ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, ის დევნილები, რომელნიც შეჭრილები არიან სხვადასხვა დაწესებულებაში, თუ ნებაყოფლობით არ დატოვებენ დაკავებულ ფართებს, პროცესში პოლიცია ჩაერთვება და ფართების გათავისუფლება მისი დახმარებით მოხდება.
"პირელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა დაწესებულებაში დევნილთა მასობრივი შეჭრები დაიწყო. სამწუხაროდ, ეს მოვლენა დღემდე გრძელდება. ამ დროის მონაცემებით, ისინი 51 ობიექტში არიან შეჭრილნი და მათი საერთო რაოდენობა 1 941 ოჯახს შეადგენს. ჩვენ მათ 6 ნოემბერს ათდღიანი ვადა მივეცით იმისთვის, რომ ფართები ნებაყოფლობით დატოვონ. სამინისტრომ უკვე მოიძია ალტერნატიული ფართი მათთვის, ვისაც ამის გადაუდებელი აუცილებლობა აქვს და თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ადგილებს შევთავაზებთ, ხოლო დანარჩენებს მოუწევთ დაბრუნდნენ იქ, სადაც აქამდე ცხოვრობდნენ", - განაცხადა მინისტრმა.
"სამინისტროს იმის ზუსტი სტატისტიკა არ აქვს, დევნილთაგან სინამდვილეში რამდენს არ აქვს საცხოვრებელი ფართი. მათ ბინები საკუთარ სახელზე არ აქვთ გაფორმებული და ამას საჯარო რეესტრით ვერ ვადასტურებთ, ამიტომ გარკვეული საქმეები შს სამინისტროს გადაეგზავნა, რათა ამის გამოკვლევა მოხდეს", - განმარტა მინისტრმა.