თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ჰეროდოტეს მსოფლიო რუკის (ძვ.წ. 450 წ.) გეოგრაფიულ ცენტრში(!) საქართველოს სახელმწიფოა. მსოფლიო კი ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე ქვეყნებით და ძირითადად უცნობი მიწებით შემოიფარგლება. ამ დროისთვის და ამ რუკაზე, კონტინენტური ევროპის არცერთი სახელმწიფო არ ფიქსირდება - სიცარიელეა, თავისუფალი მიწებია. მხოლოდ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისთვის დაამთავრეს ძველმა ბერძნებმა სამხრეთ ევროპის გამოკვლევა, ხოლო დაახლოებით ძვ. წ. 320 წელს აღმოაჩინეს დასავლეთ ევროპის სანაპირო. რომაელები კი ევროპის შესწავლას ძვ. წ. II საუკუნიდან იწყებენ იულიუს კეისრის ლაშქრობებით.
დღეს ამ კონტინენტზე 6 ენობრივი ოჯახის 209 ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს. ევროპის პოლიტიკურ რუკაზე მთლიანად, ან ნაწილობრივ განლაგებულია 49 სუვერენული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ოღონდ ამჯერად, ამ ცივილიზაციის პერიფერიულ ზონაში.
მოხდა ისე, რომ ევროპული სიცარიელის - თავისუფალი მიწების აღმოჩენის შემდგომ, თითქმის უწყვეტი აღმავალი განვითარების შედეგად, ამ კონტინენტზე მსოფლიოში ყველაზე დაწინაურებული ქრისტიანული ცივილიზაცია შეიქმნა და ამით ევროპელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს მსოფლიო ცივილიზაციის ფორმირების პროცესზე. საქართველო კი ამ პროცესების მიღმა დარჩა!..
მარტივად დასასმელი კითხვაა: ჩამოყალიბების პროცესში მყოფ გლობალურ სამყაროში, 7-8 ახალი, რეგიონული ცივილიზაციიდან, სად არის საქართველოს ადგილი?! ამ კითხვაზე პასუხისთვის, უნდა ვიცოდეთ - ვინ ვართ?!
ვინ ვართ?!
საქართველოში არ დამთავრებულა (შეიძლება არც დაწყებულა) სერიოზული განსჯა თემაზე: ვინ ვართ? რომელ ცივილიზაციას წარმოვადგენთ - დასავლურს (ევროპულ), თუ კავკასიურ-აზიურს? ან იქნებ სულაც მხოლოდ მართლმადიდებლურს (და არა ზოგადად ქრისტიანულს)?
ქართულმა პოლიტოლოგიამ, ისტორიოგრაფიამ და კულტუროლოგიამ ამ თემისთვის ჯერ ვერ მოიცალა. სამეცნიერო ინსტიტუტები აზრისგან (ადამიანებისგან) დაიცალა, მეცნიერება დაგვიბერდა და დასუსტდა. ინტერნეტ ფორუმებზე კი საკითხის „სახალხო“, ემოციური განხილვა მიმდინარეობს. ჩვენს თავდაკარგულ საზოგადოებას აინტერესებს - ვინ არის, რომელ ცივილიზაციას მიაკუთვნოს თავი, რომ შეძლოს დაწმენდილი გონებით სახელმწიფოს პოლიტიკური სხეულის შენება, წინსვლა და მსოფლიო ქაოსისგან თავის დაღწევა!
ამ მხრივ, ჩვენს „დე ფაქტო“ საზღვრებში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული (ევროასოციაცია), მაგრამ გეოპოლიტიკური, რეგიონული და კულტურული იდენტიფიკაცია კვლავ „სახალხო“ (საზოგადო) პრობლემად რჩება. ასეთ პირობებში საზოგადოება ვერც პოლიტიკურად, ვერც კულტურულად ჯანსაღ ორგანიზმად ვერ ჩაითვლება. ქვეყანას ხან გამსახურდიას, ხან შევარდნაძის, ხან სააკაშვილის სინდრომი თრგუნავს და აწვალებს, მთავარ პრობლემაზე ფიქრისთვის და საკუთარი თავის შეცნობისთვის კი ვერ იცლის!
