იმდენი მიყიჟინეს: სპექტაკლი არ გინახავს და რატომ აკრიტიკებო, როგორც იქნა, მოვახერხე - ვიყავი, ვნახე, მაგრამ არ გაგიკვირდეთ და... ვერ გავიგე!
მიხვდით, ალბათ, რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანს“ ვგულისხმობ.
* * *
„ყველაფერშიკი“ არ ვარ და არც ვიბრალებ - კარგად ვიცი, ჩემი საქმიანობის სფერო და არეალი, რომელსაც, ასე თუ ისე, ვართმევ თავს!
თეატრისა და კინოს კრიტიკა ჩემი სფერო არ არის, მაგრამ საკუთარი ინტელექტუალური რესურსები და ცხოვრებისეული გამოცდილება, მაძლევს საშუალებას, ჩემეული წარმოდგენა შევიქმნა ამა თუ იმ სპექტაკლზე, თუ კინოფილმზე.
* * *
ვინაიდან და რადგან,
საზოგადოების მხრიდან მძაფრი კრიტიკა მოჰყვა რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“,
ვინაიდან და რადგან,
მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებუილი ცალკეული ეპიზოდებით გამოვხატე ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება სპექტაკლის მიმართ, ვცადე ყურადღებით აღმექვა ყველა ნიუანსი, რომ საკუთარ შეფასებაში მიკერძოებული არ ვყოფილიყავი!
რობერტ სტურუაზე, როგორც გენიალურ რეჟისორზე, ბევრი გვსმენია და საკამათოდაც არც მეჩვენება, მაგრამ, ხომ შეიძლება იგივე გენიოსმა, ნებსით თუ უნებლიედ, ერთი შეცდომა დაუშვას?!
მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ მის ადრინდელ დამოკიდულებას „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ, უნებლიე შეცდომასთან საქმე ნამდვილად არ უნდა გვქონდეს!
* * *
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სპექტაკლის მხოლოდ პირველი ნაწილი ვნახეთ (როგორც ამბობენ, ორ თუ სამ ნაწილად იქნება წარმოდგენილი), გარკვეული დასკვნის გაკეთება შეიძლება - მე პირადად,უკვე ნანახმა დამარწმუნა, რას უმიზნებს რეჟისორი ამ სპექტაკლით, ანუ, რისი თქმა სურს მას...
მართალია, თეატრს იმპროვიზების, სპექტაკლის ქვეტექსტებით წარმოჩენის საშუალება გააჩნია, მაგრამ იგი არსებითად არ უნდა დაშორდეს მთავარ სათქმელს!
სამწუხაროდ, ვერ გავიგე, რისი თქმა სურდა რეჟისორს ამ სპექტაკლის დადგმით.
დიახ, ვერ გავიგე:
* რატომ დაარქვა რობერტ სტურუამ სპექტაკლს „ვეფხისტყაოსანი“, როცა მისი ინტერპრეტაციები და ქვეტექსტები არსებითად სცილდება რუსთაველის ეპიკურ პოემას?!
* რას ემსახურება აგრესიული ფონი მთელი სპექტაკლის განმავლობაში - რატომ ფორთხავენ მსახიობები იატაკზე და რატომ ისმის მუდმივად გამაყრუებელი წივილ-კივილი სცენაზე?!
კი ბატონო, რეჟისორს აქვს გარდასახვის უფლება, მაგრამ გარდასახვასაც გააჩნია - ამ შემთხვევაში, მისი ინტერპრეტაციები თუ რეჟისორული „მიგნებები“, უფრო „ანტივეფხისტყაოსნის“ შთაბეჭდილებას ტოვებს და გარკვეული დაეჭვების საფუძველსაც იძლევა!
კითხვები არ დაისმებოდა, რეჟისორს სპექტაკლისთვის „ვეფხისტყაოსანი“ რომ არ დაერქმია და პოემიდან მხოლოდ ცალკეული აფორიზმები გამოეყენებინა!
მერე რა, თუ რობერტ სტურუამ თავის დროზე გენიალური სპექტაკლები შექმნა?! „ვეფხისტყაოსანი“ არაა „რიჩარდ III“ და არც „კავკასიური ცარცის წრე“! ფაქტია,მას ეს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა, ან შეგნებულად წავიდა ავანტიურაზე და მაყურებელს შეაჩეჩა ისეთი სპექტაკლი, სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა:
ჩვენ ვიცით, რას გვასწავლის შოთა რუსთაველის უკვდავი „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ ვერ გავიგეთ, რა დატვირთვა აქვს სტურუასეულ „ვეფხისტყაოსანს“ მაყურებლისთვის?!
