ივერიონი / გახდება თუ არა რკინიგზელთა გაფიცვა დაპირისპირების საგანი

გახდება თუ არა რკინიგზელთა გაფიცვა დაპირისპირების საგანი

  მესამე დღეა რკინიგზელთა ნაწილი ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცულია. ამ ფაქტს უკვე მოჰყვა შეფასებები და გამოხმაურებები არასამთავრობოების თუ პოლიტიკოსების მხრიდან.

   "საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების"  ხელმძღვანელის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას ინფორმაციით, გაფიცულ რკინიგზელებს ყოფილი პოლიტპატიმრები მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ემუქრებოდნენ. მისი ინფორმაციით,  თბილისის სალოკომოტივო დეპოში რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა. ისინი ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებთან ერთად მივიდნენ და შეეცადნენ, პროვოკაცია მოეწყოთ რკინიგზის გაფიცული თანამშრომლებისთვის.

-"თანამშრროლმებს ეუბნებოდნენ,  ირაკლი პეტრიაშვილს ფეხებით ჩამოვკიდებთო! პირადად ლევან გოგიჩაიშვილი და მელორ ვაჩნაძე ემუქრებოდნენ რკინიგზის გაფიცულ თანამშრომლებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდნენ. ცხადია, ახალი სახელფასო სისტემა მთავრობის მოსაგვარებელია. მართალია დეპარტამენტი ყველას უმტკიცებს, რომ ახალი სახელფასო სქემა დაკლებას არ ითვალისწინებს, თუმცა, ამაზე პირობას არავინ არ გვაძლევს",- განაცხადა  გოჩა ალექსანდრიამ.

 

 

    პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილის გოჩა ალექსანდრიას განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი ეხმაურება და აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებს. 

   -"როგორც ეს ადამიანი ამბობს, მე მივედი საპატრულო ეკიპაჟთან ერთად და ვემუქრებოდი გაფიცულ ადამიანებს. მთელი ჩემი ახალგაზრდობა და შეგნებული წლები ვიცავ ადამიანის უფლებებს. ვიცავ ადამიანის უფლებებს უანგაროდ და მათი უფლებების გამო ძალიან ბევრჯერ მომხვედრია და ძალიან ბევრი ტკივილი მინახავს პირადად ჩემს ცხოვრებაში. არასდროს არ მივლია საპატრულო ეკიპაჟთან ერთად და არ მიმიღია მონაწილეობა სადამსჯელო ღონისძიებებში. როგორც წესი, ეს ყოველთვის პირიქით ხდებოდა ჩემს მიმართ და ჩემს წინააღმდეგ.

   მე და მელორ ვაჩნაძე ვიყავით მისული გუშინ ღამით, იმიტომ, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სანთელს ანთებს კამერების წინ. ზუსტად იმ დროს მივედით, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდათ ამ ადამიანებს. მივედით მათგან ინფორმაციის მოსასმენად. სწორედ ამ ადამიანებისგან იყო მოწოდება, რომ დავინტერესებულიყავით არასამთავრობო ორგანიზაციები მათი ამბით.

   ჩვენს მისვლას დაემთხვა დათო ცაგურიას მისვლაც. მათ ჰქონდათ ცალკე შეხვედრა აქციის მონაწილეებთან. მე მქონდა ცალკე შეხვედრა. გოჩა ალექსანდრიამ რომ დაინახა, მე ამ ადმაიანებს ვხვდებოდი, ისტერიკაში ჩავარდა და დაიწყო ყვირილი, რომ ვითომ მე მას ვემუქრებოდი"- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

 

 

   ლევან გოგიჩაიშვილი მოითხოვს, "წერტილი დაესვას" პროფკავშირებს და აქვე აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა პროფკავშირების წარმომადგენლებს ეხებათ და არა ზოგადად იდეას.

 

   შეგახსენებთ, რომ რკინიგზელთა გაფიცვას გამოეხმაურა არასამთავრობოთა  კოალიცია "უფლებადამცველის" წარმომადგენელი ალექსანდრე ახალკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს პროცესები იმართება "ნაციონალური მოძრაობის", კერძოდ კი გიგა ბოკერიას მიერ.

 

 

29-11-2014, 09:36
უკან დაბრუნება