რა გზა უნდა გაიაროს იურისტმა იმისთვის, რომ მოსამართლის მანტია მოირგოს?
სასამართლო სისტემა ახალი მოსამართლეების მისაღებად ემზადება. 6 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.
სასამართლოებში განსახილველ საქმეთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მოსამართლეების სიმცირე კი ისევ პრობლემად რჩება.
-"იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამთავრება ეს არის მსმენელისთვის ახალ ეტაპზე გადასვლა, რათა ჩადგეს მართლმსაჯულების სამსახურში. ამისთვის კი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში უნდა ჩააბარო და 6 თვიანი სასწავლო კურსი უნდა გაიარო. ამ კურსმა საკმაოდ ბევრი ცოდნა შემძინა, რათა გადავიდე იმ საფეხურზე, რომელსაც მართლმსაჯულება ჰქვია"-აცხადებენ სკოლის მსმენელები.
-"იუსტიციის უმაღლესი სკოლა არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ახორციელებს სამოსამართლო კანდიდატების მომზადების პროგრამას. უკვე სერთიფიკატები გადაეცა 6 ასეთ სამოსამართლო კანდიდატს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სკოლის კურსი"-ამბობს იუსტიციის სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მიესალმება ამ პროცესს და ამბობს, რომ საქმეების გაზრდასთან ერთად აუცილებელია სასამართლოში ახალი კადრები.
-"საქმეების გაზრდასთან ერთად აუცილებელია სასამართლოში ახალი კადრები, ეს ჯგუფიც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის რომ თუნდაც მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეივსოს ახალი კადრებით ჯგუფები"-ამბობს ახვლედიანი.