ივერიონი / რატომ არის ყველაფერში ბჟეზინსკი დამნაშავე და გადაწყვეტს თუ არა რუსეთის ბედს უკრაინა?!

რატომ არის ყველაფერში ბჟეზინსკი დამნაშავე და გადაწყვეტს თუ არა რუსეთის ბედს უკრაინა?!

2014 წლის ნოემბერში სოჭში ჩატარდა „რუსული სამყაროს“ მერვე ასამბლეა, რომლის თემა იყო „კულტურა და დრო“. ჟურნალმა „რუსეთის სტრატეგიამ“ („სტრატეგია როსსიი“) გამოაქვეყნა ამ ღონისძიებაზე გამომსვლელთა სტენოგრამები.


გთავაზობთ ამონარიდებს:
ვიაჩესლავ ნიკონოვი, ფონდ „რუსული სამყაროს“ თავმჯდომარე:
„ცნობილია, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრშია. ეს დიდხანს გაგრძელდება. მაინც რა მოხდა უკრაინაში? გუშინწინ ამ საკითხზე ერთ-ერთ ამერიკელ ბრძენ ექსპერტთან და პოლიტიკოსთან ვსაუბრობდი. გვარს არ დავასახელებ, ისედაც მიხვდებით. მან ასე მითხრა: „ყველაფერში ბჟეზინსკია დამნაშავე... სწორედ მან დაწერა თავის წიგნში „ჭადრაკის დიდი დაფა“ ცნობილი ფრაზა, რომ თუ მოსკოვს უკრაინას წავართმევთ, რუსეთი იმპერია არასოდეს იქნებაო“. არადა, რუსეთის ბედი უკრაინაშია“. ჩემმა მოსაუბრემ განაცხადა, რომ ზბიგნევ ბჟეზინსკი, როგორც ყოველთვის, მართალი არაა, მაგრამ მას მაინც დაუჯერეს. და მიიღეს ის, რაც მიიღეს“.
------------
კონსტანტინ კოსაჩევი, დსთ-ის საქმეებისა და თანამემამულეებთან თანამშრომლობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი:
„რასაკვირველია, უკრაინის ტრაგედია უპრეცედენტოა, თავისი მასშტაბითა და ტრაგიზმის გათვალისწინებით... ემოციებს არ ავყვები, მაგრამ ერთგვარი „დეჟავიუს“ გრძნობა მაქვს, თითქოსდა სადღაც იგივე უკვე ვნახე. შეხედეთ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას, მასში ორი მნიშვნელოვანი ელემენტია: პირველი - საკუთარი რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების უხეში შელახვა, მეორე - ისტორიის ხელახალი გადაწერა, თანამედროვე პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ... უკრაინელებმა ახალი „სიმართლე“ აღმოაჩინეს, შექმნეს ნაცისტთა ჰეროიზაციის მითები და ამ თვალსაზრისით კიევი მიხეილ სააკაშვილის დროინდელ საქართველოსთან და ბალტიიპირეთის რესპუბლიკებთან ერთ რიგში დადგა.... საქართველოზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ უნდა გავიხსენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა... მსგავსი პოლიტიკის გატარება დაიწყეს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებშიც და ასეთი ქმედებით მათ რუსეთისაგან სრულიად ბუნებრივი რეაქცია მიიღეს, ახლა კი საქართველო აცხადებს - რუსეთი გვემუქრებაო. ასეთი ხელოვნურად გამოწვეული მუქარებით [უკრაინა და საქართველო] ნატოსა და ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას იმედოვნებენ. ისინი დაინტერესებულნი არიან რუსეთთან ურთიერთობის ხელოვნური გამწვავებით... მაგრამ დრონი იცვალენ და დღეს ქართული გამოცდილება, ქართული მცდელობა იმისა, რაც ბალტიელებმა გააკეთეს 1990-ანი წლების დასაწყისში, სანუკვარ შედეგს აღარ იძლევა. მე მჯერა, რომ უკრაინმელები გააცნობიერებენ მიმდინარე პროცესებს და ყველაფერი ტრადიციულ წრეს დაუბრუნდება“.
----------------
ავიგდორ ესკინი, პუბლიცისტი და საზოგადოებრივი მოღვაწე (ისრაელი):
„ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს „რუსული სამყარო“ სუნთქავს, ცოცხლობს და მოქმედებს. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ამ პროცესის მონაწილენი ვართ. რუსული კულტურა და რუსული ენა ვითარდება. დავაკვირდეთ, რა მოხდა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სადაც ხალხები, რომლებიც ადრე ერთაენთს ხოცავდნენ, მოძმენი გახდნენ. ეს იყო და დღესაც მეტ-ნაკლებად გრძელდება.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამას წინათ აზერბაიჯანში იყო ჩასული და როგორ ფიქრობთ, რომელ ენაზე ლაპარაკობდა იგი? არა, იგი აზერბაიჯანში ოქსფორდულ-ინგლისურ ენაზე ვერავის ვერაფერს გააგებინებდა. მიხეილ საკაშვილი იქ რუსულ ენაზე ლაპარაკობდა... და როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ რუსული ენა საოკუპაციო, აგრესიული ენაა და არა საგანმანათლებლო?

«Стратегия России» (რუსეთი), №12, 2 დეკემბერი, 2014 წელი
http://sr.fondedin.ru/new/fullnews.php?subaction=showfull&id=1417428507&archive=1416651827&start_from=&ucat=14&

2-12-2014, 11:22
უკან დაბრუნება