სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორ გაიოზ თალაკვაძე სოციალურად დაუცველების აღწერის ახალ მეთოდოლოგიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ სოციალურ დახმარებას 40 ათასით მეტი ადამიანი მიიღებს. ამის შესახებ თალაკვაძემ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადების საპასუხოდ "ალიასთან" ისაუბრა.
კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, ახალი მეთოდოლოგიით ფულად დახმარებას 141 831 ოჯახის ნაცვლად 106 000 ოჯახი მიიღებს.
"არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც სოციალურ დახმარებას მიიღებენ, კი არ მცირდება, არამედ იზრდება 40 ათასით. რა მნიშვნელობა აქვს, ოჯახებს რამდენ მოსახლედ დავყოფთ?! ამას არ აქვს მნიშვნელობა, 460 ათასია ბენეფიციარი და ეს კიდევ უფრო გაიზრდება. დაახლოებით 500 ათასამდე. 460 ათას ადამიანს 100 ათას ოჯახად დავყოფთ თუ მეტად ან ნაკლებად, რა მნიშვნელობა აქვს?! რეალურად 460 000 ადამიანი მიიღებს სოციალურ დახმარებას.
დღეს სახეზე გვაქვს ოჯახების ხელოვნური დაყოფა, რაც ხდება შემდეგი მიზეზით: ოჯახის უფროსი წევრი იღებს 52 ლარს, ხოლო დანარჩენები ნაკლებს - 48 ლარს და ა.შ. მაგალითისთვის, თუ სამსულიანი ოჯახია, აქვთ სტიმული, რომ სამ ოჯახად დარეგისტრირდნენ და სამივემ მიიღოს 60-60 ლარი. მომავალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ოჯახის ყველა წევრი მიიღებს ერთსა და იმავე თანხას, 60-60 ლარს, ანუ აღარ იქნება საჭირო ხელოვნური დაყოფა... ესაა მარტივი არითმეტიკა და ამის გაგება თუ არ უნდა "ნაციონალურ მოძრაობას", სხვა რამეა", - განაცხადა გაიოზ თალაკვაძემ.
წყარო: "ალია"