ცხელი ამბავი

გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“

გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“

     უამრავი ტრილოგია იცის მსოფლიო სიტყვაკაზმულობამ, მაგრამ მწერლურ სინამდვილეში ტრიადა  ერთადერთი მეგულება - გური ოტობაიას „ენგურის ხეობის საგა“. იგი მისდევს ჰეგელის დოქტრინას პიროვნების, მოვლენის განხილვას სქემით _ თეზა, ანტითეზა, სინთეზი: არსებობს რაღაც ცენტრალური თემა, დებულება, რომელიც მის მომდევნო ეტაპზე მოცემულის საპირისპირო მდგომარეობაში გადადის და ბოლოს ამ ორი პოზიციის შეთანაწყობის შედეგად ვღებულობთ სრულიად ახალ რეალობას, ორივეს საუკეთესო ნიშან-თვისების ერთობლიობას, მესამეს. გური ოტობაიას „ენგურის ხეობის საგა“, ამ ფილოსოფიური მიზანდასახულობით მისდევს ქართული ცხოვრების ორსაუკუნოვანი მასალის გადმოცემას და ადამიანის ბედ-იღბალსაც მის კვალობაზე ანიჭებს სამომავლო სარბიელს.

 

 

 

     ავტორის ტრიადის მიხედვით, ადამიანი დროსა და სივრცეში განიხილება, როგორც უფლის მიერ თავის ხატად შექმნილი არსების პაექრობა თავის შემოქმედ ძალასთან.  ამ შემთხვევაში  მისი ცენტრალური ფიგურა ჟინი ანთარი - ჯეგე ანთარია წარმოგვიდგება, როგორც შემოთავაზებული მხატვრული ტილოს განმსაზრვრელი დედაბოძი, რომელიც დანაწევრებულია მის უკანონო შვილებში გიორგი (ჭიჭე კვეკვე) და კემე ანთარიებსა  თუ ბონდო ჰალიძონიაში.


     ჟინი ანთარის უფროსი ვაჟიშვილი - გიორგი ანთარია ბუნებით ნიჭიერი კაცია, იგი მამასავით ჭარბთმიანია, რომელსაც სექსუალური პოტენციის აღმძვრელ ძალად განიხილავს მეცნიერება. იგი გაჭირვების ტალკვესია ყველგან და ყოველთვის. ასეც არის,  სანამ ყიამეთ ზამთარში გაყინულ მდინარეში არ ჩავარდება და პატიმარი ქალების ამალაში მოხვედრილს, ლოგინზე სინთეტიკური  წინდებით დაკრულს, ჯგუფრ სექსში არ ჩააგდებენ . აი, აქ, ამ კოლექტიური ძალადობის დროს ერთიანად გასცილდება მას ჭარბი თმის ფენა, ალოპეცია დაემართება და ქალებთან ურთიერთობის ავადმყოფური შიშიც დასჩემდება. გიორგი ანთარია ცხოვრების ბარომეტრია, მესაფლავეა, თლის აკვნებს და კუბოებს, ბოკონებზე შედგმული სკოლის იატაკქვეშეთში ხსნის ურთულეს მათემატიკურ დავალებებს, რომლის სანაცვლოდ გროშებსაც იღებს გასამრჯელოდ მოსწავლეებისგან. შემდგომ და შემდგომ იგი უფრო სერიოზულ სამსახურებშიც ხვდება, მაღალი ჩინოსნების ხელის ბიჭია, მძღოლი, ნანადირევი ფრინველის ძაღლივით გამომტანი. დაიარება ნიღბებით, ხან გენერალ ჟუკოვს განასახიერებს, ხან ფერფლისფერ მაკინტოშიან ჯალათს და ხან კიდევ სრულიად უწყინარ დევნილს, რომელსაც ზურგზე ჩანთით კუტი გოგონა მოუგდია და ამნაირად გამოუვლია ადამიანების ზეზეური წამების ბატალიები ენგურს გაღმა-გამოღმა, მთელ მსოფლიოში.


ტრიადის პირველ წიგნს, „სიცოცხლემისჯილს“, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოვეხმაურე, როგორც ნიჭიერი კაცის დაწერილ ავანგარდისტულ რომანს. ავტორისგან ვიცი, რომ მან ამ ნაწარმოების საბოლოო ჩამოქანდაკებას დიდძალი ენერგია შეალია. არსებობს მისი 42 ვერსია. დღეს „სიცოცხლემისჯილი“ თამამად შეიძლება ითქვას, მხატვრული ლიტერატურის თვალსაჩინო ნიმუშია და ასე ითქმის ტრიადის დანარჩენ წიგნებზეც, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან ვრცელ პანორამულ მხატვრულ ველს.


     „ჭიანჭველა მაშინ იღუპება, როცა ფრთები გამოუვა, მაგრამ უკვდავება ფრთების გარეშე არ არსებობსო“, აცხადებს კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის ახალი ღმერთის შექმნას დადარაჯებული მთავარი გმირი ჟინი ანთარი და ეს პრეტენზია სამყაროსადმი, იყოს კაცობრიული მოვლენების მთავარი შემოქმედი, ძვალ-რბილში გაჯდომია. ადამიანებს იგი განიხილავს, როგორც პრიმიტივებს.


     „თაყვენი მეცით ჟინი ანთარსო“, გაიძახის მათ წინაშე, და შემდგომ ქორწილიდან რომ გაექცევა  საცოლეს და სატანჯოში, სნეულ-დავრდომილთა კუნძულზე განმარტოვდება, მაშინაც განდიდების მანიითაა შეპყრობილი. ამისთვისაც მოუვლენია ცისქვეშეთისთვის სამი განსხვავებული ბედისწერის ვაჟიშვილი მეცნიერ კაცს (ჟინი ანთარი პროფესიით გერმანია-საფრანგეთში განსწავლული ბიოლოგია, სიფრიფანაფრთიანების- ჭიანჭველების მცოდნე, მურმოლოგი),  რომლის კვალობაზე ადგენს ადამიანის საზრისს სამყაროში, მწერების, ცხოველების მეშვეობით საზღვრავს საზოგადოების უზოგადეს კანონებს.


     გური ოტობაიას რომანებზე „სიცოცხლემისჯილი“, „როკი, ანუ ძელქვა“ თანადროულად გამოქვეყნდა რამდენიმე საყურადღებო რეცენზია (ეკა ცხადაძე: „გური ოტობაიას „სიცოცხლემისჯილი“ - კოლხი ზეკაცის ვნებები“; მარინე ტურავა: „მხატვრულ-დოკუმენტურ ყაიდაზე“; ნანა კუცია: „გური ოტობაიას რომან „სიცოცხლემისჯილის“ ტოპოსის მითო-ეკოლოგიური ასპექტები“). სიტყვის ეს ჩინებული მკვლევარები გური ოტობაიას რომანებს აანალიზებენ, როგორც დამოუკიდებელ ნაწარმოებებს.


     თავდაპირველად მეც ეს წიგნები დამოუკიდებელი თხზულებები მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი რომანის პერსონაჟები, განსაკუთრებით ჟინი ანთარის უფროსი ვაჟიშვილი - გიორგი ანთარია, ენერგიულად მოქმედებს მეორეში. მაგრამ სამივე წიგნის გამოქვეყნების შემდეგ მივხვდი, რომ საქმე გვქონდა ერთ, გრანდიოზულ თემატიკასთან, რომელსაც ცხოვრება ჰქვია სახელად; მესამე წიგნის „ბებე ანთარხე“ გამოცემამ ერთ არქიტექტურულ ანსამბლად დამანახა სამივე ქმნილება.


     მეტად ორიგინალურია ამ უკანასკნელი რომანის ფაბულა _ ავტოკატასტროფაში მოყოლილ ფეხმძიმე ცოლს გიორგი ანთარია ამშობიარებს ექსტრემალურ სიტუაციაში. დაიბადება ჩვილი, მაგრამ ცერებრიალური დამბლით ტრავმირებული. მამა-შვილი მთელ მსოფლიოს შემოივლიან განკურნების წამლის ძიების იმედით. ამ მომქანცველ გზაზე მშობელ მამას, თვალთმაქცური ქათინაურებით რომ ეგებება წინ მტერ-მოყვარე, ზურგჩანთაში მოთავსებული გოგონა - ბებე, თვალნათლივ ამჩნევს მათ უკან მოდევნებულ გამთანგავ ირონიებს. პარალელებს თუ გავავლებთ აწარსებულ ლიტერატურულ ძეგლებთან „ბებე ანთარხე“ დონ კიხოტი და სანჩა პანსაა ერთ სხეულში მომწყვდეული, რომელსაც შორეულ მესოპოტამიაში ეძებნება მაგალითი - მარუქი, პიროვნება ოთხი თვალით, ყურით და კიდურებით.


     ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ტრილოგიის ერთ-ერთი მკაფიო და სრულყოფილი ნიმუშია აკა მორჩილაძის „მადათოვის ტრილოგია“, რომელიც აერთიანებს რომანებს: „გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე“ და „ვეშაპი მადათოვზე“.


     ტრილოგია - ფორმალური სამნაწილიანი აგებულებაა: სამი ცალკე ნაწარმოები, რომლებიც ქმნიან ერთ მთლიან ციკლს. მაგალითად, ფოლკნერის სნოუპსების ტრილოგიის შემადგენელი ნაწილებია: „სოფელი“, „ქალაქი“ და „სასახლე“. ეს არის კლასიკური ტრილოგია: სამი დამოუკიდებელი რომანი, ერთი საგვარეულო-სოციალური ხაზით.


     ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებელი“ სამ ტომად გამოცემული ერთი რომანია, თუმცა პრაქტიკაში ხშირად „ტრილოგიასაც“ უწოდებენ. თვისებრივი სხვაობა ისაა, რომ ტოლკინთან სამი ტომი უფრო საგამომცემლო დაყოფაა და არა სამი დამოუკიდებელი რომანისგან შედგენილი ციკლი. ტრიადა კი გახლავთ არა უბრალოდ „სამი წიგნი“, არამედ სამი არსებითი საყრდენის, სამი ძალის, სამი მდგომარეობის ან სამი სემანტიკური ღერძის ერთიანობა. ანუ: ტრილოგია _ რაოდენობრივ-ჟანრული ფორმაა, ტრიადა კი შინაარსობრივ-ფილოსოფიური სტრუქტურა;


     გური ოტობაიას შემთხვევაში სურათი უფრო ახლოს დგას ტრიადულ რომანულ სისტემასთან, ვიდრე ჩვეულებრივ „ტრილოგიასთან“. „ენგურის ხეობის საგა“ წარმოჩნდება არა როგორც კლასიკური ტრილოგია, არამედ როგორც ტრიადული რომანული კონსტრუქცია, სადაც ნაწარმოებები ერთიანდებიან არა მხოლოდ სიუჟეტური გაგრძელებით, არამედ საერთო ონტოლოგიური, ეთნოკულტურული და ბედისწერული ღერძით. იგი გამორჩეულია თემატიკითაც: ისტორიული გმირების _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ჟიული შარტავას თუ გურამ გამისკირიას პარალელურად შთამბეჭდავად წარმოჩინდებიან რიგითი რეალური (ოთარ ფაცაცია, ვახტანგ კვარაცხელია, ნაპო მესხია, ვასილი კადენეცი...)თუ გამონაგონი პერსონაჟები.


     გური ოტობაიას ტრიადაში სამშობლოს აღორძინების სიმბოლოდ აღიქმება ახალი ზელანდიიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკისთვის ჩამოტანილი, ოდესღაც სალოცავი გვიმრის ხეები, რომლებიც დროთა მსვლელობაში გადაშენებულან, ბალახად ქცეულან და იწყება შორეულ წარსულში დიდებით მოსილი საქართველოს მიზანმიმართული რეანიმაცია.


     „ენგურის ხეობის საგას“ გამოარჩევს მწერლის მაღალი ოსტატობა, გმირების ღრმა ფსიქოლოგიური შტრიხებით ძერწვის იშვიათი ხელწერა.


     გაივლის გარკვეული პერიოდი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამწიგნეული ღირსეულ  ადგილს დაიკავებს   ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საგანძურში.


    


სოსო სიგუა,



ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი,


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული


აკადემიის წევრ-კორესპონდენტი


 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: