ვის „უმიზნებს“ გიორგი კვირიკაშვილი და რა ელის ქართულ ენას?!

ვის „უმიზნებს“ გიორგი კვირიკაშვილი და რა ელის ქართულ ენას?!

2015 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ (ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი).

 

კანონპროექტის პარლამენტში შეტანას წინ უძღოდა მეცნიერთა ჯგუფის შექმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, რომელსაც აკადემიის იმჟამინდელი პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე ხელმძღვანელობდა.

 

ნიშანდობლივია, რომ მეცნიერთა ჯგუფი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. პროფესორები: მზექალა შანიძე, გუჩა კვარაცხელია, ჯონი ხეცურიანი, თედო ნინიძე, ავთანდილ არაბული (აკადემიკოს-მდივანი), გიორგი გოგოლაშვილი, ვაჟა შენგელია, როინ მეტრეველი. მართალია, კომისია კი შეიქმნა, მაგრამ საქმე მკვდარი წერტილიდან მანამ არ დაიძრა, ვიდრე, ამ პროცესში ქართული ენის ხმალამოღებული ქომაგი ლევან ღვინჯილია არ ჩაერთო (აკადემია გვიან მიხვდა, რომ მსგავსი კანონპროექტი ადრეც არსებობდა და მისი ავტორი სწორედ ლევან ღვინჯილია იყო).

 

 

              ცოტა რამ ისტორიიდან

 

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“ ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში შეიქმნა. კანონპროექტმა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტები წარმატებით გაიარა. 2002 წელს პლენარულ სხდომაზეც გაიტანეს, მაგრამ... გარკვეულ წინააღმდეგობებს წააწყდა და დღის წესრიგიდან მოიხსნა (მისი მიღება ვერ მოხერხდა).

 

თუმცა, მუშაობა არ შეჩერებულა - პარლამენტმა შექმნა ჯგუფი მანანა გიგინეიშვილის, შუქია აფრიდონიძის, გელა კვარაცხელიას, ლევან ღვინჯილიას შემადგენლობით და კანონპროექტის საბოლოოდ შეჯერების მიზნით ჰააგაში მიავლინა. ჯგუფმა ნაყოფიერად იმუშავა და შეჯერებული ვარიანტი თბილისში ჩამოიტანა. ნიშანდობლივია, რომ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტს მხარს უჭერდა ეუთოს ეროვნული უმცირესობის უმაღლესი კომისარიატი, მაშინდელი კომისრის, როლფ ეკეოსის ხელმძღვანელობით.

 

საბოლოო ვარიანტით ამოიწურა ის პრინციპული უთანხმოება, რაც კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნის მიზეზი გახდა, კერძოდ: მუხლი „საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს სახელმწიფო ენას“ შეიცვალა ფორმულირებით: „საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებთან ურთიერთობა დაამყაროს სახელმწიფო ენაზე“.

 

პარლამენტიდან ჰააგაში მივლინებულმა ჯგუფმა დახვეწილი და შეჯერებული ვარიანტი კი ჩამოიტანა, მაგრამ კანონის მიღებისთვის უკვე არავის ეცალა - საქართველოს „ვარდების რევოლუციის“ აჩრდილმა გადაუარა... „ვარდოსნებმა“ კი არათუ კანონის მიღება ისურვეს, არამედ, „სახელმწიფო ენის პალატა“, რომელიც ადრე საქვეუწყებო დაწესებულება იყო და საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, ჯერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუქვემდებარეს, შემდეგ კი, საერთოდ გააუქმეს!

 

 

             სად გაქრა კანონი?!

 

სააკაშვილის ხელისუფლება ქართულ ენას რომ არ წყალობდა იქიდანაც ჩანს, რომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიდან კანონპროექტი საერთოდ გააქრეს (მისი ხსენება არ ყოფილიყო). ავი ენები ამბობენ, რომ ეს ავანტიურა განათლების მაშინდელ მინისტრს კახა ლომაიას უკავშირდება, რომელსაც ჯერ ენის „დაცვა“ გადააბარეს, შემდეგ კი ენის სახელმწიფო პალატა საერთოდ გააუქმებინეს!

 

ემოციურ ტალღაზე მოსულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად ქართული ენის დაცვა და მისი საკანონმდებლო უზრუნველყოფა გაახმოვანა.

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყეს კიდეც ამაზე მუშაობა, მაგრამ არსებული კანონპროექტი ვერ იპოვეს. გაჭირვების ტალკვესად მაშინ ლევან ღვინჯილია მოევლინათ, რომელიც, თავის დროზე, აღნიშნული კანონპროექტის ავტორი გახლდათ. სწორედ ამ მოტივაციით გახდა აუცილებელი ღვინჯილიას მეცნიერებათა აკადემიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრად შეყვანაც.

 

რამდენადაც ვიცით, ლევან ღვინჯილიას ავტორობით შექმნილი და თავის დროზე ჰააგაში „დავარცხნილ-გაცხრილული“ კანონონპროექტი დაედო საფუძვლად  დღევანდელ კანონს „სახელმწიფო ენის შესახებ“, რომელსაც ორი თავი დაემატა.

 

კერძოდ: ენის სახელმწიფო პალატის ნაცვლად შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი (რომელიც მთავრობას დაექვემდებარა) და სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია. თუ ხატოვნად ვიტყვით, კომისიამ ლინგვისტური პარალამენტის (მაკონტროლებელის) ფუნქცია უნდა შეასრულოს, ხოლო, დეპარტამენტმა - მთავრობის (აღმასრულებლის).

 

 

              რატომ იწელება კანონის ამოქმედება?

 

კანონის მიღებასთან დაკავშირებული ფორმალობები დროში ისედაც საკმაოდ გაიწელა - ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ გარკვეული ძალები პროექტს ხელოვნურად ამუხრუჭებდნენ. არადა, 2013 წლის გაზაფხულზე პარლამენტში შესულმა საკანონმდებლო ინიციატივამ მხოლოდ 2015 წლის ზაფხულში ჰპოვა კანონის ძალა.

 

მიუხედავად იმისა, რომ არსებულ კანონპროექტზე ჰააგის კომისიის დადებითი დასკვნა არსებობდა, დავით უსუფაშვილმა ისევ მოინდომა დასკვნის გადამოწმება - არადა, ადრინდელი და ჰააგიდან ხელახლა გამოგზავნილი დასკვნები ტყუპისცალივით ჰგავდა ერთმანეთს. თუმცა, გაჭიანურების მიზეზი მარტო უსუფაშვილის „ახირება“ არ ყოფილა - პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა საკუთარი უპრინციპობით თუ უნიათობით საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვა, რომელმაც, ლამის საფრთხე შეუქმნა აღნიშნული კანონის მიღებას!

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა, არის მუხლები, რომელიც ეტაპობრივად უნდა ამოქმედდეს.

 

კერძოდ, აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია „ენის სახელმწიფო დეპარტამენტიშეიქმნას 2016 წლის 1 თებერვლამდე, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა გამოსცეს შესაბამისი დირექტიული აქტი და დანიშნოს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც დაევალება კონკრეტულ დროში ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ დაიწყოს თანამშრომელთა შერჩევა არსებული  კანონმდებლობის შესაბამისად.

 

კანონის თანახმად, ასევე შესაქმნელია სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისია. ნიშანდობლივია, რომ ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 2016 წლის 14 აპრილამდე. 14 აპრილს კი უნდა დამტკიცდეს ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვლამდე რამდენიმე დღე რჩება, საზოგადოებამ ჯერჯერობით არაფერი იცის იმის თაობაზე, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მთავრობაში მომზადებულია თუ არა დირექტიული აქტი ენის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნაზე და მოიაზრება თუ არა ვინმე ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად?!

 

თუ 2016 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი ასიგნებით ვიმსჯელებთ, ენის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოყოფილი აქვს მხოლოდ 300 000 (სამასი ათასი) ლარი. საინტერესოა, როგორ, რა კრიტერიუმით გამოიანგარიშეს ეს თანხა და რამდენად გაწვდება იგი 50-კაციან საშტატო განრიგს დამატებული თავისი კომუნალური, საოფისე და წარმომადგენლობითი ხარჯებით?!

