ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?!

ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?!

ეს კითხვა პატრიარქის გარდაცვალების პირველივე დღეებიდანვე აქტუალური გახდა - საზოგადოების უმეტესობა მომავალ პატრიარქად ტახტის მოსაყდრეს, მეუფე შიოს მოიაზრებს, რადგან, მისმა უწმინდესობამ, სიცოცხლეშივე გამოარჩია ტახტის მოსაყდრედ და ამით საკუთარ მრევლს და წმინდა სინოდსაც მიანიშნა, რომ მღვდელმთავრებს შორის უპირატესობას მას ანიჭებს!


 

ამ ნაბიჯით მან წერტილი დაუსვა ანდერძის აუცილებლობას.


 

 

მისი უწმინდესობის 2017 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის, არამედ წმინდა სინოდის წევრებისთვისაც. თუმცა, ეს უკანასკნელნი იძულებულნი გახდნენ პატრიარქის არჩევანს შერიგებოდნენ...


 

ნიშანდობლივია, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ პატრიარქის არჩევანის შემდეგ მოექცა. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ მან ქართველი მრევლის სიმპათიებიც დაიმსახურა, რაშიც მოსაყდრის საუკეთესო თვისებებთან ერთად გადამწყვეტი როლი მისი უწმინდესობის მხარდაჭერამაც შეასრულა.


 

პატრიარქთან ძალიან დაახლოებული ერთ-ერთი საეკლესიო მკვლევარის აზრით, მეუფე შიო „გაუსვრელი მღვდელმთავარია - მას, ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, ანტიქრისტიანულ გადახრებს ვერ დააბრალებენ. ამასთან, გამორჩეულია ღრმა ერუდიციითა და პრინციპულობით. არ არის გამორიცხული, სწორედ მისი პრინციპულობა და „გაუსვრელობა“ შეიძლება გახდეს ერთგვარი „შეთქმულების“ (ღმერთმა არ ქნას, ეკლესიის განხეთქილებაში გადაიზარდოს) მიზეზი წმინდა სინოდის სხდომაზე, რომელმაც მომავალი პატრიარქი უნდა აირჩიოს!


 

* * *


 

მომავალი პატრიარქის არჩევის თემა უკვე ძალიან გააქტიურდა სოციალურ მედიაში. აშკარაა, რომ საზოგადოების უმეტესობას მომავალ პატროიარქად მეუფე შიო ესახება (მეტიც, ალტერნატივასაც ვერ ხედავენ)! მათი აზრით, სხვა თუ არაფერი, პატივი უნდა ვცეთ მისი უწმინდესობის არჩევანს, რომელმაც სიცოცხლეშივე დაასახელა იგი პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ და საკუთარ რჩეულს საშუალებაც მისცა გარკვეული გამოცდილებაც შეეძინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მეუფე შიომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრის რანგში გამოცდა უნაკლოდ ჩააბარა.


 

მიუხედავად იმისა, მას ეკლესიის ხილული და უხილავი მტრები რუსეთის „ეგზარქოსად“ მოიხსენიებენ, ყველა დარწმუნებულია, რომ მეუფე შიო პატრიარქის რანგში ილია მეორის კურსის ღირსეული გამგრძელებელი იქნება. სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს იგი მისი უწმინდესობის ხარისხამდე ასვლას...


 

* * *


 

ამ ბოლო დღეებში საშუალება მქონდა მესაუბრა საქართველოს ეკლესიის (საპატრიარქოს) შიდა სამზარეულოში მეტ-ნაკლებად ჩახედულ ადამიანებთან. გარდა იმისა, რომ მეუფე შიოს უალტერნატივო კანდიდატად ასახელებენ მომავალი პატრიარქის რანგში, ასევე ხაზს უსვამენ წმინდა სინოდში შექმნილ ურთულეს ვითარებას, რაშიც უცხოური სპეცსამსახურების კვალი აშკარაა. არადა, საეკლესიო დებულებით, პატრიარქი წმინდა სინოდმა უნდა აირჩიოს 3 დასახელებული კანდიდატიდან, რომელშიც ერთ-ერთი აუცილებლად მეუფე შიო იქნება - მანვე უნდა მოიწვიოს საეკლესიო კრება, სადაც გადამწყვეტი ხმის უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებს გააჩნიათ.


 

უკვე კატეგორიულად აცხადებენ, რომ ხალხი სხვა კანდიდატურას არ მიიღებს მომავალ პატრიარქად და ამის დასტურად პატრიარქისადმი გამოვლენილ ერთსულოვნებას უსვამენ ხაზს. თუმცა, წესი წესია - წმინდა სინოდმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.


 

* * *


რაც არ უნდა ვიმარჩიელოთ, საბოლოო სიტყვა უფალს ეკუთვნის - მხოლოდ მისი განგებულებით აირჩევა მომავალი პატრიარქი, ისეთი, როგორც ჩვენ მოცემულ მომენტში ვიმსახურებთ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ უყრის კენჭს - ვინ იქნება მომხრე ან მოწინააღმდეგე.


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: