საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის გამგეობის წევრი, სტანდარტების, ინოვაციებისა და პროფესიული განვითარების კომიტეტის აღმასრულებელი მენეჯერი
ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის დოკუმენტურ აღრიცხვაში ახალი რეგულაცია შემოდის. 2026 წლის 1 დეკემბრიდან შესყიდვის ოპერაციების გასაფორმებლად გათვალისწინებულია ელექტრონული აქტის სავალდებულო გამოყენება, რომლის შედგენაც შემსყიდველს ევალება, ხოლო დადასტურების ან უარყოფის შესაძლებლობა გამყიდველ ფიზიკურ პირს ენიჭება.
ახალი წესი, ერთი შეხედვით, დოკუმენტური აღრიცხვის გამარტივებას, სამეურნეო ოპერაციების გამჭვირვალობის გაზრდასა და საგადასახადო კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება. ეს მისასალმებელია და საწინააღმდეგო არავის ექნება. პირიქით, საგადასახადო სისტემაში წარმატებით განხორციელებულ სხვა პროექტებთან ერთად, შესყიდვის ელექტრონული აქტიც შეიძლება გახდეს ინფორმაციის სანდოობისა და საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების ეფექტიანი საშუალება. თუმცა ახალი წესის შინაარსის გაცნობა ცხადყოფს, რომ ცვლილება მხოლოდ ქაღალდის დოკუმენტის ელექტრონულით ჩანაცვლებას არ გულისხმობს. იგი წარმოშობს სამართლებრივ, საგადასახადო, სააღრიცხვო და ორგანიზაციულ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა ფაქტობრივი გარემოებებისა და პრაქტიკაში მოსალოდნელი პრობლემური შემთხვევების გათვალისწინებას მოითხოვს. მათმა მოუგვარებლობამ შეიძლება თვითონ რეგულაციის მიზნების მიღწევას შეუშალოს ხელი. ამასთან, ელექტრონული აქტი ფორმალურად და სამართლებრივადაც უნდა იყოს გამართული. მისი მარეგულირებელი ნორმების ანალიზი აჩვენებს, რომ ამ მხრივაც არსებობს წინააღმდეგობები. ახალი წესის წინააღმდეგობრივი ბუნება განსაკუთრებით იმაში ვლინდება, რომ დოკუმენტური აღრიცხვის გასამარტივებლად შემოღებულმა მექანიზმმა შეიძლება გაართულოს რეალურად განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების დადასტურება, ხოლო საგადასახადო კონტროლის გასაუმჯობესებლად შექმნილმა პროცედურამ დამატებითი საგადასახადო გაურკვევლობა წარმოშვას. ამიტომ საკითხი მხოლოდ ის არ არის, როგორ უნდა შეადგინოს გადამხდელმა ელექტრონული აქტი. გაცილებით საყურადღებოა, რა მოხდება მაშინ, როდესაც საქონელი რეალურად შეძენილია, მაგრამ დოკუმენტის ელექტრონული დადასტურება ვერ ხერხდება, ან სისტემაში ასახული ინფორმაცია ფაქტობრივ გარემოებებს არ შეესაბამება.
დაკვირვებული გადამხდელი სამართლებრივ წინააღმდეგობასაც უთუოდ შენიშნავს და დასვამს პასუხგასაცემ შეკითხვას: შეიძლება თუ არა ზოგადი სავალდებულო წესი ინდივიდუალური აქტით განისაზღვროს?
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 26 ოქტომბრის №332 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ინსტრუქციაში. ამ ცვლილების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 30 ოქტომბრის №24839 ბრძანებით დამტკიცდა ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აღრიცხვის ფორმა და წესი, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფართო წრეს - შესაბამის სექტორებში მოქმედ მრავალ ეკონომიკურ სუბიექტს ეხება.
პრობლემა მხოლოდ ახალი პროცედურის შინაარსს არ უკავშირდება. საყურადღებოა მისი დადგენის სამართლებრივი ფორმაც.
შემოსავლების სამსახურის უფროსის №24839 ბრძანება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად არის გამოცემული, თუმცა მასში მოცემული წესი მიმართულია გადასახადის გადამხდელთა განუსაზღვრელი წრისკენ, გათვლილია მრავალჯერად გამოყენებაზე და ადგენს ზოგად სავალდებულო პროცედურებს.
საყურადღებოა, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. ამ გამიჯვნის არსი ის არის, რომ ზოგადი ქცევის სავალდებულო წესი შესაბამისი სამართლებრივი ფორმით უნდა დადგინდეს.
სწორედ აქ ჩნდება ერთ-ერთი პრინციპული სამართლებრივი წინააღმდეგობა: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ უნდა განისაზღვროს ისეთი პროცედურა, რომლის შესრულებაც გადასახადის გადამხდელთა ფართო წრეს მუდმივად ევალება. ასეთი წესი ნორმატიული აქტის სახით უნდა გამოცემულიყო.
სამართლებრივი ფორმის პრობლემა მხოლოდ იურიდიული ტექნიკის საკითხი არ არის. სამართლებრივი აქტის სახე განსაზღვრავს მისი გამოცემის, გამოქვეყნების, მოქმედებისა და კონტროლის წესს. შესაბამისად, სათანადო ფორმის დაცვა გადასახადის გადამხდელთა უფლებრივი მდგომარეობის ერთ-ერთი გარანტიაა. ამასთან, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს დოკუმენტის ტექნიკური ფორმის დამტკიცება და ისეთი სავალდებულო წესის დადგენა, რომელსაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონდეს სამეურნეო ოპერაციის დოკუმენტურ დასაბუთებასა და საგადასახადო შეფასებაზე.
პირველი ადმინისტრირების ორგანიზების საკითხია. მეორე კი უკვე მოითხოვს მკაფიო საკანონმდებლო საფუძველს და შესაბამისობას საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამიტომ რეგულირების სამართლებრივი ფორმის მოწესრიგება აუცილებელია არა ელექტრონული აღრიცხვის უარსაყოფად, არამედ მისი კანონიერებისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.
ელექტრონული აქტის დაუდასტურებლობა: ქრება თუ არა რეალურად განხორციელებული ოპერაცია?
ახალი წესის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ელექტრონული აქტის სტატუსისა და სამეურნეო ოპერაციის ფაქტობრივი განხორციელების ურთიერთმიმართება.
შესყიდვის აქტს ადგენს შემსყიდველი, ხოლო გამყიდველ ფიზიკურ პირს შეუძლია მისი დადასტურება ან უარყოფა. შესაბამისად, დოკუმენტის საბოლოო ელექტრონული სტატუსი დამოკიდებულია არა მხოლოდ შემსყიდველზე, არამედ მეორე მხარის მოქმედებაზეც. ვთქვათ, საწარმომ ფიზიკური პირისგან შეიძინა სოფლის მეურნეობის პროდუქცია. საქონელი მიღებულია, აწონილია, გადაცემულია საწყობში და მისი ღირებულება გადახდილია. შემსყიდველმა შეადგინა ელექტრონული აქტი, მაგრამ გამყიდველმა იგი არ ან ვერ დაადასტურა. შესაძლოა, არ მიიღო შეტყობინება, ვერ ისარგებლა ელექტრონული მომსახურებით ან უბრალოდ არ გააჩნია კომუნიკაციის საჭირო მოწყობილობა და ვერ განახორციელა შესაბამისი მოქმედება.
ასეთ ვითარებაში ჩნდება რამდენიმე სრულიად ლეგიტიმური კითხვა: როგორ უნდა შეაფასოს ბუღალტერმა ფაქტობრივად მიღებული საქონელი? რა გავლენას მოახდენს დაუდასტურებელი აქტის სტატუსი შესყიდვის საგადასახადო დასაბუთებაზე? შეიძლება თუ არა გამყიდველის უმოქმედობა გახდეს შემსყიდველისთვის უარყოფითი საგადასახადო შედეგის საფუძველი?
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლი განსაზღვრავს ხარჯების დოკუმენტური დადასტურების მოთხოვნებს, ხოლო 98² მუხლი შესაბამისი პირობების არსებობისას დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯს უკავშირებს მოგების გადასახადის შედეგებს. თუმცა ამ ნორმებიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს, რომ ელექტრონული აქტის დაუდასტურებლობა ყველა შემთხვევაში ნიშნავს შესყიდვის ოპერაციის ან ხარჯის დოკუმენტური დასაბუთების არარსებობას.