ჩვენი ინტელექტუალური და კულტურული „მიძინების“ მიუხედავად, დასავლურმა ფილოსოფიურმა ჭვრეტამ და პოლიტიკურმა აზრმა, საქართველოს თავად მიუჩინა ადგილი ცივილიზაციათა იერარქიაში და „განსაზღვრა“ მისი იდენტურობა ისე, რომ ჩვენს ისტორიულ, ეთნო-კულტურულ შრეებში არც ჩაუხედავს. ჩვენთვის გასაოცრად, ეს მხოლოდ ერთი ფაქტორის - მართლმადიდებლური კულტურის ნიშნით მოხდა. ეს ნიშნავს, რომ დღეს მათთვის „სხვა“ - უცხო საზოგადოება ვართ. ამ ზოგადი შეფასებით, “მართლმადიდებელთა”, - როგორც „განსხვავებული“ კულტურული სამყაროს, - ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების პერსპექტივები საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა მუსლიმანურ სამყაროზე უკეთესია. მაგრამ, ფაქტია - ევროპულ კულტურაში, და ამ კულტურის შემქმნელ ქრისტიანულ ცივილიზაციაში, ჩვენი ადგილი ვერ მოინახა - ბურუსით მოცულ ზონაში ვართ. ასეთია ყველაზე პრაგმატული დასავლელი თეორეტიკოსების დასკვნა.
ჩემი აზრით, აქ არანაირი შეცდომა არ არის, არის მხოლოდ ზერელე შეფასება, გაუგებრობა და შეუცნობლობა, რადგან ქართული კულტურა, საზოგადოდ, უფრო ძველია, ვიდრე ევროპული. ევროპული კრიტერიუმები კი, ცხადია, მათ წინარე ისტორიულ კულტურას ვერ შეაფასებს! ეს ნიშნავს, რომ საქართველო კი არ ამოვარდა მისთვის ყველაზე ახლობელი სუბსტანციიდან - ბერძნულ-ბიზანტიური კულტურული შრედან, არამედ დამოუკიდებლად არსებობდა, მათ მიღმა და მათზე ადრე. უბრალოდ, ამ კულტურის ცენტრიდან - პერიფერიაზე გადაინაცვლა, მაგრამ არ გამქრალა. ჩვენ „ცოტა ხნით“ დავიკარგეთ - რამდენიმე საუკუნე დასუსტებული და ფილოსოფიური აზრისგან დაცლილი ვიყავით. დღეს შედეგს ვიმკით.
ეპოქა და ცივილიზაციის ბალანსი იცვლება, ახალი ისტორია იწერება და ამ ახალ წიგნში ერთიანი საქართველო აუცილებლად ასომთავრული ასოებით უნდა ჩაიწეროს. ასეთია ახალი თაობის ფუნქცია და მათი საკონტროლო დავალება: ქვეყანამ მოახერხოს და მოახდინოს პოლიტიკური და კულტურული იდენტიფიკაცია.
ზუსტი პასუხის მისაღებად (ვინ ვართ?) - ნაციონალური იდენტობის სფეროში მსოფლიოს თეორიულ კვლევებს უნდა ვიცნობდეთ და ამ კვლევებში ვმონაწილეობდეთ!!
ნაციონალური იდენტობის ბუნება, ისტორიულ კონტექსტში, მსოფლიოში კარგად შესწავლილი თემაა. მაგრამ, ამ სფეროში მკვლევართა ინტერესი გააძლიერა ნაციონალიზმის აღზევებამ, განსაკუთრებით კი ეთნიკური თვითშეგნების გამძაფრებამ, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე დასავლეთში. დღევანდელი ეპოქა ნაციონალიზმის გლობალური აფეთქების ეპოქაა. მოუმზადებელი, სუსტი სახელმწიფოები ამ აფეთქების მსხვერპლი ხდებიან - ასეთი სახელმწიფოები იშლება. და რას ვაკეთებთ ჩვენ?! არაფერს!!
