უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი ალექსანდრე კვიტაიშვილი მისი დანიშვნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა:
-"პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი წავიკითხე, ძალიან გამიკვირდა მისი დამოკიდებულება იმ რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ჩემს დროს განხორციელდა. თუკი, დღეს საქართველოში არის ნორმალური საავადმყოფო და აქვს დღვანდელ ხელისუფლებას იმის საშუალება, რომ გააკეთოს უნივერსალური დაზღვევა მთელი მოსახლეობისთვის, არის მარტო იმიტომ, რომ ქსელი მუშაობს, უზარმაზარი საფუძველი ჩაეყარა თავის დროზე ამ სისტემის გამართვას, როგორც ფინანსური, ასევე მომსახურეობის კუთხით, მოვახერხებ თუ არა წარმატების მიღწევას დიდი მადლობა ბატონ დავითს ასეთი სურვილებისთვის ნამდვილად მოვახერხებ იმიტომ, რომ აქ ხალხი ბევრად არის დაინტერესებული".
როგორც უკრაინის მინისტრთა კაბინეტის პრეს–სამსახური ამბობს, ახალმა მინისტრმა მედიცინის სფეროში რეფორმების დაწყება დააანონსა და უკრაინაში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიცინის შექმნის პირობა დადო.
-"მე ჯანდაცვის სფეროს სისტემაში უკვე 15 წელია ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამოცდილება ძალიან გადმოადგება უკრაინას. ჩვენ შევეცდებით, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამან (რეფორმებმა სამედიცინო სფეროში) ხალხს შესაძლებლობა მისცეს ჯანდაცვის ხარისხიანი სისტემა მიიღონ. ჩვენ გვჭირდება მედიცინა, რომელიც მუშაობს ხალხისთვის, მუშაობს ყველგან და ხელმისაწვდომია ყველასთვის".
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ალექსანდრე კვიტაიშვილის უკრაინაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა:
-"უკრაინელ ხალხს ვუსურვებ, რაც შეიძება სწრაფად ნახონ გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემაში, ამასობაში ბატონ კვიტაშვილს ვუსურვებ, რომ უკრაინაში მაინც მოახერხოს თავისი იდეების რეალიზება, ვინაიდან საქართველოში მინისტრობის დროს ამ დარგს მაინცდამაინც სიკეთე არ დასტყობია".