ივერიონი / გიორგი ბერიძე _ "კაცი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს"

გიორგი ბერიძე _ "კაცი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს"

   2014 წლის 23ნოემბერს, გიორგობა დღეს, კინოს სახლში, ამ ზაფხულს ტრაგიკულად დაღუპული კინოოპერატორის - გიორგი ბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. საღამოს სულისჩამდგმელნი გახლდნენ ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე ნინო მხეიძე და კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე - ნინო ანჯაფარიძე. გიორგი ბერიძე გაიხსენეს მისმა უახლოესმა მეგობრებმა და კოლეგებმა: კახი კავსაძემ, მერაბ კოკოჩაშვილმა, ლანა ღოღობერიძემ, ნანა ჯანელიძემ, გოგა ხაინდრავამ...

   ნინო მხეიძემ აღნიშნა, რომ გიორგი ბერიძეს განსაკუთრებულად უყვარდა გიორგობის დღესასწაული, რომელიც წელს პირველად დადგა მის გარეშე და რომ ეს ის ადამიანი იყო, რომელიც მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ კი არა, სიცოცხლეშიც ძალიან უყვარდათ. ალბათ ამიტომ საღამოს გულწრფელი ცრემლიც ახლდა...

   "გიორგი მართლაც პიროვნება გახლდათ, _ აღნიშნა მერაბ კოკოჩაშვილმა, _ პიროვნება, რომლის როგორც სულიერ, მორალურ, ისე ინტელექტუალურ თვისებებზე მხოლოდ აღმატებით ხარისხში შეიძლება ლაპარაკი. ჩვენ 2009 წელს ერთად ვიმუშავეთ. ეს საკმაოდ რთული ფილმი იყო _ დოკუმენტურიც და  მხატვრულიც, რომელშიც ერთი მხრივ სინამდვილე, მეორე მხრივ კი რაღაც ვიზუალური უნდა შეერთებულიყო და ერთი სიცოცხლე უნდა შეექმნა. ამის გაკეთება არ იყო ადვილი, თუმცა გიორგიმ ეს შეძლო _ არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას ფერადი საღებავებით, ფერადი ფანქრებით თუ კალმებით, მაგრამ მან იცოდა, სად რა უნდა ყოფილიყო ფერადში - რაღაცნაირად გაგებული მის მიერ..."

   "ეს იყო ყველაზე მაღალი რანგის პროფესიონალი, ყველაზე მაღალი რანგის ადამიანი. მასთან მუშაობა ახარებდა ადამიანს. ეს იყო კაცი, რომელიც ასხივებდა სიკეთეს. მისი დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია ქართული კინოსათვის", - აღნიშნა კახი კავსაძემ.

   ლანა ღოღობერიძემ მას "სულის კინემატოგრაფისტი" უწოდა, გოგა ხაინდრავამ - ყველაზე ძლიერი კინემატოგრაფისტი თანამედროვე საქართველოში, გულისტკივილით ისაუბრა ნანა ჯანელიძემ - ამ დღეს ყველას უჭირდა იმის დაჯერება, რომ უახლოეს მეგობარზე წარსულ დროში უწევდათ ლაპარაკი ... 

   ამის შემდეგ ნაჩვენები იყო კოლაჟი გიორგი ბერიძის მიერ გადაღებული ფილმებიდან და მარატ სარულუს ფილმი "სამხრეთის ზღვების სიმღერები" (2008 წ.).

   პ.ს. როგორც იცით, გიორგი ბერიძე ამ ზაფხულს ზღვაში დაიხრჩო. ეს ელდა იყო ყველასთვის, ვინც კი მას იცნობდა. მეც მხვდა წილად ბედნიერება, მცნობოდა ასეთი შესანიშნავი ადამიანი: რამდენიმე წლის წინ, ჩემი ხელმძღვანელისა და გაზეთ "კულტურის" რედაქტორის - ნინო მხეიძის დავალებით ბ-ნ გიორგისთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი და ჯერ მარტო გარემოთი (მის სახლში რომ სუფევდა), მერე კი თბილი ღიმილიანი სახის მიხედვით მაშინვე მივხვდი, რამდენად თავმდაბალ ადამიანს ვესაუბრებოდი, რომ აღარაფერი ვთქვა მის პროფესიონალიზმზე, რაზეც დღევანდელ დღესაც  არაერთხელ ითქვა.

   სწორედ ამიტომ, არ შემეძლო, გამომეტოვებინა ეს საღამო, ეს ხომ სულ მცირედი რამ იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო იმის პასუხად, რაც ამ ადამიანისაგან სასიამოვნო და, ამავე დროს, ტკივილიან მოგონებად დამრჩა. 

 

 

                                                                                              შორენა როსტომაშვილი

 

25-11-2014, 10:47
უკან დაბრუნება