სახელმწიფოს სისტემის შერყევა ნაციის ინტელექტუალური სიზარმაცის შედეგია. დღევანდელი ქაოსური ეპოქის მდინარებაში, როცა ეთნო-ნაციონალური იდენტობა დამანგრეველ ძალას იძენს, საქართველო უნიჩბო, უკომპასო და უსაჭო ნავივით, იღბალს მინდობილი მიცურავს. ჩვენი ნიჩაბი, კომპასი და საჭე კი აზროვნება და ინტელექტია, რაც ამ ეპოქის გამოწვევებთან სრულიად არაადეკვატური და მოუმზადებელი აღმოჩნდა. ერ-სახელმწიფოებთან მიმართებაში ენტონი დ. სმიტის ფრაზას თუ დავესესხებით - გადარჩენისთვის აუცილებელია „ხალხის მობილიზება საკუთარი კულტურისა და ისტორიის წიაღში“. ქართველმა ხალხმა ეს ვერ მოახერხა, რაც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი ფაქტორია.
გლობალურ სამყაროში საქართველოს ადგილის განსაზღვრისას განსაკუთრებით აქტუალური ეროვნული და ეთნიკური თემაა - მისი მრავალფეროვნება, დინამიკა, ადაპტაციის და თანაცხოვრების პოტენციალი, რაც ქართული (და ნებისმიერი) სახელმწიფოს საფუძვლებს ქმნის. ისტორიული მიმოხილვის კონტექსტში ეს საკითხი ჩვენთან მეტ-ნაკლებად გაანალიზებულია. მაგრამ, პრობლემის პოლიტიკური, ინტელექტუალური (ეთნოსაზოგადოების ელიტის კოლექტიური დამოკიდებულება) და კულტუროლოგიური ასპექტები, ვფიქრობ, მკვლევართა სიღრმისეული განსჯის მიღმაა დარჩენილი. თემის პოლიტიკური კონტექსტი კი სერიოზულ საკვლევ თემად საერთოდ არ განიხილება და არც არასდროს განხილულა. ეთნო-ნაციონალიზმი ძირითადად კულტურული ფენომენია. ხოლო, პოლიტიკური იდენტობა - ნაციონალური იდენტობის, როგორც ისტორიული პროცესის დამამთავრებელი ეტაპია. ხოდა, ესაა ჩვენი მთავარი სისუსტე - ყურადღების მიღმა დარჩენილი პოლიტოლოგიური და სოციოლოგიური კვლევები, ნათელი - უდავო სურათის შექმნა, ამ სფეროში მსოფლიო სამეცნიერო აზროვნების შესწავლა და ა.შ. ჩვენ 20, შეიძლება 50 წლით დავაგვიანეთ. ამიტომ აღმოვჩნდით სეპარატიზმის ზვავის წინაშე სრულიად უმწეო მდგომარეობაში, და ვართ ასე - გაბრაზებული და გაოგნებული, ვერაფრის შეცვლას ვეღარ ვახერხებთ. ჩვენ საამაყო ისტორიის კვლევა-დაზეპირებით და „სადღეგრძელოებით“ გავერთეთ, პოლიტიკურ ანალიზს, ეთნო-კულტურულ კვლევებს კი საჭირო ყურადღება არ დავუთმეთ.
მაგრამ, თუ ჩემი თაობა პრობლემის მიტინგებითა და ხმაურიანი პროტესტით გადაჭრას ცდილობდა, დღეს სურათი იცვლება. დღევანდელი თაობა მსოფლიოს ამ გამოწვევებს საუკეთესო უნივერსიტეტებში ეუფლება. მათ უკვე თავისუფლად მიუწვდებათ ხელი ამ სფეროში მსოფლიოს გამოცდილებაზე და სპეციალურ ნაშრომებზე, რაც აქამდე ჩვენს გარეშე იწერებოდა. და იქნებ ასე, მიტინგების ეპოქაც დასრულდეს, კვლევის და მიგნების ეპოქა დაიწყოს და მერე ეთნო-ნაციონალური დიალოგიც მოხერხდეს. ასე უფრო ეფექტიანად აღმოვაჩენთ ჩვენს საერთო ადგილს გლობალურ სამყაროში.
აფხაზთა, ქართველთა და ოვსთა ახალი თაობისთვის, საკუთარი პოლიტიკური იდენტობის გააზრებაში, მნიშვნელოვანი იქნება, მაგალითად, ენტონი დ. სმიტის შეგონება, ჯერ კიდევ 1990 წელს გამოცემული წიგნიდან - „ნაციონალური იდენტობა“, სადაც ვკითხულობთ:
„ნაციონალიზმი წარმოადგენს ყველაზე მძლავრად ფესვგადგმულ მითს იდენტობის შესახებ თანამედროვე მსოფლიოში, მაგრამ ის სხვადასხვა ფორმითაა წარმოდგენილი. ნაციონალური იდენტობის მითებში პოლიტიკური ერთობის საფუძვლად, როგორც წესი, გვევლინება ტერიტორია ან წინაპრები (ან ორივე ერთად). ეს სხვადასხვაგვარობა ხშირად არასტაბილურობისა და კონფლიქტის წყაროს წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუ მათი უგულებელყოფა ხდება. ბევრი, ყველაზე მწვავე ეროვნებათაშორისი კონფლიქტი ნაციონალური იდენტობის ურთიერთდაპირისპირებული მოთხოვნებისა და კონცეფციებისგან მომდინარეობს“.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს (ჩვენი ნაციონალური ეიფორიის ჟამს), ცნობილ მკვლევართა მიერ გაჟღერებული მსგავსი აზრებისა და მოწოდებების გაცნობიერება დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო, რათა თავიდანვე გვეფიქრა კონფლიქტის განელებაზე და შეგვექმნა ნამდვილი ეროვნულ-პოლიტიკური ერთობა. მიზნის მისაღწევად და გზამკვლევად კი, მეცნიერული და ინტელექტუალური კაპიტალია საჭირო, რაც არ ჩანს. ვიმეორებ - ქართულმა პოლიტოლოგიამ, ისტორიოგრაფიამ და კულტუროლოგიამ ამ თემისთვის ვერ მოიცალა. სამეცნიერო ინსტიტუტები კი ამასობაში აზრისგან, იდეებისგან და ადამიანებისგან დაიცალა. შედეგად, სრულ გაუგებრობაში ვართ.
და ეს უმძაფრესი ნაციონალური (და პოლიტიკური) თემა, როგორც კვლევისა და სახელმწიფოებრივი ყურადღების საგანი, არცერთ, - ყოფილ თუ არსებულ, - ხელისუფლებას არ აინტერესებს, რადგან საამისოდ ჩვენმა სახელმწიფომ აკადემიურ სიმშვიდეს და სიმწიფეს ჯერ კიდევ ვერ მიაღწია.
საით მივდივართ?!
ცნობილ ექსპერტ-თეორეტიკოსთა შეფასებით, მსოფლიო გლობალური ომისთვის ემზადება. და უნდა გავაკეთოთ არჩევანი: სად არის ჩვენი ადგილი?! ვიყოთ მარტო, სუვერენული (ნეიტრალური) ქვეყანა, თუ ავირჩიოთ რეგიონული კავშირი - მსგავსი ან საერთო კულტურული ნიშნით?! ჩვენი მართლმადიდებელი „მეგობარი“ - რუსეთი, ქმნის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას „ევრაზიული კავშირის“ სახით და ეს სწორედ „დიდი მზადების“ ეტაპია. ჩავიხედოთ მათ პროექტებში: „ევრაზიული კავშირის მსგავსი გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შექმნა, შესაძლებელს გახდის გადაავადოს რუსეთის უშუალო ჩართვა ომში. ეს შეიძლება უზრუნველვყოთ კოალიციური სიძლიერის ჯერადი ზრდით და ბუფერული სასაზღვრო ზონების შექმნით, რამდენადაც, წინა ომების გამოცდილებით, აქ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შეიძლება არც გავრცელდეს მეტროპოლიის ტერიტორიაზე, და ეს არის საკვანძო საგარეოპოლიტიკური ამოცანა“… (რუსი მეცნიერების - რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის და სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრების მოხსენებიდან.). ამგვარად, რაიმე კავშირში გაერთიანებით, ჩვენ სხვის ომში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როგორც მოკავშირე, ხოლო ევრაზიულ კავშირში შესვლით რუსეთისთვის პირდაპირი მნიშვნელობით ბუფერად - „დამცავ ზონად“ ვიქცევით - ეს მათი „საკვანძო საგარეოპოლიტიკური ამოცანაა“!!
იმის მიუხედავად, რომ ქვეყნები, როგორც წესი, თავიაანთ ინტერესებს ცივილიზაციის შინაარსის გათვალისწინებით განსაზღვრავენ, ჩვენნაირი ჩამოუყალიბებელი და მაძიებელი ქვეყნისთვის ფუნქციის შეძენა ან ადგილის „პოვნა“ საკმაოდ რთულია. მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნები სრულიად განსხვავებულ ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან, ამასთან, ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ. ჩვენს რეგიონშიც კი, კავკასიურ სახელმწიფოთა ინტერესები სამად იყოფა და სხვადასხვა მიმართულებით აირეკლება. ამიტომ, ჩვენი განვითარების ამოსავალი ფუნქცია თუ სამოქმედო სტრატეგია, დროში და გარემოებებში მუდმივი ადაპტაცია და შესაბამისად - მუდმივი აკადემიური კვლევის საგანი უნდა იყოს.
მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად და საქართველოში თაობათა შეცვლის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული განვითარების კონცეფციები უნდა იწერებოდეს და მერე იცვლებოდეს. ჩვენ მხოლოდ ეს შეგვიძლია - ფეხი ავუწყოთ ეპოქალურ ცვლილებებს და მოვახდინოთ ადაპტირება. დღეს, „ცივი ომის“ შემდეგ - 1990-ანი წლებიდან, უკვე მეორედ იცვლება მსოფლიო წესრიგი. საქართველოს კი მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული განვითარების გზამკვლევი რუკა, ამ გლობალურ „ნაბიჯებში“ არ გააჩნია. არადა, აზროვნებისთვის და პოლიტიკური საქმიანობისთვის, რაღაც გამარტივებული რუკა-მოდელი, როგორც ორიენტირი, უნდა გვქონდეს. სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს ვამტკიცოთ, რომ ვმოქმედებთ რაღაც “ობიექტური ფაქტორების“ ზეგავლენით, და თან ურთულეს - „მდუღარე“ რეგიონში. მაგრამ, ამით მხოლოდ თავს მოვიტყუებთ. საჭიროა თეორიული სტრატეგიის შემუშავება, კვლევები და უდავო და ერთიანი ეროვნული პოლიტიკური სტანდარტის განსაზღვრა, მათ შორის კავკასიური ეთნო-ეროვნული რეალობის და საერთო ინტერესების გათვალისწინებით.
გასათვალისწინებელია, რომ ახალი - XXI-ე საუკუნის გეოპოლიტიკური კონცეფცია დღეს არც დასავლურ ცივილიზაციას აქვს. ის ახლა იქმნება, რადგან „იძულებულია დაიბადოს“. მაგრამ, როგორც ნებისმიერ პარადიგმაში, აქაც იქნება აბსტრაქცია, არასრულყოფილი თეორიები, ანომალიები და თეთრი ლაქები, თუნდაც ჩვენნაირი - განუსაზღვრელი კონცეფციის და ორიენტაციის ქვეყნების სახით. ამიტომ, უნდა ჩამოვყალიბდეთ და მსოფლიოს ახალ გლობალურ კონცეფციაში, როგორც უძველესი სახელმწიფო, ღირსეულად დავფიქსირდეთ.
ჰეროდოტეს დავუბრუნდეთ... საქართველო, გეოგრაფიული თვალსაზრისით, დღესაც რჩება მსოფლიოს განსხვავებულ კულტურათა და ცივილიზაციათა თავშეყრისა და გზაგასაყარის ცენტრად. ე.ი. დღევანდელი მსოფლიოს ეს გეოგრაფიული რეგიონი ფუნქციურად დღესაც მნიშვნელოვანია თავისი ეროვნულ-კონფესიური, კულტურული მრავალფეროვნების და რეგიონის პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით.
