„გვჭირდება თუ არა ერივნული იდეოლოგია?!“
ამ სათაურით 1998 წელს გაზეთ „ფინანსებში“ გამოქვეყნდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის სტატია, რომელსაც მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
„ფინანსები“, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საუწყებო გაზეთი გახლდათ და რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, მაშინდელი ხელისუფლებისა და საზოგადოების ყურადღების არეალში მოექცა. საფინანსო გაზეთში ასეთი სახელმწიფოებრივი იდეის გაჟღერება ბევრს საჩოთიროდ ეჩვენა და კრიტიკაც არ დამკლებია (განსაკუთრებით, მოქალაქეთა კავშირიდან მიტევდნენ), თუმცა, ჩემდა გასაკვირად, სტატიამ ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა თურმე და უბრძანებია, მის თანაშემწესთან, აწგარდაცვლილ თემურ მირიანაშვილთან გამევლო კონსულტაცია. მორიგ ჯერზე კი სტატიის ავტორთან ერთად შევხვედროდი.
დიახ, ბ-ნმა თემურმა მაუწყა აღნიშნული თემით პრეზიდენტის დაინტერესება და გამოთქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა შექმნილიყო სახელმწიფო კომისია, რომელიც ეროვნული (სახელმწიფო) იდეოლოგიის შექმნაზე იმუშავებდა.
გულწრფელად გითხრათ, გამიხარდა, რადგან იდეის ინსპირატორი ჩემდამი რწმუნებული გაზეთი „ფინანსები“ იყო (სამწუხაროდ, გაზეთის ის ნომერი არ შემომრჩა და არც ეროვნულ ბიბლიოთეკაში იძებნება).
არ ვიცი, რა იყო ნამდვილი მიზეზი, მაგრამ არც კომისია შექმნილა და ამ თემაზე ბატონ თემურ მირიანაშვილსაც მეორედ არ შევხვედრივარ. დღევანდელი გადასახედიდან კი ვრწმუნდები, რომ „პატრონებმა“ შევარდნაძეს იდეა არ მოუწონეს!
მას შემდეგ 27 წელი გავიდა - საქართველო, როგორც სახელმწიფო, დღესაც ეროვნული (სახელმწიფო) იდეოლოგიის გარეშე არსებობს!
* * *
რა არის იდეოლოგია და რამდენად საჭიროა მისი არსებობა სახელმწიფოსთვის?!
ოფიციალური განმარტებით: იდეოლოგია - იდეების, შეხედულებების ერთობლიობაა, რომელიც ადამიანების გარკვეულ ჯგუფში მიღებულ ნორმად, სახელმძღვანელო იდეებად არის აღიარებული.
ისეთ ტოტალურ კონგლომერატს, როგორც საბჭოთა იმპერია იყო, საკუთარი იდეოლოგია გააჩნდა - მარქსიზმ-ლენინიზმის სახით. ეს იყო ერთგვარი ოპიუმი, რომელიც ხალხის მასობრივად „მოწამვლას“ ემსახურებოდა. სახელმწიფოს ერთპარტიული სისტემა ფაქტობრივად კომუნისტურ იდეოლოგიაზე იყო დამყნობილი.
საბჭოთა სისტემას ემსახურებოდა აგიტაცია-პროპაგანდის მძლავრი მანქანა, რომელიც არსებითად გამორიცხავდა განსხვავებული აზრის არსებობას (განსხვავებულად მოაზროვნენი სახელმწიფოს მტრებად ცხადდებოდნენ) ქვეყანაში. მახსოვს, ბრეჟნევი მოსკოვში რომ დააცხიკინებდა, „ღვთის წყალობაო“ ერთმანეთს ასწრებდნენ ჩხოროწყუელი და თელაველი მშრომელები. ერთი სიტყვით, ქვეყანა ფორმალიზმისა და ცრუ პროპაგანდის ჭაობში იყო ჩაძირული. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საბჭოთა იდეოლოგიამ 70 წელზე მეტი გაძლო და მისი მზეც საბჭოთა კავშირთან ერთად ჩაესვენა.
* * *
მსოფლიო პრაქტიკაში რამდენიმე სახის იდეოლოგიას მოიაზრებენ:
1. მემარჯვენე იდეოლოგია, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებზეა კონცენტრირებული. მას სხვაგვარად კონსერვატიულ იდეოლოგიას უწოდებენ.
თუ ოფიციალური განმარტებით ვიხელმძღვანელებთ, ეს არის იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს ძლიერი სახელმწიფოს შექმნას და რომლის ქვაკუთხედსაც მორალური (ტრადიციული) ფასეულობები წარმოადგენს. მისთვის დამახასიათებელია ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
2. მემარჯვენე იდეოლოგიისგან არსებითად განსხვავდება მემარცხენე იდეოლოგია. იგი ძირითად პრინციპად, სოციალურ თანასწორობას და სოლიდარობას აღიარებს.