აქ აუცილებელია ორი განსხვავებული გარემოების გამიჯვნა: ოპერაციის ფაქტობრივი განხორციელება და მისი ელექტრონული დადასტურების პროცედურის დასრულება.
პირველი ეკონომიკური ფაქტია, მეორე — მისი დოკუმენტირების კონკრეტული მექანიზმი. ისინი ერთი და იგივე მოქმედება არ არის. თუ საქონლის მიღება დასტურდება სხვა სარწმუნო დოკუმენტებით, ანგარიშსწორების მონაცემებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით, მხოლოდ ელექტრონული აქტის სტატუსის საფუძველზე ოპერაციის უარყოფა საჭიროებს მკაფიო სამართლებრივ დასაბუთებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც გადასახადის გადამხდელი პასუხს აგებს იმ მოქმედების შეუსრულებლობისთვის, რომლის განხორციელებაც უშუალოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
აქტის უარყოფა და შეცდომების გამოსწორება: რა უნდა გააკეთოს ბუღალტერმა?
დაუდასტურებელ აქტზე არანაკლებ საყურადღებოა გამყიდველის მიერ აქტის უარყოფის შემთხვევა. უარყოფის მიზეზი ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სამეურნეო ოპერაცია არ განხორციელებულა. შესაძლებელია, გამყიდველი არ ეთანხმებოდეს საქონლის რაოდენობას, ფასს, გადაცემის თარიღს ან აქტში შეტანილ სხვა მონაცემს.
მაგალითად, შემსყიდველმა აქტში მიუთითა 1 000 კილოგრამი პროდუქცია, ხოლო გამყიდველი მიიჩნევს, რომ რეალურად 1 050 კილოგრამი ჩააბარა.
ასეთ შემთხვევაში დავის საგანი შეიძლება იყოს რაოდენობრივი განსხვავება და არა მთლიანად შესყიდვის ფაქტი. შესაბამისად, აქტის უარყოფა არ უნდა იქცეს ოპერაციის განუხორციელებლობის უპირობო მტკიცებულებად და მხარეთა დასჯის საბაბად.
ახალი წესის სრულყოფისთვის საჭიროა განისაზღვროს უარყოფის საფუძვლის მითითების, მხარეთა ინფორმირების, შეცდომის გასწორებისა და სადავო გარემოებების შეფასების პროცედურები. განსაკუთრებით პრობლემურია ისეთი შემთხვევები, როდესაც შეცდომა გამოვლინდება აქტის დადასტურების ვადის გასვლის შემდეგ.
ბუღალტრულ პრაქტიკაში ეს გამონაკლისი არ არის. საქონლის რაოდენობა შეიძლება დაზუსტდეს შემდგომი გადათვლისას; ფასის კორექტირება შეიძლება შეთანხმდეს ანგარიშსწორებისას; მიღებული პროდუქციის ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს უხარისხო და დაბრუნდეს გამყიდველთან.
თუ ელექტრონული დოკუმენტის შეცვლის შესაძლებლობა არ არსებობს ან შესაბამისი პროცედურა გაურკვეველია, წარმოიშობა წინააღმდეგობა რეალურ ოპერაციას, ბუღალტრულ ჩანაწერსა და ელექტრონულ რეესტრში ასახულ ინფორმაციას შორის. ამიტომ საჭიროა მაკორექტირებელი დოკუმენტის შედგენის მექანიზმი, რომელიც შეინარჩუნებს თავდაპირველი აქტის მონაცემებს, ასახავს ცვლილების საფუძველსა და თარიღს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისობას ფაქტობრივ გარემოებებთან.
დოკუმენტის ელექტრონული ფორმა არ უნდა იქცეს შეცდომის გამოსწორების დაბრკოლებად. პირიქით, ელექტრონულმა სისტემამ უნდა გაამარტივოს ცვლილებების აღრიცხვა და მათი ისტორიის შემოწმება.
ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო დადასტურება: ორი განსხვავებული საკითხი
ახალი წესის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო დოკუმენტირების ურთიერთმიმართებას.
