"მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მზად ვარ ვითანამშრომლო და ვისაუბრო ყველასთან, ვისაც აქვს დიალოგის და ჩვენი ქვეყნის წინსვლის სურვილი" _ ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტს _ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
დავიწყოთ იმით, რის გამო გრძნობს პასუხისმგებლობას ბატონი პრეზიდენტი _ იმის გამო, რომ მისი ზეობის პერიოდში ქვეყანა უზნეობის, უფსკრულში ჩაიძირა და დაშინებულ-დაჩაჩანაკებულ თანამემამულეებს პურიც კი ენატრებოდათ, თუ იმის გამო, რომ "ნაციონალებმა" პარლამენტში დემარში მოაწყვეს და დაიმუქრნენ: თუ ჩვენს ენაზე არ დაგველაპარაკებით, იქ ფეხსაც არ შევდგამთო.
საზოგადოება მოუთმენლად ელოდა ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე პრეზიდენტის რეაქციას, თუმცა მის განცხადებებში ახალი და განსხვავებული არაფერი ყოფილა _ როგორც მის ხასიათშია ხოლმე, იგი ამაყობს 1 ოქტომბრის თავისუფალი არჩევნებით და "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას შეახსენებს _ ახალ მთავრობას ამუნათებს, თქვენ ხალხს უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება საპროცენტო განაკვეთებისა და ტარიფების შემცირება შეპირდით და უახლოეს პერიოდში უნდა შეასრულოთო.
დაპირებები რომ უნდა შესრულდეს ცხადია, მაგრამ ამას გარკვეული დრო და სათანადო რესურსების მოძიება რომ სჭირდება, საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა ავიწყდებოდეს!
რა ქნას, ეჩქარება პრეზიდენტს _ ამდენი გაჭირვებული ხალხის შემხედვარეს ლამისაა ცრემლებიც გადმოუგორდეს თვალებიდან. ახლა, როცა თავი გარკვეულ ჩარჩოებში იგრძნო, ეტყობა, ბევრ რაღაცაზე ჩაფიქრდა, ეტყობა კალეიდოსკოპივით გაირბინეს მისი და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილმა დანაშაულებებმა და თავი რაღაცით ხომ უნდა მოგვაწონოს?! გადავირიე პირდაპირ! სააკაშვილს მწვავე საპარლამენტო დებატები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია მონატრებია თურმე. ჯიბის სასამართლოს და კონტროლირებად მედიას თავისუფალი სასამართლო და ობიექტური ჟურნალისტიკა რომ სჯობს, ჩვენს ვიცოდით, მაგრამ ვინ გვისმინა _ გახსოვთ ალბათ, სააკაშვილმა თავის ჩინოვნიკებს ქართული გაზეთების კითხვაც კი აუკრძალა!
სააკაშვილი თავის განცხადებაში შეიარაღებული ძალების პატივისცემაზე საუბრობს და შეშფოთებულია აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის _ გენერალური შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძის დაპატიმრების პერიპეტიებით, რომელიც "არ შეესაბამება ოფიცრის ღირსებას".
მისთვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა "ტელევიზიის საქმიანობაში იმ ფორმით ჩარევა, როგორიც პირდაპირ განცხორციელდა დღევანდელი დღიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ". ვინ ვინ და ქვეყნის პრეზიდენტი, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის გარანტი, ასე არ უნდა შეწუხებულიყო და ტელეკომპანიის ფინანსური შემოწმება თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევად არ უნდა დაეკვალიფიცირებინა. ეტყობა, საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალმა სიომ ჯერ კიდევ არ დაჰბერა და "ნაცმოძრაობას" თავის დასაყრდენად სწორედ ეს ტელეკომპანია ეგულებოდა. როგორია, ესეც რომ გამოვაცალეთ ხელიდან!
პრეზიდენტი ასევე შეშფოთებულია იმ "მოწოდებებისა" და "კონკრეტული გეგმების" გამო, რომელიც უსახური და უფუნქციო შენობების დანგრევას უკავშირდება: "ჩვენ არა მხოლოდ არ უნდა დავანგრიოთ აშენებული, არამედ უნდა ავაშენოთ ახალი და უკეთესი". გეთანხმებით, ბატონო პრეზიდენტო, დანგრევას აშენება ნამდვილად სჯობს, მაგრამ იმასაც გააჩნია, რას ვაშენებთ. ისე, წინასაარჩევნო მუქარა ხომ არ გაგახსენდათ, "ჩვენს აშენებულ ქვეყანას არავის დავანგრევინებთო". რას იზამთ თქვენთვის უკუღმა რომ დატრიალდა ისტორიის ჩარხი. რაც ადრე შეეგუებით, მით უკეთესი თქვენთვის და ქვეყნისთვისაც. ისე, დასანგრევი უნდა დაინგრეს. უნდა შეეგუოთ იმასაც, რომ თქვენი და თქვენი გუნდის გემოვნება სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ვერ ჯდება ქართველი კაცის გემოვნებაში.
სააკაშვილი მინიშნებას საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ჩატეხილ ხიდზე აკეთებს და უმრავლესობას ურჩევს მოიძებნოს თანამშრომლობის სწორი ფორმა ამ ორ ინსტიტუციას შორის.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, იგი ვერ ეგუება მისი უფლებამოსილების შეკვეცას რეგიონულ დონეზე და ახალ მთავრობას ურჩევს თვითმმართველობებს კი არ უნდა დაემუქრონ, არამედ "მეტი თვითთმართველობა გააჩინოს"!
მიგიხვდით ბატონო მიხეილ, ძალიან რომ შეწუხებულხართ ადმინისტრირების ბერკეტის ჩამორთმევით, მაგრამ როგორ შეასრულოს ახალმა მთავრობამ დაპირებები, თუ ადგილებზე მას არ მოუსმენენ?!
ბატონი პრეზიდენტი ძალიან შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ ახალმა მთავრობამ "ნაციონალებზე" შეტევა ნატოს მინისტერიალის წინ დაიწყო. ის შიშობს, რომ ეს პროცესი ნატოში ინტეგრაციას შეუძლის ხელს. ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით ბატონო პრეზიდენტო _ ნატოსაც და ევროსტრუქტურებსაც ახალ მთავრობასთან უფრო სურს ურთიერთობის დალაგება, ვიდრე ძველ, გაცვეთილ წარმავალ ხელისუფლებასთან.
ერთი სიტყვით, ბატონი სააკაშვილი მომავალზე ფიქრით ძალიან შეწუხებული და დაღონებულია, ეტყობა ღამეებიც არ სძინავს. იმასაც არ გამოვრიცხავ, მომავალი ოფიციალური განცხადების გაკეთების დროს თვალებიდან ცრემლის კურცხალი არ გადმოუგორდეს!
ოღონდ, სააკაშვილის ცრემლებს ნუ დამანახებთ და...
ზაურ ნაჭყებია