3. კონსერვატიული იდეოლოგიის საპირისპიროდ აღიქმება ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც თანასწორობის იდეაზეა დაფუძნებული და აღიარებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას.
ასევე არსებობს ფაშისტური, რადიკალურად მემარჯვენე ტოტალიტარული-ნაციონალური იდეოლოგია, რომლის ცოცხალი მაგალითი მე-20 საუკუნეში იყო ფაშისტური გერმანია.
გარდა ამისა, მსოფლიო პოლიტიკური სისტემა ცნობს ე.წ. დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებს.
ფორმალურად, დემოკრატიულია რეჟიმი, როცა სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებები მიიღება საზოგადოების აზრის გათვალისწინებით. თუ ობიექტურად შევაფასებთ, ასეთი იდეალური რეჟიმი ბუნებაში არ არსებობს. თუმცა, არსებობენ სახელმწიფოები, სადაც სამოქალაქო საზოგადოების როლი არც თუ ისე დაკნინებულია.
რაც შეეხება არადემოკრატიულ რეჟიმს, ეს არის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის დროსაც მთელი ძალაუფლება თავმოყრილია ერთი პირის, ან ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. სხვაგვარად, ანალოგიურ რეჟიმებს ავტორიტარულს უწოდებენ. ამის მაგალითი უკვე გვქონდა სააკაშვილის რეჟიმის სახით, სადაც ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კონტროლდებოდა საზოგადოების ყველა სფერო, მათ შორის, პირადი ცხოვრებაც. სააკაშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი მოწინააღმდეგეების ჩამოშორება და საზოგადოებაში შიშის დათესვა იყო.
არსებობს ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმიც, რომლის დროსაც, მმართველი გუნდის მთავარი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნებაა, სადაც დაბალია პოლიტიკური კულტურა, სუსტია კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახშიც არ არსებობს!
თუ ჰიბრიდული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ თვისებებს გადავხედავთ, საქართველოს დღევანდელი რეალობა ახლოს დგას ასეთ შეფასებასთან. საქმე ისაა, რომ დღევანდელი ხელისუფლების ძალადობით დამხობა პირდაპირ ანგრევს საქართველოს პოლიტიკურ მომავალს, რითაც კარგად სარგებლობს „ქართული ოცნება“ - მმართველმა გუნდმა კარგად იცის: უმრავლესობა ხმას იმიტომ აძლევს არჩევნებში, რომ ფაშისტურ-„ნაციონალური“ რეჟიმი არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში! სხვა დანარჩენი, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ კომპონენტებს: ჩვენთანაც ძალიან დაბალია პოლიტიკური კულტურა, „ბუქსაობს“ კანონის უზენაესობა (კრიმინალური ოპოზიცია თავიანთ დაბოლილ და მოსყიდულ მხარდამჭერებიანად შესანიშნავად დაკუნტრუშობენ), რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, იმდენად სუსტია, სალაპარაკოდაც არ ღირს!
რაც ყველაზე სიმპტომატურია, სახელმწიფოს არა აქვს საკუთარი იდეოლოგია - „ქართული ოცნების“ მხრიდან კონსერვატიული იდეების პროპაგანდა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ქვეყანას ტრადიციული ღირებულებების უპირობო დაცვისკენ აქვს კურსი აღებული. ეს რომ ასე არ არის, ამ რამდენიმე დღის წინ ლისის ე.წ. ფესტივალმაც დაადასტურა (აქ არა მარტო გეწაძის „პერფორმანსი“ იგულისხმება).
დიახ, ქვეყანას არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო (ეროვნული) იდეოლოგია, ანუ შეხედულებათა ერთობლიობა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაკანონდება და საზოგადოების ნორმად იქნება აღიარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არა აქვს კომპასი, რომელიც სწორი მიმართულებით სვლაში დაგვეხმარება.
თუ ობიექტური ვიქნებით, „ნაციონალური“ რეჟიმის პოლიტიკური (ლიბერალური) სისტემა ჩოხასავით მორგო „ქართულმა ოცნებამაც“, ოღონდ, ფაშისტური ელემენტების გარეშე. ძველი რეჟიმისგან განსხვავებით, ესენი უფრო ლოიალურები არიან - ხელისუფლება ლოიალურია ყოფილი კრიმინალური რეჟიმის მიმართაც, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობს არსებული რეჟიმის დამხობას და ხელისუფლებაში დაბრუნებას!
გვჭირდება თუ არა ეროვნული (სახელმწიფო) იდეოლოგია?!
დიახ, ეროვნული (სახელმწიფო) იდეოლოგიის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ვფიქრობ, საქართველოში მოიძებნება ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ეროვნულ (სახელმწიფო) იდეოლოგიას შეიმუშავებს. თუმცა, ამისთვის, როგორც ხელისუფლების, ასევე, საზოგადოების მტკიცე ნებაა საჭირო.
დროა დავიწყოთ დისკუსია.
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი