მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90

მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით!  ნოდარ ჭითანავა - 90

 

 

ბატონი ნოდარ ჭითანავა, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერია. მან როგორც მაღალი რანგის პოლიტიკოსმა, ეს სფერო კეთილშობილური მიზნების მიღწევების საშუალებად გამოიყენა, რაც მეტყველებს მის ინტელექტუალურ კეთილსინდისიერებაზე, სულიერ სიწმინდეზე, ღრმა ერუდიციასა და ფართო განსწავლულობაზე.


 

ბატონი ნოდარ ჭითანავა იმ ბედნიერ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლისთვისაც პოლიტიკა ყოველთვის იყო არა ძალაუფლების მოპოვებისა და საკუთარი კეთილდღეობის გაზრდის საშუალება,  არამედ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მოწყობის მეცნიერული ინსტრუმენტი!


 

ის არის ადამიანი, რომელმაც ურთულეს პირობებში, სხვადასხვა ცვალებადი პოლიტიკური ეპოქის გარდამტეხ ეტაპზე შეძლო შეენარჩუნებინა უმწიკვლო რეპუტაცია და მაღალი ავტორიტეტი. დრომ აჩვენა, რომ ბატონ ნოდარ ჭითანავას კრედო სამშობლოს ერთგულება, მისი ყველა ტკივილის საკუთარ გონებაში გადახარშვა და განკურნების გზების ძიებაა - მის მიერ განვლილი გზა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს საკუთარი პროფესიის წყალობით ისე, რომ არ დაკარგო უფლის მიერ ბოძებული ადამიანური ღირსება და პროფესიული მრწამსი. მას, ამ მეტად რთულ და გრძელ გზაზე, ყოველთვის თან სდევდა ზომიერება და კეთილშობილი სიამაყე.


 

ბატონმა ნოდარ ჭითანავამ სოციალისტური სისტემის პირობებში უმწიკვლოდ განვლო საკუთარი ცხოვრების ურთულესი ბილიკები ქვეყნის უმაღლესი იერარქიისკენ, სადაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიუხედავად იმისა, რომ მან გაიარა გზა რიგითი ხელმძღვანელიდან საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემდე, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და სათუთად უფრთხილდებოდა საკუთარ რეპუტაციას!


 

იმდროინდელ სიტუაციაში, სადაც პირადი კეთილდღეობა პრიორიტეტს წარმოადგენდა, სწორედ მაშინ, ყოველგვარი ცდუნების გარეშე დარჩა ერთგული ისეთი ღირებულებებისა, როგორიცაა: ზნეობა, სინდისი და სამშობლოსადმი ერთგულება!


 

დიახ, პიროვნებაში ერთადაა თავმოყრილი სახელმწიფოებრივი აზროვნება, ღრმა ერუდიცია და მაღალი აკადემიური ეთიკა. სწორედ ამ თვისებების გამო დღეს ბატონი ნოდარ ჭითანავა მაღალი რანგის ფიგურაა, რომელმაც შეძლო პრაქტიკული მართვის გამოცდილება და მისი მეცნიერული სიზუსტე ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთმანეთთან დაეკავშირებინა.


 

ბატონი ნოდარ ჭითანავას პიროვნება ასოცირდება გაწონასწორებულობასთან, რაც არაერთხელ გამოვლინდა კრიზისულ მომენტში შეენარჩუნებინა სიმშვიდე და ეძებნა კონსტრუქციული გზები სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მისთვის დამახასიათებელია გონივრული რისკის უნარი - იმოქმედოს გააზრებულად სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესების შესაბამისად. ქვეყნის მომავლის განჭვრეტაში მუდამ თან სდევს წინდახედულობა. საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, საქართველოს მთავრობის მეთაურად მუშაობისას, მისი მხადაჭერით მიღებულ იქნა დადგენილება, საქართველოს დედა-ეკლესიის პრიორიტეტების აღიარებაზე. ეს იყო ილია ჭავჭავაძისეული უკვდავი სამი საუნჯიდან ერთ-ერთი მთავარი პოსტულატის, სარწმუნოების როლისა და მისი ეროვნული მნიშვნელობის აღიარება ავტორიტარიზმის საშიშ ეპოქაში!


 

ამით ბატონი ნოდარ ჭითანავა ისტორიაში შევიდა, როგორც გამორჩეული მამულიშვილი და ერის მსახური...


 

ბატონ ნოდარ ჭითანავას გააჩნია მასშტაბური ხედვა სამომავლოდ მოსალოდნელ პროცესებზე - აღიქვას მოვლენები სისტემურად და გამოიტანოს სამართლიანი და ეპოქალური მნიშვნელობის დასკვნები. ეს უნარი აძლევს საშუალებას შევიდეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სიღრმეებში და იქიდან მიიღოს მაქსიმუმი საკუთარი ინტელექტისა და გამბედაობის წყალობით. მისი გონება ყოველთვის მომართულია მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებზე, რაც სახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგიცაა.


 

ბატონ ნოდარ ჭითანავასთვის ქრისტიანული ეთიკის ნორმები ის წითელი ხაზია, რასაც არასოდეს გადაუხვევს - ამაში ყოველთვის ეხმარება სულში ჩაკირული პრინციპულობისადმი უღალატობა და გულწრფელი ჰუმანიზმი. ნოდარ ჭითანავა კლასიკური გაგებით მოაზროვნე ინტელიგენტია, რომლისთვისაც უცხოა პოპულიზმის ელემენტები და უხმაუროდ აკეთებს საქვეყნო საქმეებს. ბატონი ნოდარ ჭითანავა ბოლომდე ერთგულად ემსახურება ქვეყნისა და მეცნიერების წინაშე მდგარ ურთულეს გამოწვევებს და ურყევად დგას სამშობლოს სიყვარულის სადარაჯოზე!


 

მურმან კვარაცხელია,


ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი


  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: