პეტრე კოზლოვი
(შემოკლებით)
რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და რაულ ხაჯინბამ ორშაბათს, სოჭში, ხელი მოაწერეს მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელმაც 2008 წელს გაფორმებული მეგობრობის ხელშეკრულება უნდა შეცვალოს.
ამ ახალი ორმხრივი დოკუმენტით აფხაზეთი რუსეთისგან სამი წლის მანძილზე, ყოველწლიურად დაახლოებით 4 მილიარდი რუბლის დახმარებას მიიღებს სოციალურ-ეკონომიკური განვიტარებისთვის და კიდევ ხუთი მილიარდი რუბლი გადაერიცხება ხელშეკრულების რეალიზებასთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის.
ხელშეკრულების პირველი ვერსია მოსკოვმა სოხუმს ჯერ კიდევ ოქტომბერში გადასცა, ნოემბრის შუახანებში კი სოხუმმა რუსულის საფუძველზე თავისი ვარიანტი მოამზადა, რომელშიც რამდენიმე დებულება შეცვალა. კერძოდ, რუსულიდან ამოღებული იქნა ტერმინი „ინტეგრაცია“ და ჩაიწერა „სტრატეგიული პარტნიორობა“, „შეთანხმებული საგარეო პოლიტიკა“ შეიცვალა „კოორდინირებულით“, „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“ კი „საერთო ეკონომიკური სივრცით“.
აფხაზეთი შეეცადა ხაზი გაესვა, რომ საქმე ეხება არა იმდენად ინტეგრაციას, არამედ მოკავშირეობას. ტერმინ „ინტეგრაციას“, აფხაზების აზრით, ცოტა სხვაგვარი შინაარსი აქვს და თითქოს „შთანთქმას“ გულისხმობს.
„ვედომოსტთან“ საუბრისას ერთ-ერთმა კომპეტენტურმა პირმა რუსეთის მთავრობიდან, რომელიც ხელშეკრულების პროექტის განხილვაში მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ შესწორებები ძირითადად სტილისტური ხასიათისაა, რადგან ყველა საბაზო დებულება, რომლებიც თავდაცვის სფეროს, საზღვრების დაცვას და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ეხება, დოკუმენტის ტექსტში შენაჩუნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელშეკრულება „რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად“ შეაფასა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ აღნიშნა „ვედომოსტთან“ საუბარში, ეს დოკუმენტი რეგიონში იმ სტატუს-ქვოს ცვლის, რომლის შენარჩუნებას საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა დაძაბული შიდაპოლიტიკური სიტუაციის განეიტრალების მიზნით: ახლა რჩება მხოლოდ საზღვრისპირა რაიონების ბლოკადა, რაც აფხაზეთის მოსახლეობას პრობლემებს შეუქმნის. წყაროს თქმით, რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებამ მთავრობის ოპოზიციონერთა გააქტიურება გამოიწვია და, ალბათ, საპროტესტო აქციები კიდევ იქნება. ამასთან, რუსეთთან არსებული დონის ურთიერთობების შენარჩუნება აუცილებელია.
„ობიექტურები თუ ვიქნებით, უნდა ვთქვათ, რომ აფხაზეთი უკვე სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომაც ყოველი ხელშეკრულების დადება - ეს მოსკოვისა და სოხუმის საქმეა, თბილისის სამწუხაროდ, - ამბობს „ვედომოსტთან“ საუბარში რუსი ანალიტიკოსი, - საქართველოს ისტერიკა უკვე ისეთი „დაღლილი“ იყო, რომ აშკარაა, რომ თბილისი უკვე შეურიგდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას“. მისი თქმით, ხელსეკრულების გაფორმება რუსეთის რეაქციაა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაზე: „ჩვენი ძალისხმევაც უსაფრთხოების განმტკიცებისკენაა მიმართული. რაც არ უნდა გააკეთოს რუსეთმა, დასავლეთის პასუხი მაინც სანქციები იქნება, ამიტომაც ამგვარ საკითხებში დასავლეთისკენ გახედვა რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„ვედომოსტი“ (რუსეთი), 25 ნოემბერი, 2014 წელი
http://www.vedomosti.ru/newspaper/article/798111/partnerstvo-bez-oglyadki