არის ნაწარმოებები, რომელთა თეატრალიზება („ვეფხისტყაოსნის“ კინოფილმად გადაღება უფრო შესაძლებელია, თუმცა კოლოსალური ფინანსები და ინტელექტუალური რესურსები სჭირდება!) ნებისმიერი რეჟისორის შესაძლებლობებს აღემატება. ამის ცოცხალი მაგალითია სტურუას ახალი სპექტაკლიც - ერთი კი არა, ათი რობერტ სტურუაც არ ეყოფა „ვეფხისტყაოსნის“ სცენაზე ამეტყველებას, რადგან პოემის ფილოსოფიური წიაღსვლები ამის საშუალებას არ იძლევა!
კარგად მესმის თეატრის დანიშნულება და შესაძლებლობები, ისიც მესმის, რომ რეჟისორს აქვს უფლება -საკუთარი წარმოსახვით გაამდიდროს ესა თუ ის ნაწარმოები სცენაზე, მაგრამ, მას არა აქვს უფლება, გამოვიდეს ნაწარმოების დედააზრიდან და ყირაზე დააყენოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რეჟისორის მხრიდან, „ვეფხისტყაოსნის“ გათანამედროვეობაზე საუბარი, რბილად თუ ვიტყვით, სიბეცეა!
კიდევ ვიმეორებ: რეჟისორს ჰქონდა უფლება საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმები, მაგრამ მას არ ჰქონდა უფლება, სპექტაკლისთვის „ვეფხისტყაოსანი“ დაერქმია და „ანტივეფხისტყაოსანი“ შეეთავაზებინა მაყურებლისთვის!!!
დიახ,მე ვიცი, რას მასწავლის რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, მაგრამ არ ვიცი (ვერ გავიგე), რას მთავაზობს სტურუასეული „ვეფხისტყაოსანი“ - სპექტაკლისგან არც ესთეტიკური სიამოვნება მიმიღია და არც სულიერი საგზალი წამომიღია თეატრიდან. მაშ, რა არის თეატრის დანიშნულება?!
* * *
მე არ ვიცი, სპექტაკლში რა როლი აკისრია მუდმივად აგრესიულ, გამაყრუებელ ფონს, მაგრამ ისედაც ზომბირებულ საზოგადოებას კარგ სამსახურს რომ არ გაუწევს, ფაქტია!
მიუხედავად იმისა, თინათინისა და ავთანდილის შეხვედრის ეროტიულმა სცენამ,მაყურებლებში აჟიოტაჟი გამოიწვია, ვფიქრობ, ეს ნაკლებად ყურადსაღები დეტალია - რეჟისორმა ოსტატურად შეძლო მაყურებლის ყურადღება ეროტიულ სცენაზე გადაეტანა და მთავარი ჩანაფიქრიც ლამაზად შეეფუთა.
ის, რომ რობერტ სტურუა აღიარებული რეჟისორია, არ ნიშნავს, მისი ბოლო სპექტაკლიც უკრიტიკოდ მივიღოთ - ჯერ ერთი, როგორც ვთქვი, „ვეფხისტყაოსნის“ თეატრალიზებულად წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია, მეორეც, მან „ვეფხისტყაოსანი“ ისე წარმოადგინა, როგორც აწყობდა და ჩვენ გვიყიჟინებს, უკრიტიკოდ მიიღეთო!
და ბოლოს: ერთი რამ ნამდვილად მიკვირს:
როგორ „ახერხებენ“ ნიჭიერი და აღიარებული ადამიანები, რაღაცის სანაცვლოდ, სიბერის ასაკში ხაზი გადაუსვან საკუთარ მონაპოვარს?! სიცხადისთვის,თუნდაც პაატა ბურჭულაძის მაგალითიც კმარა!
რაც შეეხება რობერტ სტურუას, მას საკუთარი გენიალურობა იმდენად გაუჯდა ძვალ-რბილში, ამჯერადაც გვითხრა: ტაში დამიკარითო!
სხვებმა რამდენიც უნდა დაუკრან, მე პირადად, ამისთვის არ გავირჯები...
P.S. ეს არ არის სპექტაკლის კრიტიკული განხილვა - ეს ერთი რიგითი მაყურებლის შეფასება და გულისტკივილია. ჯერი თეატრმცოდნეებზე (თეატრის კრიტიკოსებზე) და რუსთველოლოგებზეა!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი








