"ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის ეროვნული ბანკი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და საქმითაც დაგვიდასტურებია, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს.
ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ვინაიდან სახეზეა მნიშვნელოვნად გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები, მინდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად, ადგილზე გვაქვს შიდა სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება ან კლება. ამავე დროს, ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში.
რაც შეეხება იმ პროცესებს, რომლსაც ჩვენ ვაკვირდებით ამ დღეების განმავლობაში, იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს, როგორც წესი, ყოველთვის ზარალდებიან, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება.
მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით დაგეგმილზე მეტ ინფლაციურ ზეწოლას. ამას აქვს ორი მიზეზი:
1)ყველა ძირითად სასაქონლო ჯგუფზე, მსოფლიო ბაზარზე, ისეთ სასაქონლო ჯგუფზე, როგორიც არის ნავთობი, ხორბალი, შაქარი, ზეთი მნიშვნელოვანი ფასების კლება.
2)ეს არის ფულის მასა, რომელიც შარშანდელისგან არ გაზრდილა და უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება. ეს კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციაზე", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.