რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმის მეთაურს შორის 2014 წ. 24 ნოემბერს ხელმოწერილი ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების" თაობაზე საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები ითვალისწინებენ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 17 ოქტომბრის განცხადებას, რომლის მიხედვით, ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ძირძველი კუთხის - აფხაზეთის - სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი;
სოჭში გაფორმებულ ე.წ. "ხელშეკრულებას", აფასებენ, როგორც თბილისსა და სოხუმს შორის ნდობის აღდგენისა და ურთერთობების განახლების პროცესის ხელშემშლელ აქტს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ოკუპაციის განმტკიცებას ემსახურება და განიხილავენ მას, როგორც საქართველოს სუვერენული არჩევანის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, უკანონოდ ცნობენ ე.წ. "ხელშეკრულებას" ისევე, როგორც რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის დეფაქტო რეჟიმს შორის 2008 წლიდან დღემდე გაფორმებულ სხვა "შეთანხმებებს".
ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაცია მუდმივად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს კონსტიტუციას, გაერო-ს წესდებას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივად მიერთებისათვის უკანონო სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური "საფუძვლების" მომზადებით გამოიხატება.
აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია ორი ქვეყნის გრძელვადიანი ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის, კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს დამკვიდრებისათვის.
გმობენ აფხაზეთის დეფაქტო რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ე.წ. "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ხელშეკრულებას, ვინაიდან იგი:
- წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის განმტკიცებისა და "დაკანონების" მცდელობას, რაც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან და კეთილმეზობლობის პრინციპებთან; - წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს, - არის აშკარა და უხეში გამოწვევა საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ;
-ამძიმებს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას; საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის და საზოგადოების იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობას და განვითარების პერსპექტივას;- ხელს უშლის საოკუპაციო ხაზით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ურთიერთობებს, ისევე როგორც რეგიონის ხალხთა შორის ურთიერთობებს, ნდობის აღდგენასა და სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებას;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:
1. აქტიურად განახორციელოს კოორდინირებული ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო დემოკრატიული
თანამეგობრობისათვის ამომწურავი ინფორმაციის რეგულარულ რეჟიმში მიწოდება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ამ უკანონო ქმედებისა და მისი უარყოფითი შედეგების თაობაზე და ამ მიზნით დაუყოვნებლივ განახორციელოს პირდაპირი კონტაქტები საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებთან და მთავრობის ხელმძღვანელებთან; გააგრძელოს აქტიური კონსულტაციები ევროკავშირთან, სამხრეთ კავკასიაში მის სპეციალურ წარმომადგენელთან და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყველა სხვა თანათავმჯდომარესთან აღნიშნული ფორმატის მაქსიმალური გამოყენების მიზნით;
2. მიმართოს ყველა ღონეს, რათა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების სრულად შესრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ანექსიის პოლიტიკის შეწყვეტის მოთხოვნამ მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთისა და რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში, მათ შორის მწვავედ დააყენოს აღნიშნული საკითხები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე.
3. სრულად აამოქმედოს საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული მრავალმხრივი სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა ბერკეტები და შეაჯამოს რუსეთის ფედერაციასთან ორმხრივ ფორმატში დაწყებული დიალოგის შედეგები და განსაზღვროს აღნიშნული ფორმატის სამომავლო ეფექტიანობის საკითხი.
4. აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო მედიასთან, ანალიტიკურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის საფრთხის აქტუალიზაციის მიზნით;
5. განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება, რათა უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ანალოგიურ ქმედებათა გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ გატარებულ პოლიტიკასა და მოთხოვნებში, თვალსაჩინო ადგილი ეკავოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და მათი ანექსიის საფრთხის საკითხებს;
6. გააძლიეროს ძალისხმევა აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და აფხაზი ხალხის ევროპული პერსპექტივის გასამტკიცებლად, საქართველოს კანონმდებლობისა და შესაბამისი სტრატეგიის ფარგლებში;
7. უზრუნველყოს საერთაშორისო ჩართულობის გაძლიერება, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია და ცნობიერების ამაღლება რუსეთის ანექსიური
პოლიტიკის პირობებში აფხაზი ხალხის იდენტობის, უსაფრთხოების, კანონიერი ინტერესების სრულფასოვანი დაცვისა და განვითარებისათვის.
8. მიმართოს მსოფლიო თანამეგობრობას, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ფაქტობრივიანექსიისკენ გადაგმულ მორიგ ნაბიჯს და გაატაროს კონკრეტული ზომები აღნიშნული უკანონო ქმედებების შესაჩერებლად.
მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების (ნატო) ორგანიზაციას: დროულად დაიწყოს ნატოს კარდიფის სამიტზე მიღებული თანამშრომლობის პაკეტის სრულფასოვანი განხორციელება.
მოუწოდებენ ევროკავშირს:
მაქსიმალურად დააჩქაროს საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი. მათ შორის: - ევროკავშირის ქვეყნების მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაცია;
- 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; - საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება.
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სახელით:
ფრაქცია "ქართული ოცნება" /გ. ვოლსკი/
ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები" /დ. ბერძენიშვილი/
ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორები" /გ. ბუკია/
ფრაქცია "ქართული ოცნება -ეროვნული ფორუმი" /მ. ვახტანგაშვილი/
ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები" /გ. თოფაძე/
ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი დეპუტატები" /კ. ოქრიაშვილი/
ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისათვის" /გ. ენუქიძე/
ქუთაისი
2014 წლის 28 ნოემბერი