ვინ მოთოკავს ველურ ბაზარს?!
არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემში, წუხანდელმა დებატებმა, არა მარტო უმაყოფილების გრძნობა დატოვა...
ჯერ ერთი, როცა დებატების სესიას იწყებ, მითუმეტეს, სურსათზე ფასების შემცირებაზე, სტუმრებიც მიზანმიმართულად უნდა შეარჩიო!
დებატებს შოუს ხასიათი რომ არ შეეძინა, როგორც მინიმუმ, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, უნდა ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც არა მარტო სურსათის ფასებზე არსებულ კატასტროფულ სიტუაციას ობიექტურად შეაფასებდნენ, არამედ პრობლემების გადაწყვეტის იმპტიმალურ გზებზეც ისაუბრებდნენ.
სინამდვილეში რა მივიღეთ? მორიგი პოლიტიკური შოუ, სადაც ყველაფერზე იყო საუბარი, სურსათზე ფასების შემცირების ოპტიმალური გზების გამოძებნის გარდა!
სამწუხაროა, რომ საზოგადოების უმრავლესობის კრიტიკის მახვილი „კაიფში“ მყოფ (ასეთი შეფასება მიეცა სოციალურ ქსელში) ლევან გოგიჩაიშვილზე იყო მიმართული და არა „აგროჰაბის“ მეპატრონის - აკაკი ახვლედიანის ცინიკურ განცხადებებზე, რომელიც უტიფრად აცხადებდა, რომ სახელმწიფომ ფასების რეგულირებაზე კი არ უნდა იზრუნოს, არამედ ბიზნესთან თამაშის წესები უნდა დაალაგოს!
სხვების არ ვიცი, მაგრამ, პირადად მე, გარდა პოპულისტური განცხადებებისა, საქმიანი მსჯელობა და ასევე, საქმიანი შეთავაზებები ვერ მოვისმინე.
სამწუხაროდ, ვერც პრემიერ-მინისტრმა მოახერხა არსებითი ხასიათის გარღვევა, რაც იმის დასტურია, რომ ფასების შემცირების ინიციატივა, ან ბოლომდე გააზრებული არ ყოფილა, ან უნდა შევაფასოთ, როგორც ინიციატივა ინიციატივისთვის!
ვიღაც შემედავება, ჩვენ ხომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთო?! დიახ, საქართველოს ეკონომიკა 90-იანი წლებიდან მხოლოდ ველურ ბაზარს მივანდეთ და ბიზნეს-კომპანიებს საჯიჯგნად მივუგდეთ საკუთარი ხალხი!
შეიძლება ითქვას, სახელმწიფომ ხელები დაიბანა ეკონომიკის რეგულირებისგან, შედეგად კი, რაც მივიღეთ, ყველანი კარგად ვხედავთ.
ჯერ კიდევ 90-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლების ბოლო პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა გარკვევით წერდა: იმისთვის, რომ ხელიდან არ გაგვექცეს სადავეები და ხალხი ველურ ბაზარს არ შევატოვოთ საჯიჯგნად, სასიცოცხლოდ აუცილებელია შერეულ (კერძო და სახელმწიფო) ეკონომიკაზე გადასვლა.
ვინ დაუჯერა?
მოდით, ისევ ფასების შემცირების ინიციატივას დავუბრუნდეთ: უმოკლესმა პერიოდმაც აჩვენა, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული სქემა (ანუ სუს-ით, საპარლამენტო და სამთავრობო კომისიებით ფასების შემცირება) არაეფექტურია - პირველადი მოხმარების საქონელზე ფასები არა თუ მცირდება, პირიქით, იზრდება და არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო გაიზარდოს! ხალხის დაცინვაა, რომ კვერცხზე ფასი 5 პროცენტით შემცირდა, მაშინ, რომცა მთავრობის ინიციატივის გაცხადებისთანავე, 8,5 პროცენტით გაძვირდა! ანალოგიურად, გაძვირდა ფასები სხვა პროდუქტებზეც. ყოველივე ამის შემდეგ, თუ ბიზნეს-ვამპირები 5 პროცენტით „გააიაფებენ“ პროდუქტებზე ფასებს, ტაში უნდა დავუკრათ?!
სხვათაშორის, ამ თემაზე საკმაოდ კომპეტენტურად ისაუბრა ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა, ბატონმა ლევან მამალაძემ ჩემს საავტორო გადაცემაში „პოლიტიკური თერმომეტრი“ (სტუდია „სალტე“) მან გასაგებად ახსნა, თუ როგორ შეუძლია მთავრობას ბიზნეს-ვამპირების გაძლიერებული მადის დათრგუნვა და მინიმალურ-მაქსიმალური ზღვარის დადგენა.
რაც ყველაზე ნიშანდობლივია, თუ მთავრობას ფასების დასაშვებ ნიშნულამდე დაწევა სურს, გარდა კომისიების შექმნისა და ასეთი არაფრისმომცემი დებატებისა, აქვს ეკონომიკური ბერკეტები, რომლის ეფექტურად გამოყენება პრობლემას არსებითად გადაწყვეტს.
კერძოდ:
უნდა განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები (როგორც იმპორტზე, ასევე ადგილობრივ ნაწარმზე) პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, შექმნას სახელმწიფო სუპერმარკეტების ქსელები და ამით გაუწიოს კონკურენცია გათავხედებულ ველურ ბაზარს!
არაფრის მაქნისი კონკურენციის სააგენტოს ნაცვლად, შექმნას მოქნილი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც ბაზრის სათანადო შესწავლის საფუძველზე მოსპობს ე.წ. კარტელურ გარიგებებს.
არ გამოვრიცხავ, საწყის ეტაპზე ველური ბაზრის მხრიდან საბოტაჟს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ესეც მოგვარებადია, თუ სახელმწიფო ეკონომიკის რეგულირების გზას მტკიცედ დაადგება!
ავი ენები ამბობენ, რომ მთავრობა ამას ვერ (არ) იზამს, რადგან ამ კარტელური გარიგებების მიღმა თავად სახელმწიფო ჩინოვნიკები დგანან - ლობირებენ, ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული მსხვილ ბიზნესთან!
ნათქვამია, პწკენა-პწკენით პატარძალი დაორსულდაო, მაგრამ აქ ასეთი „პწკენები“ აღარ გვიშველის - ან სახელმწიფო საკუთარ ფულებამოსილებას იყენებს და ეჯახება ველურ ბიზნესს, ან ინიციატივა ინიციატივად, ხალხი კი კიდევ ერთხელ მოტყუებული დარჩება!
P.S. როგორც პრემიერმა განაცხადა, პენსიები 200 ლარით რომ გაიზარდოს, ამისთვის დამატებით 2 მილიარდია საჭირო და რომელს უნდა მოაკლონ: ჯარს, პოლიციას, სუს-ს თუ ჯანდაცვას?
ჩემი პასუხია: არც ერთს!
უპირველესად, საჭიროა თავად ბიუროკრატიულმა აპარატმა მოიჭიროს ქამრები, ხელოვნურად შექმნილი (ფაქტიურად, პარალელური სტრუქტურები) სახელმწიფო აიპ-ები გააუქმოს, ან ოპტიმიზაცია გაუკეთოს, შეამციროს საოფისე და წარმომადგენლობითი ხარჯები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაბერილია, გადახედოს სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასებს. ამ დანაზოგით, რისი საშუალებაც იქნება, იმდენით გაზარდოს პენსიებიც.








