ივერიონი / დავით ბაქრაძე: აღნიშნული ფაქტი ურთიერთობებზე დადებითად ვერ აისახება!

დავით ბაქრაძე: აღნიშნული ფაქტი ურთიერთობებზე დადებითად ვერ აისახება!

 როდესაც ერთ ქვეყანაში ბრალდებული პირი შეიძლება ინიშნებოდეს სახელმწიფო თანამდებობაზე მეორე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს დადებითად არ აისახება ურთიერთობებზე. აღნიშნული განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.


"ჩვენ უკრაინასთან გვაქვს საერთო მიზნები, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება და საერთო გამოწვევები, თუმცა, ორ ასეთ მეგობრულ ქვეყანას შორის, როდესაც ერთ ქვეყანაში ბრალდებული პირი შეიძლება ინიშნებოდეს სახელმწიფო თანამდებობაზე მეორე ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს დადებითად არ აისახება ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ახლა, როდესაც აქტიურია ჩვენი თანამშრომლობა, როდესაც პრემიერ-მინისტრი თავად აპირებს გამგზავრებას იანვარში და როდესაც მთავრობის წევრებს მიღებული გვაქვს პირდაპირი დავალება, რომ ჩვენი საერთო ინტერესების სამსახურში მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ თანამშრომლობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

2-12-2014, 16:04
უკან დაბრუნება