ივერიონი / დასავლეთი გმობს რუსეთი ანექსიას აგრძელებს!

დასავლეთი გმობს რუსეთი ანექსიას აგრძელებს!

„ევროკავშირმა, ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოს და დაგმეს რუსეთ-აფხაზეთის „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება, რომელსაც თბილისი მოსკოვის მიერ სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთის „ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად“ მიიჩნევს“, - ნათქვამია ირლანსიაში, დუბლინში გამომავალ გაზეთის სტატიაში (ავტორი - დენიელ მაკლაფლინი).


პუბლიკაციაში გადმოცემულია ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას მიერ ხელმოწერილი ორმხრივი დოკუმენტის ძირითადი დებულებები, მიმოხილულია აგრეთვე მხარეთა განცხადებებიც. ავტორი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლის თანახმად, აფხაზეთს დახმარება გაუორმაგდება.


კავკასიის მთების ჩრდილქვეშ მდებარე საქართველოს სუბტროპიკული პროვინცია, პალმებიანი პლიაჟებით და ნახევრადმიტოვებულ-დანგრეული სოფლებით, 1990-იანი წლების სისხლიანი ომის შედეგად თბილისის მმართველობიდან გავიდა. კრემლმა მისი დამოუკიდებლობა კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონთან - სამხრეთ ოსეთთან ერთად აღიარა, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ.


რუსეთის მაგალითს მიბაძეს მხოლოდ ნიკარაგუამ და ვენესუელამ, აგრეთვე ნაურუმ - წყნარი ოკეანის ციცქნა კუნძულოვანმა სახელმწიფომ. აფხაზეთი არ აღიარეს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებმაც კი, რომ არაფერი ვთქვათ დასავლეთის სახელმწიფოებზე. ამ სეპარატისტულ რეგიონში დღეს რუსეთის ჯარებია დისლოცირებული.
რუსეთმა თავისი გავლენა ამ პროვინციაზე გააძლიერა გასულ ზაფხულს, როცა ქუჩის მიტინგების შედეგად არჩევნები ჩატარდა და პრეზიდენტად რაულ ხაჯიმბა აირჩიეს. იგი, ისევე როგორც ვლადიმერ პუტინი, საბჭოთა უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ჩინოვნიკი იყო.


ამ ხელშეკრულებამ გარკვეული შიში გააჩინა დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებში და რუსეთის მეზობლებში იმპერიის შესაძლოა აღდგენის საფრთხესთან დაკავშირებით. ეს ხდება სულ რაღაც რვა თვის შემდეგ იმ დროიდან, როცა რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის - შავი ზღვის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნული  ხელშეკრულება „რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად“ მიიჩნია, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე, ასევე უფრო ფართო კონტექსტით - ევროპულ უსაფრთხოებაზე.


ბრიუსელმა და ვაშინგტონმა დაგმეს სოჭში ხელმოწერილი რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, რომელმაც, თავის მხრივ, გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია თვით საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორისაც: მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მთავრობა რუსეთის მიმართ შემრიგებლურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, იმავდროულად კი დასავლეთთან ინტეგრაციისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „რეინტეგრირების“ გააქტიურება მოსთხოვა.


„აირიშ თაიმსი“ (ირლანდია), 26 ნოემბერი, 2014 წე;ლი
https://www.irishtimes.com/news/world/europe/west-backs-georgia-as-russia-stokes-new-annexation-fears-1.2014756

26-11-2014, 16:55
უკან დაბრუნება