„დიპ სტეიტი“-ს დამარცხებას ამაოდ ველოდებით!

„დიპ სტეიტი“-ს დამარცხებას ამაოდ ველოდებით!

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი კობახიძეს



ბ-ნო პრემიერო, 



ყურადღებით გავეცანი თქვენს ღია წერილს, რომლის ადრესატიც აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.


სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან, ღია წერილის ფორმით აშშ-ს პრეზიდენტისადმი მიმართვა, ალბათ, უკიდურესი აუცილებლობითაა ნაკარნახევი, თორემ, თუ ღია წერილის პათოსს ობიექტურად გავიაზრებთ, კითხვის ნიშნები ბუნებრივად იბადება.


კერძოდ:


თქვენ წერთ, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის პირობებში, სისტემატური ხასიათი ჰქონდა რადიკალიზმისა და სიძულვილის გაღვივების, რევოლუციის მოწყობის მცდელობას, ეკლესიის იმიჯის შელახვას, სახელმწიფო ინსტიტუციების დასუსტებას და ა.შ.



ამ პირობებშიც კი, საქართველო აშშ-ის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება და დღესაც გამოხატავს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას!


ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ უბედურებას უწყობდა ხელს საქართველოში, საზოგადოებისთვისაც საკამათო არ არის, მაგრამ დამაფიქრებელია ერთი გარემოება: სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივ ურთიერთობას გულისხმობს და ყველაფერ იმის შემდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ადმინისტრაციის პერიოდში, როგორ შეიძლებოდა „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად“ დარჩენილიყო საქართველო. მითუმეტეს, ტრამპის გაპრეზიდენტებიდან 100 დღეზე მეტია გასული და საქართველოსთან მიმართებაში  თითქმის არაფერი შეცვლილა.


მეტიც, თქვენ კიდევ ერთხელ ახსენებთ ახალ ადმინისტრაციას, რომ მზად ხართ „სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით“ განაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, მაგრამ, იქიდან პასუხიც არ გაღირსეს.


დასკვნა მარტივია: მიუხედავად ახალი ადმინისტრაციისა, საქართველოსადმი დამოკიდებულება არსებითად არ შეცვლილა და, როგორც ჩანს, რაც არ უნდა დავუჩოქოთ, ეტყობა, ტრამპის ადამინისტრაციასაც თავისი ანგარიშები აქვს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან, რაც რადიკალურად უარყოფითად აისახება ქვეყანაზეც.



ის, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ წყალობს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, თქვენივე სიტყვებიდანაც ჩანს, სადაც ამერიკის პრეზიდენტს მოკრძალებით ახსენებთ, რომ მან გაპრეზიდენტების შემდეგ „არადემოკრატიულ და ავტორიტარულ“ სახელმწიფოებთან აწარმოა დიალოგი, საქართველოსთან მიმართებაში კი დუმს, მიუხედავად თქვენი მხრიდან ოფიციალური შეხსენებისა! გეთანხმებით, რომ ასეთ დამოკიდებულებას „ლოგიკური ახსნა არა აქვს“, თუმცა...



როგორც ჩანს, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას არც ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხვედრა უჩუყებს გულს და არც ის ფაქტი, რომ ჩვენ „ლიდერი ვართ რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, მედიის თავისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერის და დაბალი კორუფციის თვალსაზრისით!“



არც იმას უწევენ ანგარიშს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ტრამპზე ადრე საუბრობდა „დიპ სტეიტ“-ზე, USAID-ზე, NED-ზე და მათ მავნებლობაზე საქართველოში.


თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, არც იმას უწევენ ანგარიშს, რომ ტრამპს იდენტური შეფასებები აქვს უკრაინის ომთან, ლგბტ პროპაგანდასთან, გენდერის თემასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით...



ის, რომ საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკა ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც არ შეცვლილა, ჩანს თუნდაც აშშ-ს კონგრესის მიერ მიღებული „მეგობრული აქტი“-დან, რომელსაც თქვენ სამართლიანად აბსურდულს და ქართველი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ მტრულად გამსჭვალულს უწოდებთ. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ამ არაპარტნიორულ (დანაშაულებრივ) „აქტს“ აშშ-ს ადამიანისტრაციის მხრიდან კრიტიკული შეფასება არ მოჰყოლია.


გეთანხმებით იმაში, რომ ტრამპის რიტორიკა „დიპ სტეიტი“-ს დამარცხებაზე,  შესაძლოა „დიპ სტეიტი“-ს რებრენდინგის მცდელობა იყოს. მეტიც, ტრამპის ინაუგურაციის შემდგომი პერიოდი და მისი ადმინისტრაციის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ შესაძლოა თავად ტრამპი იგივე „დიპ სტეიტი“-ს შენიღბული ნაწილი იყოს და თქვენ ამაოდ ელოდებით „დიპ სტეიტი“-ს დამარცხებას და ურთიერთობის გადატვირთვას აშშ-ს ახალ ადამიანისტრაციასთან - სტრატეგიული პარტნიორობის „ახალი ფურცლიდან, ახალი გზამკვლევით“.



თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკა, განსაკუთრებით, ისეთი სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა, დაუყოვნებლივ ითხოვს უსაფრთხოების ქოლგის არსებობას! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთი, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, არასდროს შეურიგდება კავკასიის, უპირველესად, საქართველოს საბოლოოდ დათმობას კოლექტიური დასავლეთისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელია პირდაპირი დიალოგის დაწყება რუსეთთან, ურომლისოდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია. თუმცა, ეს არ უშლის ხელს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ ურთიერთობასაც. ამით გვეხსნება გზა საქართველოს 3+3 ფორმატში და სხვა გაერთიანებებში გასაწევრიანებლადაც, რაც პოლიტიკურ-ეკონომიკური სიმტკიცის წინაპირობაც იქნება!


ბატონო პრემიერო,


გვესმის, როგორი ზეწოლისა და ადგილობრივი მანქურთების ღალატის პირობებში უხდება დღევანდელ ხელისუფლებას საქმიანობა, გასაგებია ისიც, რომ ისედაც გაბრალებენ დემოკრატიიდან და დასავლური კურსიდან გადახვევას. აქედან გამომდინარე, მოეთათბირეთ საკუთარ ხალხს, გაიგეთ როგორია მათი არჩევანი - ხალხის მხარდაჭერა ძალასაც შეგმატებთ და დიდ სამსახურს გაგიწევთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაშიც.


წარმატებებს გისურვებთ სწორი გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთებისას.


 

პატივისცემით,



ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: