"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონ ზაქარია ქუცნაშვილს აქვს სურვილი, შეიქმნას პოლიტიკური იმიჯი - თითქოს საქართველოში ის ყველაზე მეტად ვერ იტანს ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს!" აღნიშნული განცხადებით "ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი დღეს "რეპოტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური პრინციპების დაცვით, პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს გამოეხმაურა.
"ქუცნაშვილია წინააღმდეგი მარგველაშვილის პარლამენტში მისვლის, წინააღმდეგია, საერთოდ, პრეზიდენტს რაიმე უფლებები ჰქონდეს... ამ ყველაფერს, მისთვის რა შედეგი მოჰყვება, ამაზეც უნდა იფიქროს.
მარგველაშვილი სააკაშვილი ვერასდროს ვერ იქნება და მისი ლანძღვით ქულების დაწერა, ცოტა არ იყოს, არაადეკვატურია. საერთოდაც, არათანმიმდევრულობასთან გვაქვს საქმე. ქუცნაშვილმა ვეტოს უფლების შეზღუდვით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ იმ საკითხის მოგვარებით - ნახევრადსაპარლამენტო რესპუბლიკა რომ გვაქვს, რომელიც არც იქითაა და არც აქეთ! თუ გვინდა, რომ ეს ადამიანი არ სარგებლობდეს ვეტოს უფლებით, მაშინ ის მინიმუმ ასეთი მაღალი ლეგიტიმაციით არ უნდა სარგებლობდეს!" - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური პრინციპების დაცვით, პრეზიდენტის ვეტოს უფლება შეზღუდული უნდა იყოს.