ივერიონი / ეკა ბესელია: პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო!

ეკა ბესელია: პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო!

 " ორივე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ფარული მოსმენის "გასაღებთან" დაკავშირებით გამოიყენა, არასწორი იყო", - აღნიშნული განცხადება  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ბესელიას თქმით, პრეზიდენტმა მის მიერ შეთავაზებული ინიციატივით ბალანსი თავდაყირა დააყენა.
 
"პრეზიდენტმა პირველი ვეტოთი პარლამენტს კანონის მისაღებად ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა. დღეს გიორგი კვერენჩხილაძემ ძალიან ხშირად აღნიშნა, რომ პროექტის მოსამზადებლად ვადა იყო მცირე და შეუძლებელი იყო საკითხის სიღრმისეულად დეტალებში შესწავლა. ამას აბსოლუტურად ვიზიარებ - საკმაოდ რთული იყო პარლამენტისთვის ერთ თვეში რეგულაციებზე ემსჯელა და ემუშავა. პირველი ვეტო არასწორი იყო", - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას განცხადებით, ერთადერთი მთავარი პრინციპული ცვლილება არის ის, რომ მეორე ე.წ. საკონტროლო პუნქტი, ანუ თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიდან მოსამართლის ხელში გადადის.

"ამით ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების მთავარ ფუნქციას ვზღუდავთ და ის პროცესში არასწორად შემოგვყავს. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის იმ ლოგიკას და არგუმენტებს, რის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილი პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვას არ უჭერს მხარს", - აცხადებს ბესელია.

30-11-2014, 15:51
უკან დაბრუნება