რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობა შეაჩერა. ამის შესახებ მან თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. ეს მართლაც სენსაციური განცხადება იყო, რომელმაც ევროპასა და ამერიკას თავსატეხი გაუჩინა. მათთვის ეს იმდენად მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რომ ვერც მიხვდნენ ეს ამბავი უნდა გაუხარდეთ თუ უნდა ეწყინოთ...
ზოგიერთმა მათგანმა ჩათვალა, რომ რუსეთი დამარცხდა. მაგალითად, "The New York Times" - მა ამ ფაქტს "პუტინის უიშვიათესი მარცხი" უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტების უმრავლესობა ასე არ ფიქრობს. მათი აზრით, ამ შემთხვევაში გამარჯვებული (როგორც შუამავალი) თურქეთი გამოდის, რუსეთი კი (როგორც მიმწოდებელი), გამარჯვებული თუ არ არის, არც დამარცხებულია. რაც შეეხება ევროპას, მისი დამოკიდებულება რუსულ გაზზე ამით არ შემცირდება, - ამბობენ ისინი.
ლონდონური გამოცემა "The Times" - ი ამ საკითხისადმი მიძღვნილ სტატიაში ვარაუდობს, რომ "პუტინმა ევროპას გაზის ომი გამოუცხადა და ეკონომიკური მექანიზმების გამოყენებით სჯის ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ გამოვლენილი დამოკიდებულების გამო.
"Roiters"- ი თურქეთს, იმის გამო, რომ გაზსადენი, რომელიც ჩაანაცვლებს "სამხრეთის ნაკადს," გაივლის მის ტერიტორიაზე, უწინასწარმეტყველებს დასავლეთთან პრობლემების წარმოქმნას. სავარაუდოა, ეს მართლაც ასე მოხდეს, ვინაიდან თურქეთი ამით მოქმედებს არამარტო დასავლური სანქციების წინააღმდეგ, არამედ ხელს უშლის ევროკავშირის მცდელობასაც, განთავისუფლდეს რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან.
რუსეთის ამ გადაწყვეტილებით შეწუხებულია ავსტრია. ამ ქვეყნის ნავთობკომპანიის (რომელიც უდიდესია ცენტრალურ ევროპაში) გენერალური დირექტორის მოადგილე გერჰარდ როისი ვენის გავლენიან გამოცემას - "Die Presse" ატყობინებს: "ივნისში ალექსეი მილერთან ("გაზპრომის" ხელმძღვანელი) ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას "სამხრეთ ნაკადის" ავსტრიული მონაკვეთის მშენებლობის შესახებ, რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოგვიცხადეს, რომ მშენებლობა არ იქნება. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ეს სიტუაცია."
ოკეანის გაღმა კი ამ პრობლემას ზოგი სხვა თვალითაც უყურებს. პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას აშშ-ის სავაჭრო პალატის ვიცე პრეზიდენტმა ჰერი ლიტმანმა განაცხადა: "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის შეჩერება არა მგონია ევროპის მრეწველობაზე უარყოფითად აისახოს."
"სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში გაძლიერებული კრიზისის ფონზე. ევროკავშირს ეშინია, რომ ეს გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომატარებლებზე," - წერს "Wall Street Journal" - ი.
"The Washington Post" -ი კი ასკვნის: "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის დახურვა არის კრემლის იმ პროგრამის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხდება ახალი ალიანსის ფორმირება, ვინაიდან რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობები დაეცა ცივი ომის პერიოდის დონემდე." "The New York Times" - ი კი, მართალია, "სამხრეთ ნაკადის" მშენებლობის დახურვას "პუტინის უიშვიათეს მარცხს" უწოდებს, მაგრამ იქვე აღიარებს, რომ "პუტინმა ჩინეთთან ხელშეკრულების გაფორმებით დაიწყო ახალი ბაზრის მოპოვება თავისი გაზისა და ნავთობისათვის."
ამ საკითხის ერთ-ერთი არსებითი მხარე ისიც არის, რომ თურქეთი პრაქტიკულად გაემიჯნა რუსეთისათვის დასავლეთის მიერ დაწესებულ, მაგრამ არც ისე კარგად გათვლილ სანქციებს. "Financial Times" -ი სარედაქციო ანალიტიკურ სტატიაში ხაზს უსვამს ერდოღანთან შეხვედრისას პუტინის მიერ მისთვის მიცემულ დაპირებას: "თურქეთის მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ არამარტო გავაფართოვოთ "ცისფერი ნაკადი", არამედ თურქეთისთვის სპეციალურად ავაშენოთ ახალი გაზსადენი."
უაღრესად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ბულგარეთის პარლამენტის ეკონომიკისა და ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარტინ დიმიტროვი, - "პუტინმა უარი კი არ თქვა "სამხრეთ ნაკადზე," არამედ ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა იქითკენ, რომ გააძლიეროს ევროკავშირზე ზეწოლა."
გერმანულმა გამოცემამ "Spiegel" პუტინის ამ გადაწყვეტილებას სენსაციური უწოდა.
პუტინის ამ მართლაც სენსაციურ გადაწყვეტილებაზე უკვე იმდენი ითქვა, რომ ყველაფრის აქ მოტანა კი არა, უბრალოდ თვალის გადავლებაც შეუძლებელია. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება არამარტო მომავლის უბრალო განსჯის საგანი იქნება, არამედ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ის პოლიტოლოგიისა და დიპლომატიის სახელმძღვანელოებში დამკვიდრდეს იმის ნიმუშად, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკაში ერთი გასროლით რამდენიმე სამიზნე დააზიანო. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ამ გადაწყვეტილებამ:
1. შესაძლებელია დასავლეთს ხელიდან გამოაცალოს რეგიონში მთავარი დასაყრდენი თურქეთი;
2. შესაძლებელია, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მიერ ნატოს დატოვებისა მიზეზად და საბაბად იქცეს;
3. რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული მოკავშირეობა თითქმის ავტომატურად ნიშნავს ამ კავშირში აზერბაიჯანის გაერთიანებას, რასაც აუცილებლად მოყვება მთლიანად ამიერკავკასიის ამ კავშირში გაერთიანება, რაც, საბოლოო ჯამში, ევრაზიული კავშირის არეალის გაფართოვება იქნება.
4. ევროპაში თავს იჩენს ენერგეტიკული უკმარისობა, რაც არც ისე შორეულ პერსპექტივაში არამარტო ენერგეტიკულ, არამედ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება;
5. პერსპექტივაში ამ პროცესებს აუცილებლად მოყვება აშშ-სა და ევროპას შორის უკვე არსებული, მაგრამ ჯერ კიდევ ფარულ სტადიაში მყოფი დაპირისპირების გაღრმავება და გამწვავება, რაც საბოლოოდ დაასამარებს ისედაც დასამარების მიმართულებით მიმავალ ამერიკულ ჰეგემონიას მსოფლიოზე.
პუტინმა ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ერთი შეხედვით მარცხივით გამოიყურება, განახორციელა სვლა, საჭადრაკო ლიტერატურაში შეწირვას რომ უწოდებენ და შეცდომას ჰგავს, მაგრამ გენიალურ დამაგვირგვინებელ შედეგს იძლევა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ პუტინის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება, რომელმაც მსოფლიო ააფორიაქა, ისტორიას პოლიტიკური აზროვნების შედევრად შემორჩება.
ვალერი კვარაცხელია