საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე მერაბ ტურავას კანდიდატურაა წარდგენილი. ტურავას კანდიდატურა საკანონმდებლო ორგანოს განსახილველად ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" წარუდგინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამს პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სწორედ პარლამენტის კვოტით იყო არჩეული მოსამართლე ვახტანგ გვარამია, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრეში ამოეწურა. პარლამენტი კანონის გათვალისწინებით, ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ან ამოწურვიდან მაქსიმუმ ათ დღეში აერჩია, რაც არ მომხდარა და ერთი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე ვაკანტურად რჩება. კანდიდატურის წარდგენის გაჭიანურების მიზეზად მმართველი გუნდის შეუთანხმებლობას ასახელებდნენ.