მე... „რუსეთუმე“, ანუ რატომ ვაგვიანებთ რუსეთთან დიალოგს?!

მე... „რუსეთუმე“, ანუ რატომ ვაგვიანებთ რუსეთთან დიალოგს?!

  


„საქართველოს არ უცდია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან... ერთადერთი, ვინც ეწინააღმდეგება ჩვენი ურთიერთობის დალაგებას, დიფსთეითია“ - წერდა სუციალურ ქსელში მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ცნობილი დისიდენტი და უფლებადამცველი, ქ-ნი ნანა კაკაბაძე.


ამჯერად, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, ვინ ეწინააღმდეგება საქართველოს ურთიერთობის დალაგებას რუსეთთან (ასეთი დაბრკოლებები თითქმის ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიაში), არამედ ის, რომ „საქართველოს არ უცდია პირდაპირი დიალოგი რუსეთთან“.


ბუნებრივად იბადება კითხვა: რატომ?


თუ ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო დამოუკიდებელია და, მითუმეტეს, იმასაც ვაყოლებთ, რომ უკვე ნელ-ნელა ქვეყანა სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა, რატომ დავკარგეთ ეს 2 წელი? მითუმეტეს, რუსეთთან დიალოგის დაწყება, ურომლისოდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია, არ ნიშნავს ერთმნიშვნელოვნად საქართველოს რუსულ პოლიტიკურ ორბიტაზე გადასვლას და რუსეთის ერთ-ერთ გუბერნიად გადაქცევას - რუსეთს არც სჭირდება საქართველოს საკუთარ ზურგზე მოკიდება, მას ისედაც გააჩნია საკმარისი ბერკეტები ჩვენს „მოსათვინიერებლად“ და აუცილებლობის შემთხვევაში, საკუთარი გავლენის გავრცელებასაც მოახერხებს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა, საქართველოსთან არც ზედმეტად მტრული ურთიერთობა აწყობს!



ზედმეტად მიმაჩნია იმის შეხსენებაც, თუ რა წინაპირობები უძღოდა წინ რუსეთის მხრიდან საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ოკუპაციას და ვინ იდგა ამ ავანტიურის მიღმა, მაგრამ ერთ არსებით მომენტს აუცილებლად გავუსვამ ხაზს - ვინც ამ ავანტიურის პროვოცირებას შეუწყო ხელი, სწორედ ის უშლის დღესაც ხელს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას. თუ მაშინ პროვოკატორად დასავლეთი (ამერიკა) მიგვაჩნდა, გამოდის, რომ დღევანდელი გაგებით დიფსთეითი ყოფილა. ეს სწორედ ის დიფსთეითია, რომელსაც „ომი“ გამოუცხადა დღევანდელმა ხელისუფლებამ და პირობა დადო, რომ იზრუნებდა საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებაზე! სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცება კი, ყველა ჯანსაღი ქართველისთვის სანუკვარი ოცნების - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს იურისდიქციაში მოქცევის გარეშე შეუძლებელია!


მაშ, რატომ აგვიანებს ხელისუფლება დიალოგის დაწყებას რუსეთთან, მითუმეტეს მაშინ, როცა დიალოგის ინიციატივა თავად რუსეთისგან მოდის (მხედველობაში მაქვს რუსეთის ოფიციალური პირების, სერგეი ლავროვის და ანა ზახაროვას განცხადებები, თავად პრეზიდენტ პუტინის მინიშნებებიც)?


დღეს, როცა დღის წესრიგშია მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება, ბუნებრივია, პოლიტიკური ორიენტაციის მყისიერი შეცვლა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ რუსეთთან დიალოგს რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ესეც ფაქტია - რუსეთმა ჩვენგან უნდა მიიღოს მყარი გარანტიები, რომ საქართველო საბოლოოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ალიანსში ინტერგრაციაზე (განსაკუთრებით, ნატო-ში). ამისთვის კი აუცილებელია კონსტიტუციიდან იმ ავადსახსენებელი 78-ე მუხლის ამოღება, რომელიც თავის დროზე დასავლეთის ერთგულების დასამტკიცებლად შეიტანეს, თურმე!


მესმის, არც ისე ადვილია დასავლეთის კოლონიალური მდგომარეობიდან თავის დაღწევა, მაგრამ, თუ პირველი ნაბიჯები დროზე არ გადავდგით, დაგვიანებამ, შესაძლოა, ჩვენთვის კაბალურ სიტუაციამდე მიგვიყვანოს!!!



ვეთანხმები ქ-ნ ნანა კაკაბაძეს, რომ „დიალოგი მოითხოვს გონივრულ პოლიტიკას ხელისუფლებისგან და პატრიოტიზმს“, მაგრამ, როცა სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცების დეკლარირებას აკეთებ, ერთისთვისაც უნდა იყო მზად და მეორისთვისაც! რაც მთავარია, ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას, ფარად და მახვილად საკუთარი ხალხი უნდა დაიგულო - არადა, ფაქტია, რომ მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი აშკარად მიესალმება რუსეთთან დიალოგის დაწყებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით და არა საქართველოს რუსეთის კოლონიად გადაქცევას, როგორც ამას ე.წ. მე-5 კოლონა გვიკიჟინებს!


აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რა სავალალო შედეგები მოჰყვა საქართველოს გასვლას რუსეთის ორბიტიდან (უპირველესად, თავსმოხვეულ ომს და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ვგულისხმობ), რა დაუჯდა ქვეყანას ყალბად გაგებული ე.წ. დასავლური დემოკრატია, რომელსაც ერის ეკონომიკური და სულიერი დაკნინება მოჰყვა. მეტიც, ქვეყანა დაიშალა დაპირისპირებულ ჯგუფებად, რომელიც საფრთხეს უქმნის ერის ფიზიკურ არსებობასაც კი. არაფერს ვამბობ, ჯანსაღი ეროვნული ფასეულობების რევიზიაზე.



დასკვნა მარტივია: საჩქაროდ დასაწყებია დიალოგი რუსეთთან, ამასთან, აუცილებელია ნიადაგის მომზადება საქართველოს ნეიტრალურ ქვეყნად გადაქცევისთვის! როგორც გუშინ ერთმა პროფესიონალმა ქართველმა დიპლომატმა მითხრა: საქართველო მომავალში მსოფლიოს სამი მოთამაშის - რუსეთის, ჩინეთისა და ამერიკის თანაბარი ინტერესების პოლიგონად იქცევა, რაც სწორედ მის ნეიტრალურობას განსაზღვრავს!


P.S.  ნათქვამია: „ვინც არ რისკავს, ის შამპანურსაც არ სვამს“-ო. გონივრული რისკი აუცილებელია, რომ მოჯადოებული წრიდან გამოვიდეთ!


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი



საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: