ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: არჩევნები არა... კვახი! ანუ, რატომ არ ვიყარე კენჭი თბილისის მერის არჩევნებში?!

ზაურ ნაჭყებია: არჩევნები არა... კვახი! ანუ, რატომ არ ვიყარე კენჭი თბილისის მერის არჩევნებში?!

ამ სამიოდე თვის წინ სტატიაში „თუ თბილისელების ნება იქნება, ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებაც შეიძლება“ ვწერდი

(http://iverioni.com.ge/16391-zaur-natcyebia-thu-thbiliselebis-neba-iqneba-khelisuflebis-kandidatis-damarckhebac-sheidzleba.html), რომ სურვილი მქონდა კენჭი მეყარა თბილისის მერის არჩევნებში. სტატიაში ხაზგასმით ვსაუბრობდი იმაზეც, თუ რამ მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება და რა წინაპირობები იქნებოდა საჭირო გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, სტატიას არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა: ზოგში ჩემმა „ახირებამ“ ქარის წისქვილებთან მებრძოლი დონ-კიხოტის ასოციაცია გააჩინა, ზოგმა კი გადაჭარბებულ ამბიციად ჩამითვალა.

 

ოპონენტთა მთავარი არგუმენტი უფულობა და საკუთარი გუნდის არარსებობა იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სახელისუფლებო მონსტრთან (ფული, ადმინისტრაციული რესურსები) პაექრობას უბრალოდ აზრი არ ჰქონდა!

 

ფული რომ არ მქონდა და არც მისი შოვნის პერსპექტივა ჩანდა, ეს წინასწარვე ვიცოდი, მაგრამ, სურვილი მქონდა ჩამეტარებინა ერთგვარი ექსპერიმენტი _ რამდენად შესაძლებელია საქართველოში უფულოდ, ყოველგვარი ადმინისტრაციული რესურსების (ხელისუფლების) და ე.წ. პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე საარჩევნო მარათონში მონაწილეობა?!

 

ამ შემთხვევაში ჩემი კოზირი უნდა ყოფილიყო ის საარჩევნო პროგრამა და ქალაქის განვითარების სტრატეგია, რომლის შექმნაზე მუშაობა არჩევნების დანიშვნამდე გაცილებით ადრე დავიწყე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთ კანდიდატს მსგავსი საარჩევნო სტრატეგია (პროგრამა და დედაქალაქის განვითარების კონცეფცია) არ ექნებოდა, ვფიქრობდი, რაღაც სერიოზულ განაცხადს გავაკეთებდი (გამარჯვების ილუზია, რა თქმა უნდა, არც მქონდა), რაც ჩემი შემდგომი პოლიტიკური აქტიურობისთვის დამატებითი იმპულსი იქნებოდა.

 

რაც არ უნდა კარგი საარჩევნო პროგრამა გქონდეს,  ამომრჩევლებში თუ ვერ „გაყიდე“, კაპიკია მისი ფასი! აქედან გამომდინარე, დავიწყე კვლევა: რა უნდა ამომრჩეველს, რისთვის არის იგი მზად, აქვს თუ არა სიახლის (სიტუაციის არსებითად შეცვლის) სურვილი?!

 

ვერ ვიტყვი, რომ კვლევის შედეგები კატასტროფულად მოულოდნელი იყო ჩემთვის _ ჩემი დაკვირვებით, ამომრჩეველთა ერთ ნაწილს არც აინტერესებს, ვინ მოვა დედაქალაქის სათავეში, ხოლო, მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ მას „არავინ არაფერს ეკითხება“ და თბილისის მერი იქნება ის, ვისაც ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ!

 

ანუ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, „ქართული ოცნების“ კანდიდატი _ კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატურაა!

 

რჩება საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც მარტივ მამრავლებად დაშლილი „ნაცმოძრაობის“ (სახელის შეცვლას აზრი არა აქვს) კანდიდატურების მხარდაჭერის ვალდებულებითაა დატვირთული, თუმცა, კარგად იციან, რომ ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს. სხვათაშორის, იგივე ბედი ელის ფორმალურად დამოუკიდებელ კანდიდატს _ ალეკო ელისაშვილსაც!

 

არ ჩამეთვლება გადაჭარბებაში თუ ვიტყვი, რომ ყველა კანდიდატი ერთი მასალისგანაა ჩამოქნილი, რადგან, არცერთი პოლიტიკური პარტიის თუ წარდგენილი კანდიდატების მიღმა ქართული (საქართველოს) ინტერესები არ იკითხება! არც ერთ მათგანს არა აქვს სწორი (სახელმწიფოებრივი) ხედვა და სახელმწიფოებრივი იდეოლოგია, რომელსაც ხშირად ეროვნულ იდეოლოგიასაც ვეძახით-ხოლმე.

 

დიახ, ყველა მათგანი უცხოეურ თესლზეა აღმოცენებული (უცხოეთიდან იკვებებიან) და მათი მიზანი თავსმოხვეული ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ (ნებისმიერ იერარქიაზე) მაქსიმალური კომფორტის (სარგებლის) მიღებაა!..

 

ასე იყო ადრე, ასეა დღეს და ასევე იქნება მომავალშიც, თუ საზოგადოების ინერტულობა საზოგადოების აქტიურობით არ შეიცვალა!

 

მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ დღეს ცარიელი ხელებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეიძლება, მაგრამ, ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოსაყვანად მთავარი რესურსი ფული ნამდვილად არ არის _ ეს რომ ასეა, 2012 წლის არჩევნებმაც დაადასტურა, როცა საზოგადოების აქტიურობამ ისეთი მონსტრიც კი მიაყენა კუთხეში, როგორიც ორგანიზაციულად და ფინანსურად უზრუნველყოფილი „ნაცმოძრაობა“ იყო.

 

ვფიქრობ, არც არსებული საარჩევნო გარემო და საარჩევნო ტექნოლოგიები იქნება გადაულახავი ბარიერი, თუ საზოგადოება საკუთარ უფლებებს გამოიყენებს და საკუთარ ხმებს დაიცავს (რაც შეეხება უფლებას, ამას ლანგრით არცერთი ხელისუფლება არ მოგვართმევს _ ეს თავად უნდა მოვიპოვოთ)!

 

ამ შემთხვევაში ჩვენი ყველაზე დიდი მტერი საზოგადოებაში მყარად ჩაკირული ლოზუნგია: „მაინც გააყალბებენ“, „მაინც არავინ არაფერს გვეკითხება“.

 

ვსვამ ლოგიკურ კითხვას: რატომ ვერ გააყალბეს ტოტალურად არჩევნები 2012 წელს და რატომ არ ჩაიწერა ტრიუმფალური გამარჯვება „ნაცმოძრაობამ“?! იმიტომ, რომ ხალხის განწყობა იმდენად აგრესიული და იმდენად პრინციპული იყო, უარესის შეეშინდათ!

 

დასკვნა მარტივია: ხალხი ყველაზე დიდი ძალაა და „ბოროტი მანქანებიც“ კი მის ნებას ემორჩილება!

 

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ქართული საზოგადოება პირში თითქმის ჩალაგამოვლებული დარჩა, ხალხს მაინც ჰგონია, რომ „შავი ურჩხული“ („ნაცმოძრაობა“) ნეიტრალიზებულია და იგი ჰუმანურმა ხელისუფლებამ შეცვალა, რომელიც სულს არ გვხდის და „ნაციონალებივით“ არ გვექცევა _ ქუჩაში ადამიანებს არ ხვრეტს, ციხეებში პატიმრებს ცოცხით არ უმასპინძლდება, ბიზნესს არ ატერორებს!

 

ამჯერად უფრო შორს არ წავალ, თუმცა, ერთი სიტყვით ვიტყვი: დღევანდელი ანტიქართული ინიციატივებით (ახლად მიღებული კონსტიტუცია და სხვა ანტიქართული კანონები) სახელმწიფოს ისედაც მორყეულ ბალავარს საყრდენი საბოლოოდ ეცლება!

 

 

რატომ არ ვიყარე კენჭი თბილისის მერის არჩევნებში?!

 

პესიმისტი არ ვარ, მაგრამ არც ჰაერში დავფარფატებ _ ყოველთვის რეალურად (ობიექტურად) ვაფასებ არსებულ რეალობას (საკუთარ შესაძლებლობებს) და საბოლოო გადაწყვეტილებებს ინტუიციის კარნახითა და ლოგიკაზე დაყრდნობით ვიღებ _ ინტუიციამ და სიტუაციის ობიექტურმა შეფასებამ კი იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ საქართველოში არანაირ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს!

 

ჯერ ერთი, ყველა დონის არჩევნები ფარსია და იგი მხოლოდ მმართველი ელიტის ნებას ემსახურება. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელისუფლებო იერარქიის არც ერთ კიბეზე განსხვავებულად (სახელმწიფოებრივად) მოაზროვნე ადამიანები არ მოვიდნენ!

 

სხვებისგან განსხვავებით, მე არ მიმაჩნია, რომ თუ ფული არ გაქვს, არჩევნებს ვერ მოიგებ. ზემოთ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: ფული რომ არ არის მთავარი პოლიტიკური მონსტრის შესაცვლელად, ეს 2012 წლის არჩევნებმაც დაადასტურა _ ხალხმა შეცვალა მოფაშისტო რეჟიმი, მაგრამ იმის იქით ვერ წავიდა _ მან სახელმწიფოს სადავეები იგივე პოლიტიკური ორიენტაციის ძალებს უკონტროლოდ ჩააბარა, რომლებიც ასევე ზედმიწევნით ასრულებენ გლობალისტური ძალების ინსტრუქციებს და არანაირი სურვილიც არა აქვთ ცოტათი მაინც შეარბილონ ხელოვნურად დამძიმებული პროცესები.

 

მან (ხალხმა) ვერ გააცნობიერა, რომ ამ „სასტიკ“ ორთაბრძოლაში მხოლოდ დემოკრატიული ფასადის (ჭანჭიკის) როლი შეასრულა და ისეთივე მოტყუებული დარჩა, როგორც სხვა დროს რჩებოდა-ხოლმე!

 

სამწუხაროდ, მისი უდიდებულესობა ხალხი, საკუთარ მისიას ვერც  დღეს აცნობიერებს _ იმას, რა სიბინძურე და თვალთმაქცობაც ჩვენს გარშემო ხდება, ობიექტური კანონზომიერებებით ხსნის და სურვილიც არა აქვს, რამე შეცვალოს!

 

როცა თბილისელ ამომრჩევლებს ვეკითხებოდი, რატომ უნდა გაიმარჯვოს კახა კალაძემ, რატომ არის იგი უალტერნატივო კანდიდატურა, პასუხები იმდენად უსუსური და აბსურდული იყო, აქ დასაწერადაც არ ღირს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რატომ არ უნდა იყოს ოფიციალური მილიონერი (პარტიულ კუთვნილებაზე არაფერს ვამბობ) დედაქალაქის მერი, რატომ იბრძვის იგი ამ სადავის ხელში ჩასაგდებად და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს თბილისელების „არჩევანი“ უახლოეს მომავალში?!

 

სწორედ ამომრჩეველთა (სახელი პირობითია) ინეტულობამ, უსაფუძვლო ილუზიებმა და სხვა ფაქტორებმა მიმაღებინეს გადაწყვეტილება _ არ მეყარა კენჭი თბილისის მერის არჩევნებში.

 

დაკვირვებებმა დამარწმუნა იმაშიც, რომ საქართველოში არანაირ არჩევნებს აზრი არა აქვს, რადგან, არჩევნების მთავარი ფაქტორი _ ამომრჩეველი ფორმალურად ქცეულ უფლებებს არა თუ ვერ იყენებს, არამედ, საკუთარ ფუნქციასაც ვერ ხედავს ამ საარჩევნო მარათონში!

 

დამარწმუნა იმაშიც, რომ მალე ეს ფორმალიზმიც (საარჩევნო ციებ-ცხელება) არ იქნება საჭირო და ხალხს ფორმალურადაც კი არავინ არაფერს შეეკითხება...

 

დამარწმუნა იმაშიც, რომ თავსმოხვეული დემოკრატია ისეთივე ბლეფია, როგორც „არჩევნებით“ მოსული ხელისუფლება, რადგან, დემოკრატია, რომელიც ყველაფრის უფლებას გაძლევს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გაკისრებს, სამყაროს კატასტროფისკენ მიაქანებს!

 

მაპატიეთ და გულისამრევია ის ლოზუნგები და ყალბი დაპირებები, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებისგან იფრქვევა დედაქალაქის სივრცეში. ნუთუ არ დავიღალეთ ამდენი სიცრუითა და ყალბი დაპირებებით?! (ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ ათეული წლებია სწორედ ამ დაპირებებით ვიკვებებით და როცა აღმოვაჩენთ, რომ გაგვაცურეს, იხტიბარს მაინც არ ვიტეხთ _ ვფიქრობ, ასე გაგრძელდება დაუსრულებლად)!

 

კითხვაზე: ვიღაცამ ხომ უნდა მართოს ქვეყანა? ამაზე მე ერთხელ სოციალურ ქსელში კონკრეტული პასუხი გავეცი: ქვეყანა ვიღაცამ კი არა, პროფესიონალებმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა მართონ და სწორედ საზოგადოება უნდა იყოს დაინტერესებული ასეთი ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში. დღეს ეს არც ერთ დონეზე არ იგრძნობა _ ახლანდელი ადგილობრივი არჩევნებიც ამის დასტურია!

 

იდრე ხალხს ამაზე მოთხოვნილება არ გაუჩნდება, არჩევნები ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ მოვლენად ჩაითვლება, რადგან, ასარჩევიც არავინაა, ხოლო, „არჩეულები“ ეშმაკს და მხოლოდ საკუთარ სტომაქს ემსახურებიან!

 

აქედან გამომდინარე, ხმამაღლა ვიტყვი: არჩევნები არა... კვახი!

 

P.S. დავუშვათ, ჩემი პოლიტიკური მწრამსის ადამიანმა გაიმარჯვა არჩევნებში. რა უნდა გააკეთოს ამ პოლიტიკური სისტემის პირობებში? არც არაფერი _ საკუთარ ტყავშიც რომ გაძვრეს, თუ გუნდი არ ეყოლება და სისტემა სიტუაციის არსებითად შეცვლის საშუალებას არ მისცემს, მისი ყველა მცდელობა მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება.

 

ამიტომაც ვამბობ, რომ დღეს საქართველოში არჩევნებში ასეთი პასიური მონაწილეობა ღალატის ტოლფასია _ ჩვენ ჩვენი ინერტულობით უზნეობის დაკანონებაზე ვაწერთ ხელს!

 

9-10-2017, 15:33
უკან დაბრუნება