მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტზე რომან ჩხენკელს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია შეცვლის.
"საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები გრძელდება. რამდენიმე თვის წინ სამთავრობო გუნდში რამდენიმე მინისტრი შეიცვალა. დასახული მიზნების შესასრულებლად და სახელმწიფო სტრუქტურების უფრო ეფექტურად მუშაობისთვის ცვლილებები ქვედა რგოლებსაც შეეხო.
ცვლილებები განხორციელდა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის და ეკონომიკურ საბჭოებში.
ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს ჩაიბარებს ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია. ის ასევე შეინარჩუნებს ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას. რომან ჩხენკელმა, რომელმაც საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და შექმნა ეფექტური სტრუქტურა, არაერთხელ თავად ითხოვა ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტის დატოვება. პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა მისი ეს თხოვნა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას, იგი 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორთან, ერკვევა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში და კარგად იცის ხელშემწყობი ფაქტორები, რომელიც დღეს ბიზნესს სახელმწიფოსგან სჭირდება", - აცხადებენ პრემიერის პრესსამსახურში.