სტატიის ავტორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი ჯული ჯორჯი საქართველოს საგრეო პოლიტიკის მიმართულებებზე საუბრობს, განსაკუთრებით კი უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე.
საქართველოს დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე კრიზისის მიმართ, უკრაინის სხვა მეზობლების რეაქციასთან შედარებით, ნაკლებად მკვეთრია და ამის მიზეზი, ალბათ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის სინდრომია - ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ვაითუ რუსეთმა თბილისის მიმართ ექსპანსიონისტური პოლიტიკა გააგრძელოსო. ამასთან, რასკვირველია, კრიზისმა მაინც მოახდინა გავლენა ადგილობრივი პოლიტიკური ძალების გააქტიურობაზე.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უკრაინისადმი თავშეკავებულ და ფრთხილ დიპლომატიას ეწევა. მაშინ, როცა დასავლეთმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა, თბილისი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას აგრძელებს და აცხადებს, რომ პრაგმატული პოლიტიკის ერთგულია. ასეთი პოლიტიკამ ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააღიზიანა და ხელისუფლებისგან უფრო მეტი კატეგორიულობა მოითხოვა. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა გასულ წელს გაუვიდა, აცხადებს, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს თავის ანექსიონისტურ პოლიტიკას.
2008 წლის ომის შემდეგ, როცა რუსეთმა, კრემლის მტკიცებით, სამხრეთ ოსეთში „ჰუმანიტარული აქტი განახორციელა - ადგილობრივი მოსახლეობა ქართველთა გენოციდისგან დაიცვა“, მოსკოვმა მართლაც განაგრძო ძალისმიერი პოლიტიკის გატარება და ქართველებს კოდორის ხეობა დაატოვებინა. მოგვიანებით კრემლმა ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. დღეს ორივე სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის ტერიტორიაზე რამდენიმე რუსული ბაზაა დისლოცირებული. გარდა ამისა, ამ რამდენიმე დღის წინათ გაფორმდა რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულება, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების ჩადებასა და დახმარებას ითვალისწინებს. თბილისმა ეს დოკუმენტი „აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად“ შეაფასა. რუსეთის ნაბიჯები ქართველ პოლიტიკოსებს ალტერნატივას აღარ უტოვებს და შესაბამისად, ისინი იძულებულნი არიან პროდასავლური კურსის გააქტიურება დაიწყონ.
იყო დრო, როცა საქართველოს ხელისუფლებას მეტ-ნაკლებად შეეძლო პოლიტიკური კურსის დაბალანსება დასავლეთთან, ჩრდილოეთთანაც და აღმოსავლეთთანაც. ეს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ იგი „პოლიტიკური აკრობატის“ როლს ასრულებდა. ედუარდ შევარდნაძემ შეძლო რუსეთთან ისეთი პოლიტიკა განეხორციელებინა, რომ თავიდან აიცილა პირდაპირი კონფრონტაცია, პარალელურად კი დასავლეთთან პირველი მტკიცე კავშირების საფუძველიც შექმნა.
მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ სააკაშვილმა დასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი გამოაცხადა და რუსეთის ხელმძღვანელობის მკვეთრი კრიტიკა დაიწყო. შეიძლება ითქვას, სტრატეგია „დასავლეთი ყველაფრის ფასად!“ დღევანდელი საქართველოს შიდა პოლიტიკაშიც გამოვლინდა: პროდასავლურობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია. ამ უკანასკნელმა გასულ თვეში საჯაროდ დაგმო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ანტიკორუფციული გამოძიება და და ეს ფაქტი ისე წარმოაჩინა, თითქოსდა ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა დაიწყო.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის განცხადებას იმით უპასუხა, რომ იგი მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შემდეგ ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლებით საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ექმნებოდა. ღარიბაშვილმა ამ ბრალდებასაც სწრაფად უპასუხა და ევროპაში ვიზიტების დროს ხაზი გაუსვა ქვეყნის პროდასავლური, ევროპული კურსის შეუქცევადობას, ამერიკელი და ევროპელი კეთილმოსურნენი საქართველოს ერთგულებაში დაარწმუნა.
მოკლედ, ასეთ ვითარებაში საქართველო, აშკარაა, ვეღარ დაუბრუნდება ედუარდ შევარდნაძისეულ მოქნილ პოლიტიკას, ამის დიდი სურვილიც რომ გამოავლინოს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს დღევანდელი პრობლემა - ოკუპაციის თემა თითქმის ყველა პარტიას აერთიანებს, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ძირითადად განისაზღვრება რუსეთის გავლენის უარყოფით და დასავლეთთან ინტეგრაციით.
«The Conversation» (აშშ), 4 დეკემბერი, 2014 წელი
http://theconversation.com/russias-borders-georgia-is-still-haunted-by-2008-invasion-34824