ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი: ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს უმნიშვნელოვანესია!

თამარ ბერუჩაშვილი: ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს უმნიშვნელოვანესია!

     "ბოლოდროს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები ყველა დონეზე იქნება განხილული"- განცხადება ამის შესახებ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტამარ ბერუჩაშვილმა  პრეზიდენტის სასახლეში  ლატვიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა. 

 

   მისივე თქმით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კონკრეტული ნაბიჯები რიგის სამიტზეა მოსალოდნელი.


"რასაკვირველია, დეტალურად იქნება განხილული რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა და ყველა ის გამოწვევა, რაც არის. ასევე, ყველა დონეზე იქნება განხილული ბოლოდროინდელი  მოვლენები აფხაზეთში. ლატვიისა და ზოგადად ევროკავშირის სოლიდარობა უკვე გამოხატული იყო კონკრეტული განცხადებებით. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, რომ გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ფორმატი",- განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისი თქმით, ლატვიის მრავალრიცხოვანი დელეგაცია მოწმობს, რომ არის სერიოზული ინტერესი და შესაძლებლობა, გამოვიყენოთ ასოცირების ხელშეკრულებით მონიჭებული შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებაში.

"ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია. ამ თემების ყველა დონეზე განხილვის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, იქნება კონკრეტული შედეგები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები",- განაცხადა ბერუჩაშვილმა.


26-11-2014, 12:03
უკან დაბრუნება