ივერიონი / მიკაილ კადიევმა ციხიდან წერილი გამოგზავნა

მიკაილ კადიევმა ციხიდან წერილი გამოგზავნა

მსჯავრდებულ მიკაილ კადიევის ოჯახის წევრებმა "ივერიონს" მიაწოდეს თავად მსჯარდებულის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომლითაც ის მასმედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

მსჯავრდებულ მიკაილ კადიევის (განთავსებული სასჯელაღსრულების
#8 დაწესებულებაში)

მიმართვა
(მასმედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს)

მოგმართავთ დაღესტნელი ეროვნების მოქალაქე მიკაილ კადიევი, რომელიც 2013 წლის 13 ივნისიდან უკანონოდ ვიმყოფები პატიმრობაში თბილისის #8 საპყრობილეში. სწორედ ამ დღეს, შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს მიერ თბილისში ნაქირავები ბინაში, ჩხრეკისას ჩამიდეს "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელიც თურმე 2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას შეიცავდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი რიზვან ომაროვი. დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს-მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ "განზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა" და თურმე ჩვენ "კარგად გაწვრთნილი მეომრები ვიყავით". მალე თვითონ შსს-მ უარყო ეს აბსურდული ბრალდება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით (სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული) მე და რიზვან ომაროვს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯეს. მოსამართლეებმა თვალი დახუჭეს სასამართლოში იმ აშკარად გამოვლენილ ფაქტზე, რომ სწორედ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა "ჩადეს" ჩემს საცხოვრებელ ბინაში ზემოთ ნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები,

ამ ყველაფრის მიზეზი დაღესტანში ჩემი უფლებადაცვითი საქმიანობაა, რის გამოც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდიდი პოლიტიკურ დევნას, რა მიზეზითაც მე დავტოვე რუსეთი და 2010 წლიდან ვცხოვრობდი საქართველოში. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და გადაცემა რუსეთისათვის. ყველასათვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება უსაფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს (მით უფრო, სამოქალაქო აქტივისტს) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში. ამის თავიდან ასაცილებლად მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი, თუმცა ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარის ერთ-ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისადმი მოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას. აი, ასეთი დამაჯერებელი ყოფილა ოკუპანტი ქვეყნის გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ მიცემული პირობა საქართველოს ხელისუფლებისათვის. სამინისტროს ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრე სასამართლოში, რადგან მეგონა, რომ სასამართლო მაინც დაავალებდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭებას, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებზე. ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს უარი გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი განხილვა დაიწყება 2014 წლის 10 დეკემბერს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების კატეგორიული წინააღმდეგია, აშკარაა, რომ განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში (რადგან ცნობილია, რომ საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში).

მოგმართავთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა დაესწროთ სასამართლო სხდომას თბილისის სააპელაციო სასამართლოში (2014 წლის 10 დეკემბერს, 16 საათზე), სადაც განიხილება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების საკითხი, გაავრცელოთ თქვენი ობიექტური შეფასება, რათა დამეხმაროთ სამართლიანობის მიღწევაში. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ობიექტური ინფორმირებულობა შექმნის იმის საფუძველს, რომ ჩემი უკანონო 2-წლიანი სასჯელი საქართველოში არ გადაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაწირვა, არამედ ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

პატივისცემით

მიკაილ კადიევი
05.12.14.

9-12-2014, 14:00
უკან დაბრუნება