"ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებულლი ინფორმაცია, თითქოს ქართველი ოფიცრები მზად არიან, დატოვონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და სამსახური გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია", -აღნიშნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყებაში განმარტავენ, რომ შეიარაღებულ ძალებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველმა ოფიცრებმა დატოვეს ქვეყანა და სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში დაიწყეს სამსახური.
"ჩვენი ინფორმაციით, უკრაინაში იმყოფება საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც წლების წინ მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და ამჟამად, შეიარაღებული ძლაების შემადგენლობაში არ ირიცხებიან.
ქართველ ოფიცერთა შემადგენლობა ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენი ოფიცრები, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ არ შეწყვეტენ საკუთარი სამშობლოს, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას. ისინი იცავდნენ და ყოველთვის დაიცავენ საქართველოს.
მაშინ, როდესაც თვალნათლივ გამოხატულია თავდაცვის სამინისტროს უცვლელი კურსი NATO-სკენ, მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი, მაღალი დონის შეხვედრები, ყოფილი პრეზიდენტი ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და საზოგადოება. ყოფილი უმაღლესი მთავარსარდლის მოწოდება არის უპასუხისმგებლო, გაუმართლებელი პროპაგანდა, რომელიც მიმართულია საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.