„გასამართლებული“ გახარია და ვნების კვირაში ამოფრქვეული ახალი ვნებები!

„გასამართლებული“ გახარია და ვნების კვირაში ამოფრქვეული ახალი ვნებები!

ქრისტე აღსდგა!


ვნების კვირაში ჩემ მიერ გამოცხადებული მორატორიუმი დასრულდა. მართალია, პოლიტიკას არ გავკარებივარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაც დაწყნარდა და თმენით, ტკივილითა და სიხარულით ელოდებოდნენ ჯერ უფლის ჯვარცმას, შემდეგ კი, მისი მკვდრეთით აღდგომას!


რუსთაველის გამზირის „ოკუპანტებს“ რომ თავი დავანებოთ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც ინტენსიურ რეჟიმში გამაგრძობდა თითქმის რიტუალამდე დასულ მოსმენებს და საზოგადოებას ვნების კვირეულშიც უხვად ამარაგებდა „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ ჩადენილი შემზარავი ფაქტების დემონსტრირებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით „გამორჩეული“ ექსპრემიერის დაჩმორება იყო. აქამდეც მშვენივრად ვიცოდით, რა „ჩიტიცაა“ ბატონი გიორგი გახარია, მაგრამ ბალ-მასკარადამდე დასული ურთიერთბრალდებების ხილვამ, სულ მცირე, სამი კითხვა ამომიტივტივა, რომლებზეც პასუხი, სამწუხაროდ, დღემდე ვერ მივიღე.


პირველი და უმთავრესი: რა შუაშია „ქართული ოცნების“ მიერ ჯერ გამინისტრებული, ხოლო შემდგომ, გაპრემიერმინისტრებული გახარია „ნაციონალური“ რეჟიმის პოლიტიკურ გასამართლებასთან.


მეორე და არანაკლებ უმთავრესი: ბიზნეს-ომბუდსმენად „კურთხეული“ გახარია საკმაოდ მოკლე ვადაში აღზევდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობამდე და ქვეყნის ნომერ პირველი ჩინოვნიკი გახდა.

არადა, დღეს უკვე ირკვევა, რომ „თვალთხარიას“ გაპრემიერება, თურმე, დიფსთეითის ზეწოლით მოხდა და „ქართული ოცნება“ ხელსაყრელ მომენტს ეძებდა პოლიტიკური ავანსცენიდან მის გასაძევებლად. თუმცა,  გახარიამ „იყნოსა“, რომ ხაფანგში გაებმებოდა და თავადვე მოქუსლა!

ოპოზიციაში გადასული გახარია კერკეტი კაკალი აღმოჩნდა მმართველი პარტიისთვის. ამას ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური რეიტინგიც მოწმობს - იმაზე მეტი ხმები მიიღო, ვიდრე წარმოგვედგინა! თუმცა, მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, უმრავლესობას ნეგატიური წარმოდგენა შეექმნა და ეს არც არის შემთხვევითი - მისი რიტორიკა კონსტრუქციული ოპონენტის საზღვრებს აშკარად სცოლდება და უფრო გარედან მართულის, ანტიქართული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს!


ასეა თუ ისე, მე მაინც ვერ გავიგე, რა კავშირშია გახარია „ნაცრეჟიმის“ გასამართლებასთან და რატომ არ იღებს „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იგივე დიფსთეითის აგენტის, თუნდაც, იძულებით გაპრემიერებაზე?! 

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი, გახარიას „გასამართების“ დღესვე მიღებული ახალი გადაწყვეტილება გახლდათ - კომისიამ საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელება ითხოვა თურმე, რადგან რეგლამენტი შეიცვალა და 2003-2012 წლების „ნაცრეჟიმის“ დანაშაული, თურმე“ საკმარისი არ აღმოჩნდა მის გასასამართლებლად. არადა, არჩევნების წინ გვარწმუნებდნენ, რომ ყოფილი რეჟიმი თავის ნასხლეტებიანად სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი სისტემური დანაშაულების გამო გასამართლდებოდა და როგორც პოლიტიკური პარტია, აიკრძალებოდა!

სხვათაშორის, გახარიას „გასამართლებლებამდე“ რამდენიმე დღით ადრე იმაშიც გვარწმუნებდნენ, რომ კრიმინალური ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან, არჩევნებამდე მათი პოლიტიკური გასამართლება უნდა მომხდარიყო!


დაპირება შეიცვალა და ამას საპარლამენტო კომისიის ვადის უფლებამოსილების გაზრდით ხსნიან. აქედან გამომდინარე, როგორც აგვიხსნეს, აღნიშნულ ვადაში პროცედურულად ვერ ესწრება კომისიის დასკვნის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემა და რეჟიმის სისტემური დანაშაულისთვის გასამართლება.


თუმცა, ეს არ არის მთავარი - მთავარია, საბოლოო განაჩენის გამოტანა ჩვენ, ამომრჩევლებს დაგვეკისრა, არადა „ნაცრეჟიმს“ მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძლეს კრიტიკული მასის მობილიზება რუსთაველზე, მაინც ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი და საარჩევნო ბარიერსაც ადვილად გადალახავს!


მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პოლიტოლოგთან და ანალიტიკოსთან მქონდა კონსულტაცია, მაინც ვერ მივიღე დამაჯერებელი პასუხი, თუ რატომ გახდა აუცილებელი 2012 წლიდან დღემდე „ნაციონალების“ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება რეჟიმის პოლიტიკურ სანაგვეზე მოსასროლად?!


პასუხი, დაახლოებით, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ან გარკვეულ გარიგებასთან გვაქვს საქმე, ან გარედან სერიოზულ ზეწოლასთან, რომელსაც ხელისუფლება ვერ უძლებს!


ყოველ შემთხვევაში, ორივე დამაზიანებელია საქართველოს მომავლისთვის... ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ასეთი „ფერიცვალება“ ზრდის უნდობლობას ხელისუფლების მიმართ და ნიჰილიზმში გადადის.


* * *


როცა „ქართული ოცნების“ შეცდომებზე საუბრობენ, უფრო მეორეხარისხოვან თემებზე ამახვილებენ ყურადღებას. არადა, ყველაზე არსებითი ხელისუფლების საზოგადოებისგან (ხალხისგან) დისტანცირებაა - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე არ ეთათბირება საკუთარ ხალხს, რითაც ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზებას და დაპირისპირებულ ჯგუფებად დანაწევრებას - ის, რომ ყველა არჩევნებში გაიმარჯვა, არ ნიშნავს, რომ ხალხი ყველაფერში ეთანხმება და გულწრფელად უჭერს მხარს! პირიქით, იძულებულია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ხელი შეუშალოს კრიმინალური რეჟიმის დაბრუნებას ხელისუფლებაში. ხალხს ინფორმირებაც აკლია და ესეც აქილევსის ქუსლია მმართველი რეჟიმისთვის - მეინსტრიმული მედია ძირითადად დახურულია განსხვავებულად, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებისთვის!


რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილ მამალ „ნაციონალებზე“ რომ არაფერი ვთქვათ, თითქმის ერთ წრეზე ტრიალებენ და აშკარა ნეპოტიზმის სუნი ასდის - დიახ, კადრების შერჩევა ძირითადადა არა პროფესიონალიზმის, არამედ ნეპოტიზმის ნიშნით ხდება, რაც არსებით გავლენას ახდენს ბიუროკრატიული სისტემის ეფექტურობაზე - კრიტიკას ვერ უძლებს სისტემაში გამეფებული გულგრილობა, რომელსაც ხშირად უპასუხისმგებლობის ბეჭედი აზის!


P.S. დადებითად შეიძლება შეფასდეს „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივები. აღნიშნული კანონების ამოქმედება არსებითად გაზრდის სახელმწიფოს სუვერენიტეტს, თუ, რა თქმა უნდა, კანონებმა იმუშავა.

რაც შეეხება ევრობიუროკრატების ზეწოლას და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებას, მიმაჩნია, რომ ეს ნაკლებად სანერვიულოა. თუ ობიექტურად შევაფასებთ, სწორედ ვიზალიბერალიზაციის წყალობით დაიცალა ქვეყანა და გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა საქართველოდან გაქცევის მსურველთა რიცხვი!

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამას ცალკე სტატიაში დავუბრუნდები!


 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: