ივერიონი / მანანა ნაჭყებია:-"ზედიზედ ორი წელია წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება"

მანანა ნაჭყებია:-"ზედიზედ ორი წელია წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება"

   "ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას ლარის გაუფასურების გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ დღეს" ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.

   -"ზედიზედ ორი წელია წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება და ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, მთავრობის მიერ არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტის, არასწორი საბიუჯეტო და საფინანსო პოლიტიკის ბრალია. მიმაჩნია, რომ მთავრობის უპასუხისმგებლობა და უნიათობაა, როცა ლარის გაუფასურება წლის ბოლოს პრაქტიკად და ტრადიციად მკვიდრდება და ამის პრევენციას ვერ ახდენ"-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. 

   მისი თქმით, სამწუხაროდ, მთავრობის ეს უნიათობა მოსახლეობის, ბიზნესის ზურგზე გადადის. 

   -"მოსახლეობას ისედაც უჭირს, ინფლაცია ისედაც მათ შემოსავლებს აუფასურებს და ამ დროს კიდევ ასეთი რყევები დამატებითი დარტყმაა თითოეული მოქალაქის ოჯახის ბიუჯეტზე. ცხადია, მაღალანაზრაურებადი და პრემია-დანამატებიანი ხელისუფლების წარმომადგენლები ამას ვერ იგრძნობენ, მაგრამ რა ქნას რიგითმა მოქალაქემ, როცა იმპორტირებული პროდუქცია ძვირდება, ქვეყანაში კი პრაქტიკულად ყველაფერი იმპორტირებულია? რა ქნას ბიზნესმენმა, რომელსაც პროდუქცია შემოაქვს? ეს ხომ დარტყმაა მის ბიზნესზე, რადგან იძულებულია საფასო პოლიტიკას გადახედოს და პროდუქცია გააძვიროს? რა ვქნათ, როცა სწორედ ასეთი პოლიტიკის გამო ვემშვიდობებით ოცნებას ჩვენს ქვეყანაშიც ვიგრძნოთ საწვავის გაიაფების ტენდენცია, რომელიც მთელს მსოფლიოშია?"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

 

29-11-2014, 18:07
უკან დაბრუნება