვის. რუსეთს სურს, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი გააერთიანოს. რეალური ნაბიჯების გადადგმის თავი, პოლიტიკური  პროპაგანდის  გარდა,  არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვიყოთ დასავლეთთან,  მაგრამ არა მოწინავე ხაზზე!


- ყბადაღებულია “კვიციანის თემა“. ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი და საზოგადოების ნაწილი მისთვის გამოტანილ განაჩენს მკაცრს და არარეალურს უწოდებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა კოდორის ე.წ. „გმირები“ დაუსჯელად დაპარპაშებენ. რას ნიშნავს ეს - დღევანდელი ხელისუფლება ე.წ. ნაციონალების კურსს აგრძელებს თუ ემზარ კვიციანი ის კერკეტი კაკალია, ხელისუფლებას  მომავალი არჩევნების წინ ხელს რომ შეუშლის?


- მე არ ვარ “ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ პერიოდში კოდორის ხეობაში ყველაფერი კანონიერი იყო. რაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიცი ისაა, რომ კოდორის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირება მართლაც მოხდა. ვერ ვიტყვი,  რომ კვიციანი ამ შემთხვევაში ფრთიანი ანგელოზია. ცენტრალურ ხელისუფლებას ჰქონდა იქ ჯარის შეყვანის უფლება და ეს კვიციანის გადასაწყვეტი არ იყო!


12 წელი თუ ვინმეს ებევრება,  უნდა გაასაჩივროს.


ჩემი აზრით,  შეიარაღებული ფორმირებები არ უნდა წახალისდეს. ცენტრალურმა ხელისუფლებამ  “მონადირე“  თევზაძის  დროს ოფიციალურ სტრუქტურულ გაერთიანებად გააფორმა, რამდენადაც ვიცი, შემდეგ  გააუქმა. თუ გაუქმებული იყო,  მისი აღდგენა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირება დანაშაულია!..


- ემზარ კვიციანის მეგობრები და სამხედრო პირებიც კი მიიჩნევენ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქართულმა სასამართლომ, ფაქტობრივად, დაასამარა. იგივე პრეტენზიები აქვთ პროკურატურის მიმართ. არადა  მთავარ პროკურორს, დღევენდელი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიშნავს.


- სასამართლო ქვეყანაში უნდა იყოს ყველას მიმართ თანასწორი. ის უნდა შესრულდეს, ხოლო  გამონაკლისებს თუ დავუშვებთ, ერთის მიმართ ვიქნებით ლმობიერი,  მეორესთან - არა, ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს ინტერესებს დააზარალებს.  ვინ იცის, კვიციანი შეიძლება პრეზიდენტმაც კი შეიწყალოს და გათავისუფლდეს!

 
- რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ალასანიას, როგორც პოლიტიკურ ლიდერს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. თქვენი აზრი, ის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსია თუ “უცხოეთის“  “დაკვეთას“ ასრულებს?


- ვიცი ერთი რამ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.  ალასანია თუ “დაკვეთას“ ასრულებს, ეს ხელისუფლებამ  უნდა გამოამჟღავნოს!
ის, რომ ირაკლი ალასანიას  დასავლეთის მხარდაჭერა აქვს, როგორც  გამოკვეთილ პროდასავლურ ლიდერს,  ფაქტია. მან  სწორად თუ იმუშავა,  აქვს პერსპექტივა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე  საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ  ძალად ჩამოყალიბდეს. მიუხედავად იმისა, რომ  დაპირისპირება “ნაციონალებსა“ და ხელისუფლებას  შორის ცხადია, “თავისუფალ დემოკრატებს“ ოპოზიციაში დასამკვიდრებლად დიდი მუშაობა მოუწევთ- მათ ადგილს ხონჩით არავინ მიართმევს.  ალასანიას პერსპექტივა და  და ძალა აქვს და კარგი იქნება,  სამომავლო სტრატეგია სწორად ჩამოყალიბოს.


- ირაკლი ალასანიამ კოალიცია “ქართული ოცნება“ დატოვა. იყო თუ არა ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯი?


- როცა ის თავისი ნებით არ გადადგა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ ერთჯერადი ტაქტიკური ნაბიჯი. არადა, მას  ასე უნდა განეგრძო - არ უნდა დაეტოვებინათ კოალიცია და ხელისუფლებასთან დაპირისპირება უნდა  გაეგრძლებინათ შიგნიდან. თავისი ნებით არ უნდა გადამდგარიყვნენ მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. ალასანიამ თუ აიძულა ხელისუფლება გაეთავისუფლებინათ,  მომგებიანი იქნებოდა ასე გაგრძელება. ისინი  იქნებოდნენ რადიკალური ფრთა კოალიციაშივე და აქედან გადავიდოდნენ ოპოზიციაში და გზაფხულზე  პროცესი ოპოზოციონერად ჩამოყალიბებისა დასრულდებოდა.

                                                        ესაუბრა ია ჯღარკავა

25-11-2014, 10:12
უკან დაბრუნება