ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილი აჟიოტაჟზე და კურსის ცვლილებაზე ისაუბრა.
"აჟიოტაჟი რომ არ ყოფილიყო, ლარის კურსს 1,76-დან მაქსიმუმ 1,85-ის ფარგლებში ემოძრავა. თუმცა ამას ძალიან არასწორი ინფორმაციები დაერთო, რომელმაც მოსახლეობაზე იმოქმედა და პანიკა შექმნა. რაც მივიღეთ გასული კვირის შუა პერიოდში, როდესაც ლარის კურსი 2,0 იყო, წმინდა აჟიოტაჟის ბრალია. როდესაც ქვეყნის ეკონომიკური გუნდის მხრიდან განცხადებები გაკეთდა, ეს აჟიოტაჟი კვირის ბოლოს ჩაცხრა და კურსმა შემცირების მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. ამ კვირაში სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე. კურსი კლების მიმართულებით მოძრაობს და დღეს უფრო დაბალი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ამას სავალუტო ბაზარი აჩვენებს. ახალ წელს კურსის შემცირების მიმართულებით დამატებითი ფაქტორი იქნება, რადგან ლარებში ხარჯვა გაძლიერებულია და ლარზე მოთხოვნა მაღალია. ვფიქრობ, რომ კურსის მოძრაობა დაბალანსდება, ვერ იქნება ისევ 1,76-ზე, მაგრამ ბევრად უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს არის. ვფიქრობ, ეროვნული ბანკის და ეკონომიკური უწყებების მხრიდან განცხადება ცოტა ადრე რომ ყოფილიყო, ამ აჟიოტაჟის გავლენა ბევრად ნაკლები იქნებოდა", - განაცხადა ლექვინაძემ.
როგორც ლექვინაძემ განაცხადა, ფასების ზრდას ერთადერთ შემთხვევაში, საახალწლოდ შეიძლება ველოდოთ.
"შეიძლება, გარკვეული პროდუქტები გაძვირდა, როგორიც არის ტექნიკა ან ზოგი მედიკამენტი, მაგრამ მსოფილიო ფასების გავლენით ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ინფლაციის ფორმირებაში მთავარ გავლენას ახდენენ, სტაბილურია. ფასების ზრდას ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება ველოდეთ - წინასაახალწლო პერიოდში, როგორც ყოველთვის, მაღალი ფასებია. ლარის კურსის ზეგავლენა ამ ნაწილში ალბათ არ იქნება", - აღნიშნა ლექვინაძემ.