ემზარ კვიციანის განაჩენს ბევრი ადამიანი არ შეეგუება. აღნიშნული განცხადება "სახალხო კრების" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა დღეს გამარტულ კონფერენციაზე გააკეთა.
"არ ვიცი სააპელაციო სასამართლო რას იზამს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ვეტერანები, კოდორის ხეობის მცხოვრებლები, კვიციანის მეგობრები და მხარდამჭერები ამას არ შეეგუებიან. "ქართულმა ოცნებამ" თავის მხარდამჭერებში ამ ნაბიჯით დიდი იმედგაცრუება გამოიწვია. აქციები რა მასშტაბებს მიიღებს, არ ვიცი, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო გართულდება. ვისაც ემზარ კვიციანისთვის გული შესტკივა, არავინ გაჩერდება", - განაცხადა ბათიაშვილმა.
ბათიაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ქმედებით გაოგნებულია.
"ბევრი ამბობს, რომ ეს განაჩენი სასამართლომ გამოიტანა. ასეთი საუბრები "ნაციონალური მოძრაობიდან" გვახსოვს. დამოუკიდებელი სასამართლო ემზარ კვიციანს 12-წლიან პატიმრობას არ მიუსჯიდა. თუ ეს ასე დარჩა, ამ ხელისუფლებისთვის ყოველთვის სამარცხვინო ლაქა იქნება", - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.
შეგახსენებთ, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ემზარ კვიციანს თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა.