პასუხისმგებლობის... უპასუხისმგებლობა!

პასუხისმგებლობის... უპასუხისმგებლობა!

აქსიომაა: ნებისმიერი ადამიანი საკუთარ დანაშაულზე აგებს პასუხს. პასუხისმგებლობის ტვირთი კი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მძიმე, ან მსუბუქია მისი დანაშაული!


 

როგორც წესი, ადამიანები პასუხისმგებელნი არიან კანონის წინაშე - იმ კანონის წინაშე, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, სადაც ისინი ცხოვრობენ (თუმცა, არსებობს მორალური პასუხისმგებლობაც, რომელსაც ანგარიშს ძალიან იშვიათად ვუწევთ)...


 

ასევე, არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობაც, როცა ადამიანთა ჯგუფის ქმედება პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ინტერესებს!


 

შეიძლება ერთი ადამიანის დანაშაულმა, ერთი ან რამდენიმე დააზიანოს, მაგრამ სულ სხვაა პასუხისმგებლობის ტვირთი, რომელსაც სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა ატარებდეს!


 

დიახ, სახელმწიფო ბიუროკრატიის, ანუ მოქმედი ხელისუფლების სწორ, ან საზიანო (მოღალატურ) ნაბიჯებზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობა, ანუ მისი ჯანსაღი მომავალი!


 

* * *


ბიუროკრატია, იმის ბიუროკრატიაა, მის ხელთ არსებული ბერკეტები საკუთარ კომფორტს დაექვემდებაროს -  სახელმწიფოზე, საკუთარ ხალხზე იმდენად იფიქროს, რამდენადაც პასუხისმგებლიან, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოებასთან გვაქვს საქმე!


 

საბჭოთა სისტემას, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიაზე იყო დამყნობილი, თავისი შუქ-ჩრდილები ახასიათებდა. თუ დღევანდელი გადასახედიდან შევაფასებთ, იქ უფრო მეტად იყო გათვალისწინებული სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესები, ვიდრე დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოში!

იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას რომ თავი დავანებოთ, დამოუკიდებლობის დეკლარირების შემდგომ საქართველოში, როგორც სახელმწიფო ბიუროკრატიის, ასევე, ხალხის პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, თითქმის მინიმუმამდე დავიდა - თავსმოხვეულმა ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ, სახელმწიფოს საყრდენები მოარყია, ხოლო, ყალბად გაგებულმა თავისუფლებამ, ყველას ყველაფრის უფლება მისცა!


 

უპასუხისმგებლობის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 1989 წლის 9 აპრილს გამოჩნდა, როცა ეგზალტირებული მასა, საქართველოს პატრიარქის გაფრთხილებას - „ჩემო სულიერო შვილებო, განსაცდელი გვიახლოვდება და დავიშალოთ“ - არ დაემორჩილა!


 

რაც არ უნდა ამტკიცონ, რომ 9 აპრილმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, ვერ გავიზიარებ - საბჭოთა კავშირი ისედაც იშლებოდა და ჩვენ ჩვენივე დაუფიქრებლობით, აღტკინებითა თუ ეგზალტირებით, მის ნანგრევებში მოვადინეთ ზღართანი!


 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სცენარი წინასწარ იყო დაწერილი, ხოლო, საბოლოო განაჩენი ქვეყანას ისევ მოღალატე ქართველების ხელით გამოუტანეს! თუ არ ჩავთვლით ხელისუფლების ნებსით თუ უნებლიე შეცდომებს, გამსახურდიას ხელისუფლება, ერთადერთი ხელისუფლება იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომელსაც საკუთარი ხალხისთვის არ უღალატია!


 

თუმცა, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, საქართველოს დაღმასვლა სწორედ ეროვნული ხელისუფლების პუტჩით დაიწყო.


 

* * *


სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან უპასუხისმგებლობის მარათონი შევარდნაძის პრეზიდენტობიდან იღებს სათავეს. ხალხს არწმუნებდნენ (ბევრს სჯეოროდა კიდეც), რომ სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ერთადერთი ედუარდ შევარდნაძე იყო, ვინც სიტუაციას დაალაგებდა და საქართველოს ევროპულ (დასავლურ) ორბიტაზე გაიყვანდა...


 

შევარდნაძემ კარგად ისარგებლა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ასეთი ეიფორიული განწყობით და წამოიწყო პოლიტიკური თამაში, რომელმაც იგი საქართველოს ისტორიაში შეიყვანა, როგორც აფხაზეთის ტრაგედიის ძირითადი ავტორი!


 

არა აქვს მნიშვნელობა, ვის ინტერესებში შედიოდა იგი - ძირძველი აფხაზეთის საქართველოსთვის ჩამოშორება, შევარდნაძის კისერზეა! ყოველ შემთხვევაში, ამას ხელი შეუწყო საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რომლის მთავარი დირიჟორი სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პრეტენზიები მის სიცოცხლეშივე ისმოდა, შევარდნაძეს არც მისი ორგანიზებით მოწყობილ პუტჩზე და არც აფხაზეთის დაკარგვაზე პასუხისმგებლობა არ აუღია!


 

სწორედ აქედან იწყება უპასუხისმგებლობის კასკადი სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან, რომელთა პარპაშს ეწირება საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები!


 

დიახ, შევარდნაძე ისე გააგდეს (ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა!) ხელისუფლებიდან, მის მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე პასუხისმგებლობა არ აუღია!


 

* * *


უპასუხისმგებლობის ზეობა კი სააკაშვილის რეჟიმის დროს დაიწყო - ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მოეპრიანებოდათ - ქვეყანა ლამის საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, მეტიც, ხალხს სული ამოხადეს, ტერიტორიებიც დაკარგეს, მაგრამ საკადრისი სასჯელი დღემდე არ მიუღიათ! ყოველ შემთხვევაში, არ ამოქმედებულა სახელმწიფო ღალატის მუხლი, რომელიც წერტილს დაუსვამდა მომავალში მსგავსი რეჟიმების არსებობას!


 

ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ზოგიერთი დამნაშავე არაადექვატურ სასჯელს იხდიდა, საკმარისი არ არის!


 

ვნახოთ, რა დასკვნას დადებს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მოხდება თუ არა დამნაშავე რეჟიმის გასამართლება და „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე პარტიის გაძევება პოლიტიკური სივრციდან!


 

მიუხედავად იმისა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ დღევანდელი რეჟიმიც გარედან ზეწოლით, თუ არასახელმწიფოებრივი მიდგომებით, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არ წასულა! მხედველობაშია სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი კანონები (მაგალითად: „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, „კანონი იუვენალური იუსტიციის შესახებ“, „საბავშვო კოდექსი“, ნარკოლიბერალიზაცია, კონსტიტუციაში 72-ე მუხლის შეტანა („საქართველოს მიზანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანში გაწევრიანება“), უცხოელებზე მიწების მიყიდვა, კატასტროფულად მზარდი მიგრაციული ნაკადები...).


 

სახელმწიფოს მაღალი რანგის ჩინოვნიკთა უპასუხისმგებლობის თემა ყველაზე მეტად საეჭვოდ ამოტივტივდა ამ ბოლო ხანებში - მმართველი პარტიის წარდგინებითა და მხარდაჭერით, ადამიანები ჯერ უმაღლესი რანგის თანამდებობაზე ინიშნებიან (მათ შორის, სახელმწიფოს პირველ პირებად), შემდეგ კი, ისე მოასრიალებენ, რომ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები ჩნდება - მეტიც, ჭორებიც კი ვრცელდება, რომ ისინი სახელმწიფოს ღალატში იქნენ შემჩნეულნი და ამიტომ ჩამოაშორეს მართვის სადავეებს! 


 

სახელმწიფო ჩინოვნიკთა დავერბოვკების თემა არახალია და ეს არც უნდა გვიკვირდეს, მაგრამ, ხალხმა უნდა იცოდეს, რა დონის დანაშაულთან (ღალატთან) გვქონდა (გვაქვს) საქმე და მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს! 


 

სხვანაირად, რა გამოდის? „მოაბალახებენ“, როგორც კულუარებში ამბობენ, მილიარდებს დააგროვებინებენ და როცა უნდობლობის „ბაცილა“ იჩენს თავს, მაშინ დაასრიალებენ! ოფიციალურად კი მადლობასაც უხდიან გაწეული ღვაწლისთვის. 

არადა, სინამდვილეში... თურმე, „გველი გვყოლია უბეში...“ და ასე გრძელდება დაუსრულებლად!


 

დასკვნა: ვიდრე ქვეყანაში პასუხისმგებლიანი საზოგადოება არ გაჩნდება, ვიდრე, ხალხი ხელისუფლების საქმიანობას მონიტორინგს არ გაუწევს, ყოველთვის იქნებიან ხალხის ხარჯზე გაქსუებულ-გამილიარდელებული, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების სასწორზე შემგდები მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ქვეყანა კი ყოფნა-არყოფნის ქანქარაზე იქნება ჩამოკიდებული.



 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: