თბილისში გამოქვეყნდა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომელშიც გადმოცემულია 2012 წელს, აგვისტოს ბოლოს, ლოპოტის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის ამსახველი მასალები, - წერს სტატიის ავტორი მიხეილ ვიგნანსკი.
როგორც დოკუმენტებითა და მასალებით ირკვევა, 2012 წლის გაზაფხულზე საქართველოს ხელისუფლებამ განიზრახა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში შესაღწევად მებრძოლთა რაზმი მოემზადებინა - როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობა 2008 წელს განცდილი დამარცხების გამო შურისძიებისათვის ემზადებოდა. გეგმის თანახმად, ჩეჩნეთში ყოველთვიურად დაახლოებით 50-მდე კარგად მომზადებული „ბოევიკი“ უნდა გადაესროლათ.
2012 წლის მარტში ევროპაში წასული 120-მდე ჩრდილოკავკასიელი „მებრძოლი“ საქართველოში ჩამოვიდა, რომლებსაც შინაგან საქმეთა იმდროინდელი ჩინოვნიკები შეხვდნენ და საწრთვნელ ბაზებზე გადაიყვანეს.
იმ ხანებში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება გრძნობდა, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას არჩევნებში გამარჯვება შეეძლო... საქართველოში კონცენტრირებულმა ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ ფიქრი დაიწყეს, რომ ვაითუ, იმდროინდელ პრეზიდენტს ისინი რაიმე პროვოკაციულ ქმედებაში გამოეყენებინა. მით უმეტეს, რომ მათი გადასროლა ჩრდილოეთ კავკასიაში ჭიანურდებოდა. 2012 წლის აგვისტოში, როგორც იქნა, რუსეთის (ჩრდილოეთ კავკასიის) ტერიტორიაზე გადასაყვანი სასაზღვრო „დერეფანი“ მომზადდა. „ბოევიკთა“ პირველი რაზმი ლოპოტის ხეობისკენ გაემართა, რომ მოულოდნელად ქართველმა ძალოვანებმა რაზმის წევრებს იარაღის ჩაბარება უბრძანეს და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაყვანაზე უარი განუცხადეს. რატომ მოხდა ასე, ჯერ-ჯერობით უცნობია. ასეა თუ ისე, „ბოევიკები“ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. ატყდა სროლა, რომლის დროსაც რაზმის წევრები და საქართველოს თავდაცვისა და შინაგანს საქმეთა სამინისტროების თანამშრომლები დაიღუპნენ.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 104-გვერდიანი გამოკვლევა საქართველოს პარლამენტს გადასცა და პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას ამ მოვლენების გამოძიება სთხოვა. კომისიის წარმომადგენელმა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, ნატოს ეგიდით მოქმედი ტერორიზმის საწინააღმდეგო სამუშაო ჯგუფის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ „როსსიისკაია გაზეტა“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ისტორია სავსებით თავსდება საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ჩარჩოებში, რომელსაც იმ პერიოდში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა. სწორედ იმ დროს საქართველოს ხელისუფლებამ, ერთად-ერთმა მსოფლიოში, რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა, შექმნა რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდისტული რუსულენოვანი ტელეარხი „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ („პიკ“) და ასე შემდეგ. ამ პოლიტიკის მიზანი იყო ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ანტირუსული განწყობის გაღრმავება.
«Российская газета» (რუსეთი), 2 დეკემბერი, 2014 წელი
http://www.rg.ru/2014/12/01/boeviki-site.html