ივერიონი / ნინო ბურჯანაძე:-"არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იჩაგრებოდნენ"

ნინო ბურჯანაძე:-"არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იჩაგრებოდნენ"

   "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ წალკაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც საკრებულოს წევრებმა "ქართული ოცნების" მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელს საკრებულოში იური მოდებაძეს.

   როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ცალკეულ რაიონებში კვლავ გრძელდება ფეოდალიზმი და კონკრეტული ფეოდალიზმის  გამოვლინებას ადგილი ჰქონდა გუშინ წალკაში, როდესაც  "დემოკრატიული მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს იური მოდებაძეს თავს დაესხნენ საკრებულოს წევრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან შეისწავლა მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების ტენდერის ფაქტები წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ტენდერი არის ჩატარებული უკანონოდ, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი გაფლანგულია. 

   -"იური მოდებაძეს თავს დაესხნენ საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები და ის ადამიანები, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ადრე გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ეს არის ბატონი საბაძე, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, ახლა კი წალკის გამგებლის ახლობელია.

   სამწუხაროდ ის, რაც წალკაში მოხდა ეს არ არის ერთეული შემთხვევა, საქართველოს ბევრ რეგიონში ნამდვილად გრძელდება ფეოდალური მმართველობა და ეს არის შედეგი იმ კოჰაბიტაციისა, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვია "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, უმკაცრესი ზომები იყოს მიღებული იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით, ებრძვიან სიმართლეს და ებრძვიან პოლიტიკური ოპონენტებს მუშტიკრივით და ძალის გამოყენებით.

ველოდებით გამოძიების შედეგებს და იმედი გვაქვს ეს შედეგები იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე ეს იყო წინა ფაქტთან დაკავშირებით იგივე წალკაში, როცა ჩვენი პარტიის წარმომადგენელს ბატონ ზაურ ფუტკარაძეს ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გამოძიება დღემდე არ არის დამთავრებული. ველოდებით ხელისუფლების უმაღლესი პირების რეაგირებას და ველოდებით იმას, რომ წალკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნება-ნაციონალური მოძრაობიდან" დატოვებს თანამდებობას და მიიღებს იმ სასჯელს, რომელიც რეალურად ეკუთვნის

   ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე ამ ფაქტს, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იჩაგრებოდნენ რომელიმე რაიონში და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში მართლაც აღდგეს სამართლიანობა და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ფეოდალების პარპაში ცალკეულ რეგიონებში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

29-11-2014, 17:13
უკან დაბრუნება