ფინანსურ ანგარიშგებაში სამეურნეო ოპერაციის ასახვა შესაბამისი სააღრიცხვო სტანდარტებით განისაზღვრება. მაგალითად, მარაგების აღრიცხვისას გამოიყენება ბასს 2 - „მარაგები“, რომელიც ადგენს მარაგების შეფასებისა და მათი ღირებულების ხარჯად აღიარების ძირითად პრინციპებს.
თუ საწარმომ საქონელზე კონტროლი მოიპოვა და შესაბამისი აღიარების კრიტერიუმები შესრულებულია, მისი აღრიცხვის საკითხი მხოლოდ ელექტრონული აქტის დადასტურების სტატუსით ვერ გადაწყდება. საგადასახადო მიზნებისთვის კი ოპერაციის დოკუმენტური დასაბუთება უნდა შეფასდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ამ განსხვავებას პრაქტიკული დატვირთვა აქვს. შესაძლებელია, საქონელი ფინანსურ აღრიცხვაში სწორად იყოს ასახული, მაგრამ მისი საგადასახადო დასაბუთების საკითხი სადავო გახდეს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა წარმოიშობა არა აუცილებლად საქონლის არსებობის ან მიღების, არამედ მისი საგადასახადო დოკუმენტირების გამო.
ბუღალტრისთვის ეს ნიშნავს დამატებით სამუშაოს: ელექტრონული აქტების სტატუსების კონტროლს, დაუდასტურებელი დოკუმენტების გამოვლენას, შესაბამისი მტკიცებულებების შენახვასა და სააღრიცხვო მონაცემების საგადასახადო რეესტრთან შეჯერებას. ამიტომ აუცილებელია ელექტრონული აქტის საგადასახადო დანიშნულების მკაფიო განმარტება, რათა გადასახადის გადამხდელებსა და საგადასახადო ორგანოს ერთი და იმავე ოპერაციის განსხვავებული შეფასების საფუძველი არ შეექმნათ.
მოსალოდნელი ეკონომიკური შედეგები: რას გაართულებს ახალი პროცედურა?
ელექტრონული აღრიცხვის დადებითი შედეგები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მარტივი, ხელმისაწვდომი და საიმედო იქნება მისი გამოყენება.
ერთიანი ელექტრონული რეესტრი შეიძლება ამცირებდეს დოკუმენტების დაკარგვისა და მონაცემების გაყალბების შესაძლებლობას, აუმჯობესებდეს ინფორმაციის მოძიებას და ამარტივებდეს საგადასახადო შემოწმებას. მაგრამ ახალი პროცედურის დანერგვას მეორე მხარეც აქვს.
საწარმოებისთვის, რომლებიც მცირე რაოდენობის საქონელს მუდმივი მიმწოდებლებისგან იძენენ, ელექტრონული დადასტურება შეიძლება შედარებით მარტივი აღმოჩნდეს. განსხვავებული მდგომარეობაა იმ საწარმოებში, რომლებიც ყოველდღიურად მრავალრიცხოვან ფიზიკურ პირებთან ახორციელებენ შესყიდვებს.
ასეთ შემთხვევაში თითოეული ოპერაციის ელექტრონული გაფორმება, შეტყობინების მიღების კონტროლი, დაუდასტურებელი აქტების გამოვლენა და შეცდომების გასწორება დამატებით დროსა და ორგანიზაციულ რესურსს მოითხოვს.
განსაკუთრებით საყურადღებოა სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვა. მცირე და ოჯახური მეურნეობების წარმომადგენლებს შეიძლება არ ჰქონდეთ ინტერნეტთან მუდმივი წვდომა, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა ან ელექტრონული მომსახურებით სარგებლობის გამოცდილება.
ასეთ ვითარებაში სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოჩნდეს საწარმო, რომელიც მოსავლის სეზონზე პროდუქციას ათეულობით მცირე მწარმოებლისგან იძენს. შესყიდვის ოპერაციები სწრაფად მიმდინარეობს, საქონელი ხშირად მალფუჭებადია, ხოლო გამყიდველები შესაძლოა სხვადასხვა დასახლებიდან იყვნენ ჩამოსული.
თუ თითოეული შესყიდვის სრულყოფილი დოკუმენტირება დამოკიდებული გახდება გამყიდველის შემდგომ ელექტრონულ მოქმედებაზე, შემსყიდველს დამატებითი ადმინისტრაციული რისკის გათვალისწინება მოუწევს.
შესაძლოა, საწარმომ უპირატესობა მიანიჭოს იმ მიმწოდებლებს, რომლებთანაც ელექტრონული დადასტურება უფრო მარტივად ხორციელდება ან საერთოდ არ დასჭირდება. შედეგად, ტექნიკურად ნაკლებად მომზადებულ მცირე მწარმოებლებს პროდუქციის რეალიზაცია გაურთულდეთ.
ეს შედეგი გარდაუვალი არ არის და მისი მასშტაბის წინასწარ დადგენაც რთულია. თუმცა ასეთი რისკის არსებობა საკმარისი საფუძველია, რომ ახალი პროცედურის ეკონომიკური შედეგები სავალდებულო გამოყენებამდე შეფასდეს.
განსაკუთრებით მიუღებელი იქნებოდა მდგომარეობა, როდესაც დოკუმენტური აღრიცხვის გამარტივება ადმინისტრაციული დანახარჯების ზრდით მიიღწევა, ხოლო საგადასახადო კონტროლის გაუმჯობესება - მცირე მწარმოებლების ბაზარზე მონაწილეობის შემცირების ხარჯზე.
რა უნდა შეიცვალოს, რომ ახალი წესი რეალურად გამართულად ამოქმედდეს?
გამოვლენილი პრობლემები არ ნიშნავს, რომ ელექტრონულ აღრიცხვაზე გადასვლა უნდა შეჩერდეს ან საერთოდ უარვყოთ. პირიქით, რეგულაციის მიზნების მისაღწევად საჭიროა მისი სამართლებრივი და პრაქტიკული სრულყოფა.
პირველ რიგში, უნდა მოწესრიგდეს რეგულირების სამართლებრივი ფორმა. ზოგადი სავალდებულო პროცედურა უნდა განისაზღვროს შესაბამისი ნორმატიული აქტით, სათანადო საკანონმდებლო საფუძვლის დაცვით.
მეორე - მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ელექტრონული აქტის საგადასახადო მნიშვნელობა. დაუდასტურებელი, უარყოფილი ან ვადაგასული აქტის სტატუსი არ უნდა იქცეს ფაქტობრივად განხორციელებული ოპერაციის ავტომატური უარყოფის საფუძვლად, თუ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მისი დადასტურება სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით არის შესაძლებელი.
მესამე - უნდა შემუშავდეს ელექტრონული დადასტურების ალტერნატიული პროცედურა იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებსაც ტექნიკური ან სხვა ობიექტური მიზეზით ელექტრონული მომსახურებით სარგებლობა არ შეუძლიათ.
მეოთხე - საჭიროა აქტის უარყოფის, შეცდომების კორექტირების, საქონლის დაბრუნებისა და გარიგების პირობების ცვლილების აღრიცხვის მექანიზმები. შესაბამისმა პროცედურებმა უნდა უზრუნველყოს თავდაპირველი და შეცვლილი მონაცემების შენარჩუნება.
მეხუთე - უნდა განისაზღვროს მოქმედების წესი ელექტრონული სისტემის ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში. გადასახადის გადამხდელს არ უნდა დაეკისროს უარყოფითი შედეგი ისეთი გარემოების გამო, რომლის თავიდან აცილებაც მას არ შეეძლო.
მეექვსე - მიზანშეწონილია ელექტრონული რეესტრის მონაცემების ბუღალტრულ პროგრამებში გადატანისა და შეჯერების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. ეს შეამცირებს ინფორმაციის ხელახალი შეყვანის საჭიროებას და ტექნიკური შეცდომების ალბათობას.
ამ საკითხების მოგვარება მოითხოვს არა მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწას, არამედ სამართლებრივი ნორმებისა და ადმინისტრაციული პროცედურების შეთანხმებულ მოწესრიგებას.
ამ მიზნით, მიზანშეწონილია ელექტრონული აქტის სავალდებულო გამოყენების დაწყება 2026 წლის 1 დეკემბრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე გადაიდოს, ხოლო დეკემბერი გარდამავალ პერიოდად განისაზღვროს.
გარდამავალ პერიოდში გადასახადის გადამხდელებს უნდა ჰქონდეთ ახალი ელექტრონული ფორმის ნებაყოფლობით გამოყენებისა და დოკუმენტური დადასტურების მოქმედი საშუალებების პარალელურად შენარჩუნების შესაძლებლობა. ეს პერიოდი შეიძლება გამოიყენონ სისტემის პრაქტიკული გამოცდის, მომხმარებელთა ინფორმირების, ტექნიკური ხარვეზების გამოვლენისა და რეგულაციის საბოლოო დაზუსტებისთვის.
ერთი თვით გადავადება თავისთავად ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. თუმცა სამართლებრივი და ტექნიკური საკითხების მიზანმიმართული მოწესრიგების შემთხვევაში იგი შესაძლებელს გახდის ახალი წესის დანერგვას ნაკლები გაურკვევლობითა და ადმინისტრაციული დანახარჯებით, ზედმეტი გართულებების გარეშე.
დასკვნა: რას უნდა ემსახურებოდეს ელექტრონული აღრიცხვა?
ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული აქტის შემოღება საგადასახადო ადმინისტრირების განვითარების ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინფორმაციის თავმოყრა ხელს უწყობს ოპერაციების გამჭვირვალობას, დოკუმენტური აღრიცხვის მოწესრიგებასა და კონტროლის გაუმჯობესებას. მაგრამ ახალი რეგულაციის შეფასება მხოლოდ მისი ტექნიკური შესაძლებლობებით სრულ სურათს ვერ მოგვცემს.
შესყიდვის ელექტრონული აქტის შემთხვევაში ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს სამი საკითხი: სამეურნეო ოპერაციის ფაქტობრივი განხორციელება, მისი დოკუმენტური დადასტურება და დოკუმენტის ელექტრონული სტატუსი.
ამ განსხვავების უგულებელყოფამ შეიძლება წარმოშვას სამართლებრივი გაურკვევლობა და საგადასახადო დავები. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ დოკუმენტის საბოლოო სტატუსი დამოკიდებულია გამყიდველის მოქმედებაზეც. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ შემსყიდველს დამატებითი ადმინისტრაციული და საგადასახადო სირთულეები შეექმნას იმ გარემოების გამო, რომელსაც თავად ვერ აკონტროლებს.
ახალი წესის წინააღმდეგობრივი ბუნება სწორედ ამაში ვლინდება: რეგულაცია, რომელიც სამეურნეო ოპერაციების სანდო დოკუმენტირებას უნდა ემსახურებოდეს, არასრულყოფილი პროცედურების პირობებში შეიძლება თავად გახდეს რეალური ოპერაციების დადასტურების გართულების მიზეზი.
ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტა შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა სამართლებრივი ფორმის მოწესრიგება, ელექტრონული აქტის საგადასახადო დანიშნულების დაზუსტება, ალტერნატიული დადასტურებისა და კორექტირების მექანიზმების შემოღება, აგრეთვე სისტემის პრაქტიკული შესაძლებლობების გათვალისწინება.
ამიტომ სავალდებულო გამოყენების დაწყების გადავადება და გარდამავალი პერიოდის დაწესება უნდა განვიხილოთ არა როგორც ელექტრონული აღრიცხვის განვითარების შეფერხება, არამედ როგორც მისი გამართული დანერგვის შესაძლებლობა.
საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რამდენი დოკუმენტი შეიქმნა ელექტრონულად ან რამდენი ოპერაცია აისახა ერთიან რეესტრში. მისი რეალური შედეგიანობა იმით უნდა შეფასდეს, რამდენად სანდოდ ასახავს სისტემა განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებს, რამდენად ამცირებს გაურკვევლობასა და ადმინისტრაციულ დანახარჯებს და რამდენად იცავს გადასახადის გადამხდელთა კანონიერ ინტერესებს.
რეალური ოპერაციის აღიარება კი არ უნდა გახდეს დამოკიდებული ელექტრონული დოკუმენტის ტექნიკურ სტატუსზე, არამედ პირიქით - ელექტრონული დოკუმენტი უნდა ემსახურებოდეს რეალური სამეურნეო ოპერაციის დადასტურება.









