როცა ფული ადამიანურ ძალებს აღემატება, ანუ, ჩვენ... ყოველთვის ვაგვიანებთ!

როცა ფული ადამიანურ ძალებს აღემატება, ანუ, ჩვენ... ყოველთვის ვაგვიანებთ!

 

„ქართული ოცნების“ მე-9 ყრილობაზე, პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, დამაჯერებლად განაცხადა: ჩვენ 64-ვე საარჩევნო ოლქში მოვიგებთ მუნიციპალიტეტის მერებისა და საკრებულოს არჩევნებსო! ამით კობახიძემ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ საქართველოში ოპოზიცია, ფაქტიურად, არ არსებობს და მთელი საქართველო ჩვენ ვართო!


მიუხედავად იმისა, რომ კრიმინალად წოდებულ ოპოზიციას მაინც ჰყავს საკუთარი ელექტორატი, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას: დღეს საქართველოში, კლასიკური გაგებით, ოპოზიცია არ არსებობს! მიზეზი ძალიან ბევრია, თუმცა, მთავარ მიზეზი ხელისუფლების მზაკვრულ პოლიტიკაში, ასევე, საზოგადოების სრულ უპასუხისმგებლობაში იმალება.


* * *


დაახლოებით ორი თვის წინ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ლიდერმა, ბ-ნმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ, ვიდრე საქართველოში „ნაცმოძრაობა“ ბოგინობს, კოსტრუქციული ოპოზიცია არ იარსებებსო!


მდინარაძის ეს ორაზროვანი განცხადება ყველამ ისე გაიგო, როგორც აწყობდა: უმრავლესობა „ნაციონალების“ მთავარ ოპოზიციად არსებობის შემთხვევაში, კონსტრუქციული ოპოზიციის ჩამოუყალიბლებლობას ფინანსური რესურსების სიმწირეს უკავშირებს. ახალი არ არის, რომ „ნაცმოძრაობას“ დღემდე შემორჩა ხალხისა და სახელმწიფოს ძარცვის გზით ნაშოვნი ასეულობით მილიონი, არც უცხოური დაფინანსება დაკლებია დღემდე, ხოლო, მეორე მხარეს კი დგას „ქართული ოცნება“, რომლის უკან ბიძინა ივანიშვილის იმიჯი და მისივე სოლიდური ფინანსური რესურსები მოიაზრება.


აქედან გამომდინარე, თავისუფალი პოლიტიკური სივრცე არ რჩება ისეთი ჭეშმარიტი ოპოზიციისთვის, რომელიც პოლიტიკური სივრციდან გააგდებს „მთავარ“ ოპოზიციად წოდებულ „ნაცმოძრაობას“ და მის ანასხლეტებს, ხოლო, მმართველ პარტიას კოსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს!


გასაგებია, რომ არსებული ორი პოლიტიკური მონსტრის საპირწონე ფული არ არის - უფულოდ კი არსებითი გარღვევა შეუძლებელია (ქართული ბიზნესი ახალი პოლიტიკური ძალის შემოყვანაზე თავს არ იტკიებს), მაგრამ, არსებობს მეორე გზა - განსხვავებულად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანებისგან საზოგადოებრივი ერთობის ჩამოყალიბება, რომელიც ოფიციალურ ოპონირებას გაუწევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, სწორ, სახელმწიფოებრივ რეკომენდაციებსაც მისცემს!


მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და გაბედული ადამიანები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი აქტიურობა ფეისბუქტატუსებს და არამეინსტრიმულ მედიაში რიტორიკას არ სცდება!


პრაქტიკამ დაგვანახა, რომ განსხვავებულად მოაზროვნეთა ცალ-ცალკე აქტივობა მხოლოდ ორთქლის გამოშვების ფუნქციას ასრულებს, ხოლო, თუ მათ ძალისხმევას ორგანიზებული ხასიათი მიეცემა, დარწმუნებული ვარ, შედეგიც არსებითი იქნება!


მიკვირს, დღემდე რატომ ვერ ხერხდება თანამოაზრეთა ფორმალური გაერთიანება, რომელსაც, განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან, მილიონობით ფინანსური რესურსი არ დასჭირდება!


რატომ ვერ ვდგამთ ამ სასიცოცხლოდ აუცილებელ ნაბიჯს და რას ველოდებით, ჩემთვის ყოვლად გაუგებარია.


იქნებ, თანამოაზრეთა ორგანიზაციული ერთობით მოხერხდეს ხელისუფლებასა და ხალხს შორის არსებული უფსკრულის ამოვსება, რომლის გარეშეც სახელმწიფოებრივად მართებული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლებელია. ხელისუფლებას, თუ იგი სახელმწიფოს ჯანსაღ მომავალზეა ორიენტირებული, საკუთარ ხალხთან პარტნიორული ურთიერთობის (საზოგადოების განწყობის გათვალისწინებით) გარეშე, ამ გლობალურ ეპოქაში, სწორი ნაბიჯის გადადგმა არ ძალუძს!


ვიმოქმედოთ, ვიდრე საერთოდ არ დაგვიანებულა!

მაშ ასე, ვიწყებთ ღია პოლემიკას აღნიშნულ თემაზე.


 

P.S. თუ თავხედობაში არ ჩამითვლით, შემიძლია დავასახელო რამდენიმე პიროვნება მაინც, ვის გარშემოც შეიძლება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანთა ერთობის ფორმირება:


ირაკლი გოგავა, სოსო მანჯავიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თემურ მაისურაძე, სოფიკო სოხაძე, დავით კუხალაშვილი, მაია ნიკოლეიშვილი, ლევან მამალაძე, გიორგი მდივანი, გიორგი რაზმაძე, მამუკა კარტოზია, ხათუნა საგინაშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, მარიამ მაისურაძე, რევაზ კარანაძე.



სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, ამის პრეროგატივას მკითხველს დავუტოვებ.


P.S.P.S.  9 მაისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო მოჩვენებითი სუვერენიტეტის დაცვის გზას ადგას. ორმაგი სტანტარტი, ანუ მოჩვენებითობა კი ხეირს არასდროს მოგვიტანს!


ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: