ივერიონი / მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

მშენებლობის ნებართვის საკითხს მთავრობა განსაზღვრავს

პრეზიდენტის ნაცვლად მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების საკითხს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  ცვლილება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის 57-ე დადგენილებაში შედის. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ გაიტანა.

"ნაცვლად პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს, თუ ვის ექნება მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება. ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებაა", - განუცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ.

 

  დავით ნარმანიამ მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთი საკითხი წარუდგინა, რომელიც "ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

"ეკონომიკის რეგულირებად სფეროებშია მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და დასუფთავება, ვინაიდან თბილისის მუნიციპალიტეტი ადგენს შესაბამის ტარიფებს. მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ზოგადად ჩამონათვალი, ხოლო ტარიფები დადგენილი იქნება უშუალოდ ჩვენს მიერ. ეს ცვლილება გამოწვეული იყო "კონკურენციის შესახებ" კანონში გამოწვეული ცვლილებით, რომ მთავრობის დადგენილება ამ წესთან შესაბამისობაში ყოფილიყო. ტარიფები არ იცვლება. მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება განხორციელდა", - აღნიშნა ნარმანიამ.

2-12-2014, 12:26
უკან დაბრუნება