პარიზული დღიურები
16 წლის წინ გამოქვეყნდა პირველად (თუმცა დიდი ხნით ადრე დაიწერა) სტატია, რომელიც შემთხვევით გადაურჩა გასული საუკუნის 90-იანი წლების რეპრესიებს და ჩხრეკებს, ჩემს სახლში რომ რეგულარულად ხდებოდა.
მიმაჩნია, იგი არა მარტო ღვაწლმოსილი ქართველის მოგონებითაა საინტერესო, მისი დასასრული, ერთი ერთზე ეხმიანება დღევანდელობას!
ასევე, 42 წლის წინანდელი პარიზში აღწერილი ამბები, საქართველოს სახელი უცხოეთში, დღევანდელთან შედარებით, ოცნების სფეროსაც სცდება.
ეძღვნება დიდი ქართველი მამულიშვილის,
საქართველოდან ბედის უკუღმართობით
გადახვეწილი, ქართულ მიწა-წყალს დანატრებული
კალისტრატე სალიას ნათელ ხსოვნას
პარიზი
(1983 წლის აპრილი)
თითქმის დაუჯერებელი ოცნება იყო იმ დროს უცხოეთში გასვლა, მითუმეტეს, კაპიტალისტურში... საკუთარ სამშობლოში ყველაფერი მხოლოდ კუჭის სიმაძღრით იზომებოდა და თუ კი ვინმე არალეგალურად გააღწევდა აქედან, ქვეყნის მტრად და დისიდენტად ცხადდებოდა. არსებობდა კიდევ ერთი გზა − ბედნიერ საბჭოთა ტურისტთა რიგებში მოხვედრა, რაც არც ისე ადვილი იყო. ერთხელაც, ამ „ბედნიერთა” რიგებში მეც მოვხვდი... და თბილისიდან მოსკოვის გავლით, საკმაოდ დამღლელი მოგზაურობის შემდეგ, ჩვენი თვითმფრინავი შარლ დე გოლის აეროპორტში დაეშვა.
პარიზის პირველად ნახვის ბედნიერების აღწერას აქ არ შევუდგები, მაგრამ პირველი წუთიდანვე სასიამოვნო მოულოდნელობები თან რომ გვდევდა, ამას გვერდს ვერ ავუვლი. გავიარეთ თუ არა რამდენიმე ათეული მეტრი სიგრძის შუშის კოლბა, თვითმფრინავს რომ აერთებდა აეროპორტის შენობასთან, იქვე მოსაცდელ დარბაზში ანსამბლ „რუსთავის“ თითქმის მთელი შემადგენლობა დაგვხვდა. კონცერტები ჰქონიათ „ოლიმპიას“ საკონცერტო დარბაზში, რომელსაც გაუგონარი წარმატებით ჩაუვლია... აეროპორტის მოსაცდელი დარბაზის შუაგულში შეგროვილ ჯგუფთან მივედი. იქვე, შორიახლოს, აშკარად ქართული გარეგნობის გოგონა იდგა. ჩვენი გამოჩენისთანავე იგი ნელი ნაბიჯით წამოვიდა მოგვესალმა. დაბნეულებმა ჯერ ხმა ვერ ამოვიღეთ, მოგვიანებით კი „გაგიმარჯოსო” − ერთხმად ვუპასუხეთ!..
ლიზიკო დავრიშაშვილი აღმოჩნდა ჩვენი თანამოსაუბრე. მოგვიყვა − „სამი დღეა მე და ჩემი და-ძმები მორიგეობით დავდივართ აეროპორტში, გავიგეთ ქართული ჯგუფი ჩამოდიოდა, მაგრამ დღე არ ვიცოდით ზუსტად, ბედნიერი ვარ, რომ მე მომიწია თქვენთან შეხვედრაო!“ ისიც დაეზუსტებინა, ჩვენ რამდენიმე საათში უნდა გავფრენილვიყავით ლიონში. „ოთხ დღეში პარიზში დაბრუნებულებს მე და ჩემი და-ძმები გინახულებთო!“
იმწუთშივე მიაყარეს კითხვები − „კი მაგრამ რამდენი ხართო?“
ათიო, გვიპასუხა ლიზიკომ − „ოთხი და და ექვსი ძმა!..“
ესეც მცირე შოკი იყო ჩვენთვის − პარიზში ათი ქართველი და-ძმა ცხოვრობს?!. მერე მე მომიბრუნდა ლიზიკო, როგორც ჯგუფში ყველაზე ახალგაზრდას და ტელეფონის ნომერი მომცა. მითხრა − „როგორც დაბრუნდებით, მაშინვე დამირეკეთ და სასტუმროში გეწვევითო მე და ჩემი და-ძმები!“
ამასობაში ავტობუსიც მოვიდა და „პარიზ ქალაქისკენ“ დაძრულთ, მალევე დაგვავიწყდა ლიზიკო დავრიშაშვილი და მისი და-ძმები... ერთი კვირა სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობის შემდეგ, პარიზში დაბრუნებულებს დავრიშაშვილებთან ერთად პარიზელი ქართველი გურამიც გვიწევდა მასპინძლობას. ჩვენ, საბჭოთა ტურისტებს, როგორც ზემოთ ვახსენე, ქართველ ემიგრანტებთან პირადი შეხვედრები სასტიკად გვეკრძალებოდა. უკიდურეს შემთხვევაში, სასტუმროში შეგვეძლო მათთან საუბარი, ისიც აუცილებლად ერთად შეკრებილ ჯგუფის რამდენიმე წევრს... ცალცალკე საუბარი გარკვეული მიზეზების გამო აკრძალული იყო.
მე ერთი პატარა უპირატესობა მქონდა ჩემი ჯგუფის წევრებთან შედარებით − ჩემს უცხოელ თანამემამულე ქართველთან შემეძლო გერმანულად მესაუბრა და ჩემი გეგმები თუ სურვილები გამეზიარებინა, ისე რომ ჯგუფის წევრებს ვერაფერი გაეგოთ, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო მათ შორის „კაგებეს” ინფორმატორიც ყოფილიყო!
სწორედ ასე მოვიქეცი ბატონ გურამთან, რომელიც რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის გერმანულ ენასაც საუცხოოდ ფლობდა. შევთანხმდით სად და როდის უნდა შევხვედროდით და ჩემი ორი აუცილებელი სურვილი − ჩავსულვიყავი ლევილში, მენახა (მაშინ თითქმის ყველა ქართველის ოცნებად ქცეული) ლევილის სასაფლაო და შევხვედროდი ბ-ნ კალისტრატე სალიას სწორედ ამ გზით იქცა რეალობად. ბ-ნი გურამი მეორე დღისთვის შემპირდა ორივე სურვილის განხორციელებას.
ჩემთვის, ყველაფერი ეს ლამაზი სიზმრის ახდენაზე უფრო მეტი იყო და სასწრაფოდ დავთანხმდი.
პირველი დღე პარიზში ქალაქის ექსკურსიით და ლუვრის დათვალიერებით დაიწყო.
ლუვრის სარდაფში, საიდანაც დათვალიერება იწყებოდა, სწორედ მაშინ შევედით, როცა ერთმა საბჭოთა „ტურისტკამ“ კინაღამ კვარცხლბეკიდან ჩამოიღო „ვენერა მილოსელის“ ქანდაკება და სკანდალი იყო ატეხილი. „ხელებმოტეხილ ბაბა“-სთან გადამიღეთო სურათი და წელში ეცა თურმე ტურისტი-მწველავი ქალი... სასწაულით გადაურჩა კიდევ ერთხელ მიწაზე დანარცხებას მართლაც ზეციურ სულჩადგმული სასწაული ქმნილება!..
საგანგებოდ გაგვაფრთხილეს ამ ინციდენტის შემსწრენი, ხელი არაფრისთვის გვეხლო და მეც განვაგრძე „სუფლიორი მაგნიტოფონის” მონაყოლის ქართულად გადმოცემა. ანტიკური ხანიდან მაღალ სართულებზე გადავინაცვლეთ და ერთ ტილოსთან შევჩერდით. ზოგიერთი ჯგუფის წევრი დაწინაურებულიყო და ვთხოვე ყველანი ჩემს გარშემო მოგროვილიყვნენ. ყველაზე ბოლოს გორელი შრომის გმირი - ბატონი შოთა მოვიდა, პატარძლეულელი ტრაქტორისტების ბრიგადის ბრიგადირის, ლენინის ორდენოსანის და შრომის გმირის „მუსიე“ ვალიკოს ძმაკაცი. დერეფნის ბოლოში შორიდანვე ჩანდა ერთ ტილოსთან ხალხის სიმრავლე. ბატონი შოთაც იქიდან მოსულიყო; გაკვირვებული ყვებოდა − „ვიღაც დედაკაცის სურათი გამოუკიდიათ და დიდი და პატარა იმას აწყდებაო!..“
რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩვენც ბატონი შოთას მოყოლილი „ვიღაც დედაკაცის სურათის“ მნახველთა რიგში ვიდექით, რომელიც „მონა ლიზა“, იგივე „ჯოკონდა“ აღმოჩნდა... ასეთი იყო საბჭოთა დროინდელი საზღვარგარეთ გასაგზავნი ტურისტების შერჩევის პრინციპის შედეგი!..
პარასკევ ნაშუადღევს მანქანით მგზავრობა კატასტროფაა პარიზში! თითქოს მთელი მოსახლეობა ტოვებსო ქალაქს, მანქანების ზღვა მიედინება ქალაქგარეთ. ჩვენც ამ ნაკადს გავუყევით ლევილისკენ.
ჩვენი პარიზში ჩასვლა საფრანგეთიდან აეროფლოტის და საბჭოთა დი პლომატების ნაწილის გასახლებას დაემთხვა, რომელთაც ჯაშუშობა ბრალდებოდათ, და ამის გამო პარიზში ჩასვლისთანავე სსრკ-ს საკონსულოში შეხვედრა და საგანგებო ინსტრუქტაჟის მოსმენამ მოგვიწია. მკაცრად გაგვაფრთხილეს − „მარტო არ გვევლო, უცხოს არ შევხვედროდით და ჯგუფის უფროსის ნებართვის გარეშე სასტუმრო არ დაგვეტოვებინა”. ამ დროს კი, მე ბ-ნ გურამთან ერთად ლევილისკენ მივდივარ. არც გურამისთვის იყო უცნობი ჩვენი საგანგებო მდგომარეობა და ლევილში წასვლის გადაწყვეტილება რამდენიმე საკითხის საგულდაგულოდ შეთანხმების შემდეგ მივიღეთ. ერთ ერთი მათგანის თანახმად ლევილში მხოლოდ გერმანულად უნდა გვესაუბრა ერთმანეთთან, რადგან ადვილი შესაძლებელი იყო იქ კაგებეს თავისი აგენტი ჰყოლოდა და ჩემთვის ეს მოგზაურობა ცუდად დამთავრებულიყო. ამიტომ, შემთხვევით შემხვედრ ქართველთანაც გამოირიცხა ჩვენი კონტაქტი და საუბარი. როგორც ვთქვით ჩემთვის მთავარი იყო ლევილის და იმჟამად ყველა ქართველისთვის ოცნებად ქცეული ლევილის ქრთველ ემიგრანტთა სასაფლაოს მონახულება...
გურამმა ჩინებული მეგზურობა გამიწია, უამრავი საფლავი მოვინახულეთ, პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას და ბოლოს ნოე ჟორდანიას საფლავთან გავჩერდით. როგორც ყველა იმდროინდელი ქართველი, მეც იმწამსვე ცნობილი ეპიტაფიის ძებნას შევუდექი, რაც ჩემი მასპინძლისთვის უცხოდ არ დარჩენილა და ამიხსნა, რომ იგი არასოდეს წერებულა ნოეს საფლავის ქვაზე.
მოგვიანებით, საქართველოში დაბრუნებულმა მე თვითონ გამოვიკვლიე − ცნობილი სტრიქონები „ვარ საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფალი, მისი სიკეთით მსურს გავიხარო. თუ საქართველო ვერ ვიხილე თავისუფალი, დე მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!”, რომელსაც ათწლეულების მანძილზე ნოე ჟორდანიას მიაწერდნენ, მართლაც საქართველოს გულდამწვარ პატრიოტს სიმონიკა ბერეჟიანს ეკუთვნოდა თურმე...
გვიან მოვბრუნდით ლევილიდან. ბატონ კალისტრატესთან შეხვედრა მეორე დღისთვის დავნიშნეთ, ცნობილ კაფე „მონ პარნასთან“.
საგანდებოდ მოვემზადე ამ შეხვედრისთვის. ერთი ბოთლი ოჯალეში და თბილისის ხედები წამოვიღე საჩუქრად და ეს შეხვედრაც შედგა. ბოდიში მოვუხადე ბატონ კალისტრატეს შეწუხებისთვის, მაგრამ ისიც მოვახსენე − მე არ ვიცი მეორედ მოვხვდები თუ არა პარიზში და ამიტომაც გავბედე თქვენი შეწუხება, სახლში დაბრუნებულს პირველ რიგში ამას მკითხავენ... თქვენთან შეხვედრას მარტო მე კი არა, მთელი საქართველო მოელის მეთქი!
თვითონაც მომიბოდიშა − „სახლში ვერ მიგიღეთ, ქალბატონი ნინო შეუძლოდაა, წინა კვირას რუსთავის კონცერტს დავესწარით, იმდენად აგვაღფრთოვანა ნანახმა ვერ აღგიწერთ. ნინოს საქართველოდან ჩამოსული ქართველის დანახვაზე დიდი ემოციები დასჩემდა და წნევა უწევს...“
მირჩია მეც მენახა რუსთავის განახლებული პროგრამა.
სახელი და გვარი რომ ვუთხარი − მეგრული თუ იციო პირველი ეს მკითხა!
რა თქმა უნდა, ვიცი მეთქი და რამდენიმე წუთი მეგრულად ვისაუბრეთ. გამიკვირდა მისი მეგრული, რაც მასაც არ დარჩენია შეუმჩნეველი და თვითონვე განმიმარტა:
− „აქ ყველა განათლებულმა ქართველმა მეგრული იცოდაო!“... მოგვიყვა თუ რა პირობებში ბეჭდავდა „ბედი ქართლისას”, ინანა, რომ თან არ ჰქონდა წამოღებული...
საუბარს მოჰყვა და მე ისევ ვუხსენე − თქვენ მთელი საქართველო გელოდებათ, რატომ არ ჩამოდიხართ მეთქი!
ეს საოცრად კეთილი, მთელი თავისი სიცოცხლე საქართველოზე ფიქრს და ზრუნვას გადაგებული ადამიანი უცებ გაშეშდა და გაირინდა... კარგა ხანს ვიჯექით უხმოდ. გული დამწყდა, რატომ ვკითხე, გული რატომ ვატკინე მეთქი!..
− შევნიშნე, მიხვდა ჩემს წუხილს და თითქოს შორს ვიღაცის გასაგონად თქვა,
− „მე საქართველო ისეთივე ნათელი და ამაღლებული მინდა ვიხილო, როგორიც ჩემს მეხსიერებაში დამრჩაო!“
ჩემი მოკრძალებული საჩუქარი გადავეცი, მადლობა მოვახსენე რომ ჩემთვის დრო გამონახა და ერთმანეთს მალე შეხვედრის იმედით დავცილდით.
1985 წელს, ბატონ კალისტრატე სალიას, ევროპაში საყოველთაოდ აღიარებულ მეცნიერს, როგორც იქნა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრობა მიანიჭეს, და იმავე წელსვე გარდაიცვალა პარიზში.
25 წელი მიილია პარიზში შეხვედრიდან და ვერ ამეხსნა, თუ რას ნიშნავდა
− „მე საქართველო ისეთივე ნათელი და ამაღლებული მინდა ვიხილო, როგორიც ჩემს მეხსიერებაში დამრჩაო!..“
...მართლაც უბედური დღეები უდგას დღეს საქართველოს. მტერს თუ გაუხარებს გულს ორი ტყუპისცალი ძმის „პოზიცია-ოპოზიციის“ პოლიტიკურ პოდიუმზე ხილვა. არც ერთ მათგანს ტოლი არ დაუდვია ერთმანეთისთვის, სხვადასხვა დროს საქართველოს სულიერ და ფიზიკურ ნგრევაში. ძნელად თუ მოიპოვება მათ რიგებში მართალი და ქვეყნისთვის მოფიქრალი ადამიანი!..
ალბათ ამას გულისხმობდა სულმნათი კალისტრატე სალია, ასეთი საქართველოს და ქართველების ნახვის ეშინოდა მას, სამშობლოში დაბრუნებულს და სამშობლოს „ნათელი და ამაღლებული მოგონება“ გაიყოლია თან სამარადჟამო სასუფეველში!..
პარიზში „რუსთავის” კონცერტს ვერ დავესწარით, მაგრამ გურამმა ერთი პატარა სასწაულის მომსწრე მაინც გაგვხადა საკონცერტო დარბაზ ოლიმპიას მიდამოებში − იმხანად ახალი გამოსული იყო ყურთსასმენიანი პატარა მაგნიტოფონები, რომელიც იუნესკოს ბავშვთა დაცვის ფონდმა „იუნისეფ“-მა გამოუშვა და დიდს და პატარას კისერზე ეკიდა იგი და მუსიკას უსმენდა. ჩვენც ფეხით მოსიარულეთა ნაკადში გავერიეთ. გურამი ბოდიშის მოხდით აჩერებდა გამვლელთ, თხოვდა ჩემთვის „გერმანელი ჟურნალისტისთვის“ ეთქვა, თუ რა მუსიკას უსმენდა. ზოგმა სიამოვნებით, ზოგმაც უსიამოდ მოგვაწოდა ყურთსასმენი, ჩვენც მადლობას ვუხდიდით, ვიდრე ერთ ახალგაზრდას გავაჩერებდით და გურამის ცნობილ კითხვაზე, თუ რა მუსიკას უსმენდა, კინაღამ სიცილით არ გაიგუდა... სული რომ მოითქვა მიაყოლა:
−„ამან რა იცის ის ქვეყანა, მე რომ მუსიკას ვუსმენო” − და ყურთსასმენი მომაწოდა. ადრევე ვიგრძენი, რაღაც არაჩვეულებრივი უნდა მომხდარიყო, მაგრამ მუსიკის ჰანგი რომ ჩამესმა, ხელი ყურთან გამეყინა, ხმა ვერ ამოვიღე... გურამს ღიმილი გადაფენოდა სახეზე − ჰამლეტ გონაშვილი გალობდა „წინწყაროს“!..
გაოგნებული ფრანგი ახალგაზრდა ხან მე, ხან გურამს შეჰყურებდა, ვიდრე გურამი ეტყოდა, ჩემი სტუმარი ქართველია, ერთი კვირის წინ ჩამოვიდა პარიზშიო. ახლა ეს ყმაწვილი აფორიაქდა − „უთხარი ხელი მომაკიდებინოს, ვიტრაბახებ ცოცხალ ქართველს შევეხეო!..“
...ვაგლახ, რომ ბატონ კალისტრატე სალიას და მის ქართულ ემიგრაციას სამარადჟამო სასუფეველში გაჰყვა ევროპაში ქართველისადმი მორიდება და პატივისცემა, ხელი-ხელ ნაგოგმანებ „ბედი ქართლისა“- სთან ერთად!..
... ჩვენი პრეზიდენტის და მისი მთავრობის თუ ოპოზიციის შემხედვარე, საქართველოს მაცხოვრებლებს, მალე ევროპაში პატივის გვცემენ კი არა, ჯანმრთელობის ცნობის გარეშე აღარ შეგვიშვებენ!..
დავით ქობალია
გაზეთი „ილორი“ N 20
23 ივნისი 2009 წ.