ივერიონი / რატომ სძულს კვირიკაშვილის მთავრობას ქართული ენა?!

რატომ სძულს კვირიკაშვილის მთავრობას ქართული ენა?!

 

 

ამა წლის 22 თებერვალს „ივერიონის“ საშუალებით ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს ღია ბარათით მივმართე.

 

სტატიაში ხაზგასმით მივანიშნებდი, რომ დიდი წვალებისა და ემოციების ფასად საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ მთავრობის მხრიდან უყურადღებოდ იქნა დატოვებული.

 

ვწერდი იმასაც, რომ მას, როგორც ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ისტორიული შანსი შესაბამისად ეპასუხა კანონის მოთხოვნებისთვის და ქართული ენის ჭეშმარიტ გულშემატკივრად მოვლენოდა ქვეყანას (ღია ბარათს წინ უძღოდა ჩემივე სტატია „ვის უმიზნებს გიორგი კვირიკაშვილი და რა ელის ქართულ ენას?!“)!

 

 

მკითხველს შევახსენებ: კანონი საქართველოს მთავრობას ავალდებულებდა 2016 წლის 1 თებერვლამდე შეექმნა „ენის სახელმწიფო დეპარტამენტი“, დაენიშნა დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამასთან, 14 აპრილამდე უნდა შექმნილიყო „სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია“, ხოლო, 14 აპრილს - ქართული ენის დღეს - ქვეყანას უნდა ჰქონოდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა.

 

გულწრფელად გითხრათ, დიდი იმედი არც მქონდა, რომ ჩემს ღია ბარათს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურებოდა (ასეთ თემებზე საპასუხოდ თავს არ იწუხებენ დღევანდელი ჩინოვნიკები), მაგრამ, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის აღსასრულებლად თითსაც თუ არ გაატოკებდა!

 

კვირიკაშვილი ზეციდან არ ჩამოფრენილა - გაპრემიერებამდეც იგი მთავრობის წევრი იყო და მას კარგად უნდა ხსომებოდა საქართველოს პარლამენტში „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებული ალიაქოთი თუ იაღლიშები!

 

არ ახსოვს, თუ არ უნდა ახსოვდეს?!

 

ქართული (სახელმწიფო) ენა დღევანდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი რომ არ არის, ეს კვირიკაშვილის მთავრობის დამოკიდებულებიდან აშკარად ჩანს.

 

ისმება ლოგიკური კითხვა: რატომ სძულს დღევანდელ მთავრობას ქართული (სახელმწიფო) ენა - ენა რომელიც მსოფლიოს 14 ენას (დამწერლობას) შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და იოანე ზოსიმეს წინასწარმეტყველებისა არ იყოს, „დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა“ („ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“).

 

რატომ არ შექმნა დღემდე (ფორმალურად მაინც) კანონით განსაზღვრული სათანადო სტრუქტურა და რატომ არ დაამტკიცა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა, რატომ არ შექმნა (ფორმალურად მაინც), ქართული ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია?!“

 

ვიდრე ამ კითხვებზე პასუხს გავცემდეთ, გავიხსენოთ მეოცე საუკუნის 90-იანი წლების ე.წ. შევარდნაძისდროინდელი საქართველო - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული და სახელმწიფო მანქანის სადავეები თვითდინებაზე მიშვებული, საქართველოს ჰქონდა ენის სახელმწიფო პალატა, რომელსაც ანგარშს უწევდნენ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიც.

 

მახსოვს ჩემი პრაქტიკიდან, პალატის უფლებამოსილი პირის ვიზირების გარეშე ოფიციალური დოკუმენტები მზის სინათლეს ვერ იხილავდნენ (მაშინ ლეგენდები დადიოდა პალატის თავმჯდომარის, ბ-ნ ლევან ღვინჯილიას პრინციპულობაზეც).

 

„ვარდოსნებმა“ სხვა „სიკეთეებთან“ ერთად სახელმწიფო ენის პალატაც ტკბილ მოგონებად აქციეს და ქართული ენა ისევ ჭეშმარიტი მეურვის გარეშე დარჩა!..

 

გავიხსენოთ 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებები - ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო პრიორიტეტებს შორის ქართულ ენაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტთაგანი იყო.

 

მართალია, ავად თუ კარგად, კანონის მიღება კი მოხერხდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა კანონის მიღებას, თუ მას გაგრძელება (შესრულება) არ მოჰყვებოდა და ქართულ ენას სახელმწიფოს სახით გულშემატკივარი არ გამოუჩნდებოდა.

 

 

რა არის ეს: უპასუხისმგებლობა, თუ ერისა და საზოგადოების ინტერესების ფეხებზე (მაპატიეთ ჟარგონისთვის, მაგრამ სხვა შესატყვისი ვერ მოვუძებნე) დაკიდება?!

 

პრემიერისადმი გაგზავნილ ღია ბარათში ვწერდი: „საგანგაშოა, რომ ეს გულგრილობა, მეტიც, უპასუხისმგებლობა არა რომელიმე მოქალაქის ან მოქალაქეთა ინტერესებს, არამედ სახელმწიფო ენის დაცვის იგნორირებას უკავშირდება“.

 

მთავრობა, რომელსაც სახელმწიფო ენის დაცვა მეორეხარისხოვან პრობლემათა ნუსხაშიც არა აქვს შეტანილი, არა ხალხის მთავრობა, არამედ ხალხის და სახელმწიფოს მტერია (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით)!

 

მთავრობა, რომელსაც სახელმწიფო ენის სტანდარტების დაცვა ფეხებზე ჰკიდია, მას ხალხიც და სახელმწიფოც ფეხებზე ჰკიდია!!!

 

როცა „ქართული ოცნების“, #1 სირცხვილზე - უჩა ნანუაშვილზე ვწერდი, იმასაც დავძენდი: თუ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეიტინგზე მიდგება საქმე, ლგბტ-ს მხარდამჭერი, ანტიმართლმადიდებელი სახალხო დამცველიც გაიხსენეთ-მეთქი!

 

ვფიქრობ, არჩევნების წინ გასახსენებელი სია საკმაოდ დიდია. ერთ-ერთი უმთავრესი, ქართული (სახელმწიფო) ენისადმი დღევანდელი მთავრობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა, რომელიც საკუთარ ენას გერივით ექცევა. ის ასევე გერივით ექცევა სამშობლოსაც, სარწმუნოებაზე რომ არაფერი ვთქვათ!

 

მინდა ცივი წყალი გადავასხა კვირიკაშვილის (იგივე „ქართული ოცნების“) ფანებს და მოკრძალებით ვიკითხო: რა მოგწონთ დღევანდელ პრემიერში: სიდინჯე? - მეც მომწონს; გაწონასწორებულობა? - მეც მომწონს.

 

სხვა რა მოგწონთ?

 

მოგწონთ, კანონს პატივს რომ არ სცემს და ქართულ (სახელმწიფო) ენას ასე უპასუხისმგებლოდ რომ ექცევა? - მე არ მომწონს.

 

მოგწონთ, სამებაში რომ დაიჩოქა? - გარეგნულად მეც მომწონს, მაგრამ, არ მომწონს, როცა გარეგნულ ღვთისმოშიშებას შინაგანი გულწრფელობა არ ახლავს! ასე რომ იყოს, სამერთიანი ამოცანის (მამული, ენა, სარწმუნოება - ილია) ერთ-ერთ მთავარ ატრიბუტს - ენას - ზურგს არ შეაქცევდა და ჭეშმარიტ მეურვედ მოევლინებოდა!

 

როგორც წესი, მთავრობა სახელმწიფოსთან ასოცირდება, კონკრეტულ მომენტში მას უჭირავს სახელმწიფოს მართვის სადავეები და მის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ბევრადაა დამოკიდებული ერის (სამშობლოს) მომავალი.

 

არ ვიცი, რა პასუხი ექნება ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, როცა მას როგორც მთავრობის მეთაურს და მმართველი პარტიის ლიდერს წინასაარჩევნოდ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის აღსრულების თაობაზე კითხვებს რომ დაუსვამენ. მე პირადად უკვე მეორედ ვუსვამ კითხვას:

 

ბატონო გიორგი, რატომ არ ასრულებთ კანონის მოთხოვნებს და რატომ ექცევით ასე უდიერად საკუთარ ენას?

 

რატომ არ ქმნით დროულად სახელმწიფო ენის დეპარტამენტს და რატომ არ ამუშავებთ სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამას, რომელმაც მრავალათასწლოვანი ქართული ენა გადაშენებისგან უნდა იხსნას?

 

მე არ მოგცემთ ხმას მომავალ არჩევნებში და იგივეს მოვუწოდებ სხვებსაც, რადგან, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ქართული ენა სულერთი არ არის!

 

ბოლოთქმა: „ქართულ ოცნებას“ საკადრო რესურსების დეფიციტი რომ აქვს არახალია, ძველია. იქნებ მათ რიგებში კვალიფიციური კადრების არარსებობა ამუხრუჭებს ამ კანონის აღასრულებასაც. თუ ეს ნამდვილად ასეა, მე შემიძლია პროფესიონალების მთელი არზა ჩამოვუწერო, რომლებიც ღირსეულად დადგებიან ქართული ენის სიწმინდის დაცვის სადარაჯოზე!

 

თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო, ნათქვამისა არ იყოს, ეტყობა კვირიკაშვილის მთავრობაში ამის ნება არ არის, თორემ, კადრები ამ დაბეჩავებულ საქართველოშიც ნამდვილად მოიძებნებოდა!

 

ბოლოთქმის ბოლო თქმა: მთავრობა კანონის მოთხოვნებს რომ არ ასრულებს გასაგებია, მაგრამ რას აკეთებს საქართველოს პარლამენტი, რომელმაც ეს კანონი მიიღო და რომელიც პსუხისმგებელია ზედამხედველობა გასწიოს მის აღსრულებაზე?

 

რას აკეთებს და ინტრიგებით ერთობა!

 

მოკლედ, რაც ალხანა, ის ჩალხანაა!!!

 

http://iverioni.com.ge/15574-vis-umiznebs-giorgi-kvirikashvili-da-ra-elis-qarthul-enas.html

 

http://iverioni.com.ge/15941-khelisufleba-romelic-sakuthar-enas-gerivith-eqceva-is-klavs-sakuthar-sakhelmtsifosac.html

 

ზაურ ნაჭყებია,

„ქართული პლატფორმა“

20-05-2016, 11:17
უკან დაბრუნება