ივერიონი / თამარ ბერუჩაშვილი: შექმნილი პრობლემის დარეგულირებაზე მშვიდობიანი გზით უნდა ვიმუშაოთ!

თამარ ბერუჩაშვილი: შექმნილი პრობლემის დარეგულირებაზე მშვიდობიანი გზით უნდა ვიმუშაოთ!

     როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ქართული დიპლომატია მობილიზებულია, რათა რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ე.წ ხელშეკრულების დასაგმობად მაქსიმალური მხარდაჭერა მოიპოვოს.


   საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადებით, ქართული მხარის პოზიციაა, შექმნილი პრობლემის დარეგულირებაზე მხოლოდ მშვიდობიანი გზით იმუშაოს.

"საგარეო პოლიტიკა, ქართული დიპლომატია მობილზიებულია, რომ მაქსიმალურად მოვიპოვოთ შესაბამისი მხარდაჭერა, გამოვიყენოთ ამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად ყველა ფორმატი, რაც შეიძლება ხმამაღლა ვისაუბროთ ბოლო დროინდელ მოვლენებზე, ქვეყანაში და რეგიონში არსებულ საფრთხეებზე. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ხაზს ვუსვამ, ჩვენი ამოცანაა, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობით ვიმუშაოთ ამ პრობლემების გადასაწყვეტად", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.


 როგორც ბერუჩაშვილი აცხადებს, პრაქტიკულად არ არის დარჩენილი არც ერთი პარტნიორი ქვეყანა,  რომელსაც აღნიშნული ე.წ. ხელშეკრულება არ შეეფასებინოს, როგორც უკანონო, სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი.

"დღევანდელი დღე ვენაში დაიწყო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას გამოსვლით, რომელიც გუშინ სპეციალური მისიით გაემგზავრა, რათა გამოიყენოს ეს ფორმატი ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად. გუშინ გამოსვლა ჰქონდა ჩვენს ელჩს ევროპის საბჭოს მინისტრების მოადგილეების კომიტეტზე. ამ გამოსვლამ მოიპოვა ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. პრაქტიკულად, არ დარჩენილა არც ერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა თუ ორგანიზაცია, რომელმაც არ დაგმო რუსეთის ეს ქმედება და არ შეაფასა მისი ნაბიჯი, როგორც სერიოზული საფრთხე რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის განვითარების მიმართულებით. ქართული სახელმწიფოს პოზიციაა, გამოიყენოს ყველა საშუალება და მხოლოდ მშვიდობიანი გზით იმუშაოს ამ საკითხის დარეგულირებაზე. პროცესი არის რთული, ხანგრძლივი, საჭიროებს დიდ მოთმინებას, გონიერებას და ამასთან ერთად გაათმაგებულ დიალოგს საერთაშორისო თანამეგობრობასთან", - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

27-11-2014, 13:32
უკან დაბრუნება