სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამი ახალი საწარმოს პროექტი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 28 ნოემბრის სხდომაზე.
ქუმსიშვილის განცხადებით, 35 ადამიანი დასაქმდება შპს "სოლიდორთის" საწარმოში, რომელიც სამედიცინო-ორთოპედიული დანიშნულების სხვადასხვა პროდუქციას გამოუშვებს. ამ სახის პროდუქტი, დღეს არსებული მდგომარეობით, საქართველოში აშშ-დან, საფრანგეთიდან და თურქეთიდან შემოდის. აღნიშნული საწარმოს შესაქმნელად კომპანია "სოლიდორთს" სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გადასცა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაგიჭალაში მდებარე 4142 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ოთხი შენობა, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" პირობების მიხედვით. კომპანია სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ განახორციელებს 144 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას, ხოლო საწარმოს შექმნას და ამუშავებას ორ წელიწადში უზრუნველყოფს. "სოლიდორთის" მიერ წარმოდგენილი პროექტით, პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო წარმოების დაწყებიდან მაქსიმუმ 8 თვის ვადაში იგეგმება ექსპორტზე გატანაც.
სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში იქმნება ასევე მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის მეხორცული მიმართულების საწარმო, რისთვისაც შპს "ტოროს" სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხში მდებარე 10 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა (ფერმა).
ასეთივე მიმართულების საწარმო შეიქმნება ქალაქ თეთრიწყაროშიც, რისთვისაც შპს "აგრიქალჩარ ინვესტმენტ გრუპ ჯორჯია" 897 200 ლარს დახარჯავს.