სწორედ აქედან - საქართველოდან იწყება დასავლეთი და აღმოსავლეთი, აქ იკვეთება ცივილიზაციები, რელიგიური განშტოებები, მათ შორის ქრისტიანული (მართლმადიდებლური, კათოლიკური, გრიგორიანული) და ისლამური (სუნიტური და შიიტური) მიმდინარეობები; თავმოყრილია უძველესი წარმოშობის და კონფესიების ხალხები (ებრაელები, ქურთები, იეზიდები, ასირიელები და ა.შ.), და ამ მრავალფეროვნების მხრივ, ამ „კულტურათაშორის ცენტრში“ (სახელმწიფოს წიაღში) სრული, ისტორიული სიმშვიდეა - უნიკალური ტოლერანტობაა. ეს ფაქტორიც, ცივილიზაციათა დიალოგში, შემეცნების თვალსაზრისით, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია, შესასწავლი და შესაფასებელია. როგორც განსხვავებული ინტერესების გეოგრაფიულ გზაგასაყარს, ჩვენ „რაღაც“ გეოპოლიტიკური მისია და ფუნქცია მართლაც გვაკისრია.
ჰეროდოტემ თავის რუკაზე ალბათ შემთხვევით არ მოგვიჩინა „ცენტრის“ პოზიცია. ისტორიის ნებით, 2500 წლის მერე აქ ცივილიზაციის მწვერვალი არა, მაგრამ კულტურათაშორისი ურთიერთობის შემეცნების ცენტრი და გზაგასაყარი ჩამოყალიბდა. ამგვარად, ეს ის „ბუნებრივი“ გეოგრაფიული ადგილია, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები მსოფლიოს პრობლემათა შესწავლის და გადაწყვეტის სფეროში, ალბათ წარმატებით იფუნქციონირებენ. უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალის კავკასია, ამ საუკუნეში, ნებისმიერი სახის დიალოგისთვის საერთაშორისო „სიმშვიდის ცენტრის“ ფუნქციას დაიმკვიდრებს.
გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის (ცივილიზაციის) საიდენტიფიკაციო კონცეფცია მხოლოდ აბსტრაქციაა - პირობითობაა დროში „მოგზაურობის“ რაღაც ეტაპზე. მაგრამ ქვეყნის ფუნქციის განმსაზღვრელი გზამკვლევი აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ორიენტაციისთვის, რომ არ დავიკარგოთ - სად ვართ და საით შეიძლება წავიდეთ! ამიტომ, განუსაზღვრელი კამათი, ჩვენს შეზღუდულ არჩევანზე, არ ვარგა. ქვეყანა კონცეპტუალურად „შეკრული“ უნდა იყოს. თანაც, ჩვენი „არჩევანი“ ჩვენს გეოპოლიტიკურ მეგობრებსაც დაეხმარება ჩამოყალიბდეს და რეალურად შეგვაფასოს, ვინც ასეთად თვლის თავს და გვეხმარება, ან ვისაც „უნდა“ ასეთი იყოს და ჩვენზე „მუშტრის“ თვალი უჭირავს.
ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია თამამად უთხრას მსოფლიოს, რომ მას თვითმყოფადი კულტურის საკუთარი, დამოუკიდებელი ისტორია გააჩნია, რომლის საფუძვლებიც ევროპის ცივილიზაციის ისტორიაზე ძველია. და ის მხოლოდ მართლმადიდებლური კულტურით არ განისაზღვრება, რადგან სცილდება რელიგიის ფაქტორს და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელია - ადამიანის არსებობის და აზროვნების ყველა სფეროში. ეს თვითმყოფადი კულტურა, დოკუმენტურად კარგად აისახა ყველაზე უტყუარ და წარმომადგენლობით სფეროში - ხალხურ პოეზიაში, სიმღერაში და ცეკვაში, როგორც ეროვნული ფილოსოფიის, არისტოკრატიზმის, რაინდობის და ზოგადად, საკაცობრიო ფასეულობათა უმთავრესი ღირებულებების გამომხატველი.
ნუკრი მიხანაშვილი