ივერიონი / პოლიტიკური აიწონა-დაიწონა, შოუმენი მარგველაშვილი და ბურჯანაძის მიერ „დამარხული“ უმრავლესობა!

პოლიტიკური აიწონა-დაიწონა, შოუმენი მარგველაშვილი და ბურჯანაძის მიერ „დამარხული“ უმრავლესობა!

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ დღევანდელ ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის „გარდაცვალება“ მიუსამძიმრა. ეს განცხადება მან მოსმენების შესახებ კანონპროექტის კომენტირებისას გააკეთა.

ბურჯანაძე თვლის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ფაქტიურად აღარ არსებობს, იქ ფორმალურად შემავალი სუბიექტები საკუთარი ძალების დემონსტრირებას ახდენენ და მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან.

თუ „ბურჯანაძეს ვერწმუნებით, ქვეყანაში უკვე პოლიტიკური კრიზისია, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობის წინაშე გვაყენებს!

სხვათაშორის, გასულ კვირას მოხმენების შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტის აქილევსის ქუსლად იქცა და კიდევ ერთხე წარმოაჩინა რეალური ვითარება. ნიშანდობლივია ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ე.წ. „ორი გასაღების“ თემა ქვეყანაში არსებული ურთულესი პრობლემების ფონზე და არსებობს თუ არა იდეალური ვარიანტი „მიყურადების სისტემის“ ცივილიზებულ ჩარჩოში მოსაქცევად!

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში კანონპროექტის რამდენიმე ვარიანტი იქნა წარმოდგენილი, უპირატესობა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის ვარიანტს მიენიჭა. თუმცა, კანონპროექტის ავტორთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა - კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და „ახალი ვარიანტი“ შესთავაზა. ოღონდ, ეს „ახალი ვარიანტი“ ჯერ ქაღალდზე გადატანილი არ ჰქონია თურმე და საგანგებო ბრიფინგზე მხოლოდ ზოგადო სიტყვებით შემოიფარგლა.

„გავეტოებული“ პრეზიდენტის თქმით, მის მიერ შემოთავაზებული ვარიანტი დამბალანსებელი იქნება დაცულობას და ადამიანის უფლებებს შორის. კერძოდ, „მიყურადებას განახორციელებენ უფლებამოსილები, ნებართვას, მიყურადების გასაღების გადატრიალებას სასამართლო, ხოლო ზედამხედველობას ამ პროცესზე განახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“.

სასაცილო სიტუაციაში ვიმყოფებით - ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებისადმი (განსაკუთრებით სამართალდამცავი სტრუქტურებისადმი) ნდობის მანდატი ძალიან მწირია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოგისმენს („მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ტურა“) შსს-ს  სასამართლოს ნებართვის გარეშე, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით, მაშინ, როცა დღევანდელი სასამართლოს რეიტინგი (ნდობა) პრაქტიკულად ნულის ტოლია და დღესაც „ნაციონალური“ სასამართლოს იარლიყს ატარებს!

ვერც პერსონალური დაცვის ინსპექტორს, რომელსაც აღნიშნულზე ზედამხედველობა ევალება, ჩამოვიყვანთ მთვარედან - ისიც ქართული რეალობის თანახმად, ვიღაცის ინტერესების გამტარებელი იქნება!

აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს ვის ხელში იქნება ეს „ჯადოსნური“ გასაღები - ვისაც უნდა, როგორც უნდა და როცა უნდა, მაშინ მოგვისმენენ!

მართალია, დანაშაულობათა პრევენციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ფარული მოსმენების პრაქტიკა მსოფლიოში აპრობირებულია, მაგრამ იქ, ჩვენგან განსხვავებით, კანონს სხვა ძალა აქვს და სახელმწიფოს პოლიტიკური ნებაც არსებითად განსხვავებულია!..

სახელმწიფო ღალატის ტოლფასია არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა, რომ ერთი გასაღები უცხო ქვეყნის პროფესიონალურ სამსახურებს (იგულისხმება სპეცსამსახურები) გადავცეთ და ამით დავაბალანსოთ ფარული მოსმენების პრაქტიკა. ჩემი დაკვირვებით, ასო-ების ინიციატივები ასეთ სიტუაციებში ყოვეთვის ანტისახელმწიფოებრივია და სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენაა მიმართული (ეგღა გვაკლია, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ოფიციალურად დავუკანონოთ თავიანთი ჯაშუშური საქმიანობა!).

მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილმა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული - ვეტოს დადების უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენა, ეს რეალურ სურათს არსებითად ვერ შეცვლის!

ექსპერტთა აზრით, ამ ვითარებაში საბოლოოდ დასაშლელად გამზადებულ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევა გაუჭირდებოდა, თუ რა თქმა უნდა, ამ პროცესში ივანიშვილის სახით „მძიმე არტილერია“ არ ჩაერთვებოდა.

მიუხედავად საბოლოო შედეგისა (პარლამენტმა ვეტო დაძლია), ეს არის უნიჭოდ დადგმული შოუ, სადაც მთავარ შოუმენად „გავეტოებული“ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოგვევლინა.

არ ვიცი, რას გულისხმობდა პარლამენტის წევრი ბატონი თამაზაშვილი, როცა ამბობდა, რომ ასეთი ნაბიჯებით მარტველაშვილს ვეტოს დადების უფლებაც ჩამოერთმევა, მაგრამ ამ ყველაფერმა სამარცხვინო ხასიათი რომ შეიძინა, ცხადია!..

ძნელია იმით თქმა, ვინ ისარგებლა ამ აიწონა-დაიწონას თამაშით, მაგრამ დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტი როლი შიშის სინდრომმა ითამაშა - დღევანდელი კანონდებლების ნაწილი შიშობს, რომ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, სადაც მათი ადგილი შეიძლება არც გამოიძებნოს.

არადა, თუ დღევანდელი სიტუაციით ვიმსჯელებთ, არ არის საეჭვო, რომ ისევ მარგინალიზებული პოლიტიკური სუბიექტები მოვლენ ხელისუფლებაში, სადაც მნიშვნელოვან ადგილს დღევანდელი უმრავლესობა-უმცირესობა დაიკავებს!

სამწუხაროდ, საზოგადოებას რეალური არჩევანი არც მომავალ თუ ვადამდელ არჩევნებში ექნება - ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ახალ ძალას, ახალ ენერგიას პოლიტიკური (ამასთან, ფინანსურიც) არტერია გადაუკეტონ და ამოსუნთქვის საშუალება არ მისცენ. ივანიშვილის ფაქტორმა იმდენად დაამძიმა სიტუაცია, რომ მისი „კეთილი ნების“ გარეშე ახალი პოლიტიკური სუბიექტების გაჭაჭანებაც კი შეუძლებელია!..

როგორც ყოველთვის, დღესაც ადგილობრივი ბიზნესი ისევ სირაქლემის პოზაშია და არსებული სტატუს-კვოთი კმაყოფილდება. რაც  შეეხება საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ მილიონერებს, ისინიც ფრთხილად აკვირდებიან პროცესებს და საჭირო დროს ელოდებიან. თუმცა, ისიც კარგად იციან, რომ ივანიშვილის მილიარდებთან „თამაში“ არც თუ ისე ადვილია!

ერთი რამ ფაქტია: ვიდრე, მხოლოდ ფული იქნება ეროვნული პოლიტიკური ძალების ფორმირების მთავარი წინაპირობა, საქართველო ისევ და ისევ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს!

მიუხედავად სირთულისა, გამოსავალი ამ სიტუაციაშიც არსებობს - ეს არის ცოტა ფული და საზოგადოების დიდი ნება - რაც სასურველი რეალობის წინაპირობა იქნება!

დიახ, ვიდრე ამაზე საზოგადოების დაკვეთა არ იქნება, ქვეყანას არც ვადამდელი არჩევნები უშველის და მითუმეტეს, არც „ხავერდოვანი“ რევოლუციები, რომელიც მალამოდ გულზე მხოლოდ რევოლუციონერებს და მათ მხარდამჭერებს ეფონებათ!

ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ მარტო ფიქრი საქმეს ვერ უშველის!

                                                         ზაურ ნაჭყებია

P.S. მარგველაშვილი ამჯერადაც გაწბილებული დარჩა - პარლამენტმა ვეტო დაძლია და იძულებული გახდა საბოლოოდ ვეტოდადებულ კანონპროექტზე მოეწერა ხელი...

ერთი სიტყვით, „ხელის გადაგრეხვის“ პოლიტიკა პირობითად პარლამენტის სასარგებლოდ დამთავრდა, თუმცა, რა შეიცვალა ამ ხელოვნურად აგორებული ისტერიით ქვეყანაში, ვერავინ გვეტყვის!..

დიახ, ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო - ისევ მოგვისმენენ, ისევ დაგვაშანტაჟებენ... ისევ... ისევ... და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ საზოგადოება ხელისუფლების უკონტროლო ქმედებას კონტროლს არ დაუწესებს, სანამ მიწიერი მესიების ძებნას არ შევეშვებით და „მაინც არაფერი შეიცვლებას“ პოლიტიკას სანაგვეზე არ მოვისვრით!

1-12-2014, 11:12
უკან დაბრუნება