 

სად გაქრა კანონპროექტის განმარტების ბარათში დაფიქსირებული 1 მილიონი ლარი? რატომ ფიქრობს მთავრობა, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა ნაკლებად პრიორიტეტულია, ვიდრე, ვთქვათ ყოველგვარ სულიერებას მოკლებული, გულისამრევი შოუების დაფინანსება იგივე სახელმწიფო ბიუჯეტიდან? რატომ რჩება საფიცარი ქართული ენა ყოველთვის გერის როლში?

 

ბოლოთქმა: საკუთარ ენას, ალბათ, ისე უხეიროდ არსად არ ექცევიან, როგორც საქართველოში. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რომ ძალიან სუსტია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა - სალიტერატურო ნორმების დაცვას ვინ ჩივის, ისეა დანაგვიანებული საზეპურო ქართული ენა ათასგვარი სლენგებითა თუ უცხოური „მინარევებით“, ნორმალურ კაცს ტირილი მოუნდება!

 

განსაკუთრებით „ბრწყინავს“ ქართული მასმედია, რომელიც არა მარტო პროფესიონალიზმით მოიკოჭლებს - შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ქართულად მწერალ-მოლაპარაკე ჟურნალისტები ენის „დასნებოვნების“ თვალსაზრისით, მსოფლიო რეკორდსაც კი ხსნიან. ვინ არის განმკითხავი? არც არავინ! (სიტყვამ მოიტანა და მთავარი ის კი არ არის, ქართულ ენაზე ილაპარაკო ან წერო, მთავარია, როგორ ლაპარაკობ და წერ და როგორ ექცევი სახელმწიფო ენას!).

 

მოუთმენელი სიტუაციაა საჯარო დაწესებულებებშიც, სადაც სახელმწიფო ენის ნორმების დაცვაზე არავინ ფიქრობს. რაც შეეხება კერძო სტრუქტურებს, განსაკუთრებით, სარეკლამო პრაქტიკას, იგი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს და თვითდინებაზეა მიშვებული.

 

ძნელი სათქმელია, ამ ფონზე რამდენად გამოასწორებს არსებულ სიტუაციას კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“. მითუმეტეს, მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ფაცი-ფუცი ჯერჯერობით არ იგრძნობა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ თავისთავად კანონის არსებობა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ მის აღსრულებაზე კონტროლი არ დაწესდა.

 

არც ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ფორმირება მოგვიტანს ხეირს, თუ იგი პროფესიონალი და პრინციპული კადრებით არ დაკომპლექტდა (თუ პარალელს გავავლებთ, შევარდნაძისდროინდელი სახელმწიფო ენის პალატა 250-მდე თანამშრომელს ითვლიდან, ენის სახელმწიფო დეპარტამენტი მხოლოდ 50 ერთეულით დაკომპლექტდება. დანარჩენი თავად განსაჯეთ!).

 

ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, ჩაეტევა თუ არა კანონით გათვალისწინებულ ვადებში მთავრობა და 1 თებერვლამდე დანიშნავს თუ არა ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ან რა კრიტერიუმით შეარჩევს მას. თუმცა, სამსახურის ამოქმედებას ხომ სათანადო კადრები და ასევე, სათანადო პირობებიც სჭირდება, რომლის მოგვარება ასეთ შემჭიდროებულ ვადებში შეუძლებელია!

 

P.S.  ჩვენ დავინტერესდით ენის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად მოიაზრება თუ არა ქართული ენის ხმალამოღებული ქომაგი ბატონი ლევან ღვინჯილია. სამწუხაროდ, მან გაურკვეველი პასუხი გაგვცა. უფრო სწორად, აღნიშნა, რომ მისთვის არავის არაფერი არ შეუთავაზებია. თვითონ კი აქტიურობას არც აპირებს. მისი თქმით, მთავარია კანონმა იკანონოს და ქართულ ენას ჭეშმარიტი გულშემატკივარი გამოუჩნდეს!

 

ისე, პური მაინც მეპურეს უნდა გამოვაცხობინოთ, თუ გვინდა „სურნელიც“ ჰქონდეს და „არომატიც“.

 

 

ზაურ ნაჭყებია

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: