სახალხო დამცველი ქსანში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის რწმუნებულებმა, შეტყობინების მიღების საფუძველზე, 2014 წლის 25-26 ნოემბრის ღამეს ვიზიტი განახორციელეს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში, პატიმარ ა.ჭ-ს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. გარდაცვალების ანამნეზის მიხედვით, მსჯავრდებული საკანში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ყელის არეში, უფრო მეტად მარჯვნივ აღენიშნებოდა სტრანგულაციური ნაჭდევი, საძილე არტერიებზე პულსაცია არ აღენიშნებოდა, გულის ტონები არ ისმინებოდა, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაციული ღონისძიებები. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლის ფუნქციის აღდგენა ვერ მოხერხდა. ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა 20:40 საათზე, სავარაუდო Dშ ასფიქსია. არ ფიქსირდება #15 დაწესებულებაში მედიკამენტების მიღების ფაქტიც.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეამოწმეს მსჯავრდებულ ა.ჭ-ს ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი, ასევე, დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა, რომლის მიხედვით, სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში მოთავსებისას ექიმისთვის რაიმე სახის ჩივილებით მსჯავრდებულს არ მიუმართავს. თუმცა, მსჯავრდებულ ა.ჭ-ს სამედიცინო ბარათის მიხედვით, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ყოფნის (2014 წლის 1 მარტიდან 15 ოქტომბრამდე) პერიოდში, მსჯავრდებული გადიოდა მკურნალობას, მათ შორის, გაწეული აქვს ექიმ-ფსიქიატრის კონსულტაციები 2014 წლის ივნის-ივლისში.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის დეტალების შესწავლას და დამატებითი მასალების მოძიების შემდგომ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამის ორგანოებს და საზოგადოებას.